პრეზიდენტი ჯეიმს აპატურაის - საქართველოს ნატოში წინსვლის გზაზე თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ, რისთვისაც მადლობას გიხდით!

საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი დღეს ორბელიანების სასახლეში პირადად გადასცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო მხოლოდ იმ უცხოელებს ენიჭებათ, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარების საქმეში.

„პრაქტიკულად მე-11 წელია, რაც ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელია, ჩვენს რეგიონს კურირებს და ნატო-ს სტრუქტურებში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ როგორც საქართველოს მეგობარი. 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში და უფრო მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში. 

სწორედ ესაა ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლის თავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ მხოლოდ იმ უცხოელებს ვანიჭებთ, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს პოპულარიზაციში, თქვენ შემთხვევაში კი, საქართველოს უსაფრთხოებაში.

ის გზა, რაც ჩვენ ამ წლებში ნატო-ს მიმართულებით გავიარეთ ძალიან სერიოზული წარმატებების გზაა. ბოლოს ჩვენ 14 ივნისის სამიტზე ამ წარმატებული სვლის აღიარება ვნახეთ და ის, თუ რამდენად შორს წავედით ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რომელიც ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფებაა. ეს გზა წინ მიდის, რაშიც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ იმ კუთხით, რომ გაჩნდა ნდობა საქართველოს მიმართ. თვით საქართველოში ჩატარდა არაერთი წვრთნა, რომლის მიზანიც ჩვენი სტანდარტების ამაღლება და თავსებადობის გაზრდაა. 

ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა და დღეს ღია კართან ძალიან ახლოს ყოფნა (და ვიცით, რომ ამას შეიძლება კიდევ რაღაც დრო დასჭირდეს) პრაქტიკულად უკვე ამ ოჯახში ყოფნაა.

მთავარია ჩვენი ყოველდღიური და ძალიან კონკრეტული თანამშრომლობა. ყველა დარგში ჩვენი თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილი უსაფრთხოების განცდას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. 

დღეს ჩვენ მადლობას გიხდით არა მხოლოდ ამ მეგობრობისთვის, მინდა ასევე გთხოვოთ (და ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი დადებითი იქნება) რომ დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციითაც და ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ნატო-ს ურთიერთობებისთვის. თქვენ ახლა ჩაიბარებთ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას სწორედ იმ საკითხებში, ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოების საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ნატო-ს ყველა წევრისთვის დღევანდელ დღეს ახალ, საერთო გამოწვევას წარმოადგენს.

ძნელია განასხვავო ამ გამოწვევების წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყნები და ვიცით, რომ ყველა ამ გამოწვევას ერთად, ძლიერად უნდა დავხვდეთ.

ამ ახალ ეპოქაში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს (ვარ წინასწარ მადლობელი) და ვიცით, რომ ბრიუსელში გვეყოლება ისეთივე მეგობარი, როგორიც იყო აქამდე ამ დღევანდელ თანამდებობაზე. 

მინდა, ამ ახალ თანამდებობაზე ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი. ძალიან დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ჯილდოსა და დაფასებისათვის.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ პატივისთვის. ეს უდიდესი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია და სავარაუდოდ, უდიდეს ჯილდოდ დარჩება, რომელიც მიმიღია. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის! 

ამ ჯილდოს ვიღებ არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ ნატო-სა და ყველა იმ ჩემი კოლეგის სახელითაც, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს საქართველოსათვის და კვლავ ასე განაგრძობენ მუშაობას. 

მინდა სამ საკითხს გავუსვა ხაზი: პირველი ძალიან დიდი მადლობა. მეორე, მსურს გამოვეხმაურო იმ პროგრესს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ვადა იწურება, ვიხსენებ, როგორი იყო საქართველო, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ. 

პირველ რიგში, ეს შესანიშნავი ვიზიტი იყო, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი იქნებოდა, თუმცა შემდეგ დასრულდა მთებში დალევით. მე გავიაზრე, რამდენად სასიამოვნოა აქ ყოფნა, თუმცა შემდეგ ისიც გავიაზრე, რომ ამ ქვეყნის ხალხმა ცივილური არჩევანი გააკეთა - დასავლეთის ნაწილად ყოფნა. ეს პირველივე დღიდან დავინახე და დღესაც ვხედავ. 

თუმცა ასევე, ნათლად ვხედავ, რომ საქართველო არსებითად წინ წაიწია ნატო-ს წევრობისაკენ და როგორც იცით, ზოგჯერ არის ნარატივი - ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ შევდივართ, არაფერი ხდება, თუმცა, როდესაც დღეს საქართველოს ვუყურებ, ვხედავ მაღალპროფესიონალურ, გაწვრთნილ, გამოცდილ, პროფესიონალ, თავსებად შეიარაღებულ ძალებს ასევე, კარგად ფუნქციონირებად თავდაცვის სამინისტროს, კარგად ფუნქციონირებად დაზვერვის სამსახურს. ვხედავ ნატო-ს ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურ წვრთნებს, ინსტიტუციების შენებას.

ამერიკის ძალები ტრანზიტს ახორციელებენ და ვარჯიშებს გადიან აქ, ნატო გადის წვრთნებს, ნატო-ს გემები პორტში დგანან, ეს ყოველდღიურად ხდება. და ყოველი დღე როდესაც საქართველოს ძალები ჩვენ ძალებთან ერთად მუშაობენ, მათ მეტად შესწევთ უნარი დაიცვან ამ ქვეყნის ტერიტორია, ის რეფორმები კი, რომლებსაც თავად ქართველი ხალხი ატარებს ალიანსის დემოკრატიული სტანდარტებისაკენ სვლისათვის ეხმარებიან საქართველოს ნატო-საკენ სვლაში. ეს ხდება და მე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს, რომ ცვლილება განხორციელდა, ახლაც ხორციელდება და განაგრძოს განხორციელებას და მე კი მის მხარდაჭერას! 

მესამე და ბოლო საკითხი, რაც მსურს აღვნიშნო, არის ის თუ რამდენად ვცემ პატივს და აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნითა და მისი ხალხით. 

ძალიან მარტივი იქნებოდა სხვა გზის არჩევა, უფრო მარტივი გზის, რათა ამ რეგიონის უსაფრთხოების სირთულეები მოეგვარებინა და სხვა მიმართულებით შებრუნებულიყო, მაგრამ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, სურთ ევროკავშირსა და ნატო-სკენ სვლა. 

და თუ რამე ვისწავლე ქართველების შესახებ არის, ის რომ ისინი ჯიუტები არიან. ქართველები არ ნებდებიან, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, სანამ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ, რაც ამ შემთხვევაში დასავლური ოჯახის წევრობაა, არა მხოლოდ გაზიარებული ღირებულებების, არამედ ინსტიტუციების კონტექსტშიც.  

როგორც თქვენ მთხოვეთ, მე გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ საქართველოს სახლი ჩვენთან ერთადაა, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენ თქვენის. 

ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე დავბრუნდები, თუმცა ასევე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნატო განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რასაც თქვენ ეწევით - რათა იყოთ დაცული, გქონდეთ ტერიტორიული მთლიანობა და ნატოსკენ სვლისა და კარში შესასვლელად.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“ - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო