საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ბელგიურ გამოცემასთან La Libre

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს კურსს და რუსეთს მასთან ადაპტირება მოუწევს

ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უმთავრესი პრიორიტეტია და მას ნაკლებად აინტერესებს, რას ფიქრობს მოსკოვი.

სალომე ზურაბიშვილს გამორჩეული კარიერა აქვს: დაიბადა საფრანგეთში, გახდა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქმის 40 წლიანი დიპლომატიური კარიერის შემდეგ. თავის ევროპულ კარიერას ის საქართველოსათვის გამორჩეულ აქტივად ხედავს.

„ამასთანავე მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ემიგრაციას, რომელმაც საქართველო 1921 წელს ოკუპაციის შემდეგ დატოვა“, - დასძინა მან. მისი დიდი პაპა და ბებია მათ ქვეყანაში საბჭოთა ძალების შეჭრის შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ საფრანგეთში. „მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის ეს (მისი არჩევა) აღიქმებოდა ისტორიაზე გამარჯვებად და საქართველოს პირველ და მეორე დამოუკიდებლობას შორის უწყვეტობის ფორმად“.

მისი პრიორიტეტების სათავეში ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. მიზეზი რის გამოც გასული კვირის ბოლოს ის ბრიუსელს ესტუმრა. ჩვენ მას შევხვდით.

- საქართველო დიდი ხანია ნატო-ს უახლოვდება და  ამასთანავე საზღვარგარეთ ოპერაციებში მონაწილეობს. რა არის თქვენი არგუმენტები, რითაც მოკავშირეები გაწევრიანების საკითხში უნდა დაარწმუნოთ? იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ გეოგრაფიული საზღვარი გაქვთ რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის.

ჩვენ გადაწყვეტილებასთან ახლოს არ ვართ, თუმცა პროგრესი მუდმივია და მოკავშირეთა მხრიდან მხარდაჭერა იმაზე ერთსულოვანია, ვიდრე ოდესმე.

ენტონი ბლინკენის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რედაქტორის შენიშვნა) განცხადება ნატო-ს გაფართოების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია.

ის ხსნის, რომ ხშირად სახელმწიფოებს ეშინიათ, ახალმა გაფართოებამ რუსეთთან აქცენტირებული კონფრონტაცია არ წარმოქმნას, თუმცა, კონფლიქტები არასდროს წარმოიშვება გაფართოების მიზეზით, არამედ პირიქით, ისეთ ადგილებში, სადაც არ არის გაფართოება, გარკვეულწილად ნაცრისფერ ზონებში.

სწორედ ასეთია ჩემი კონცეფცია რუსეთის პოლიტიკის მიმართ. რუსეთს გაფართოებისაკენ მუდმივი მიდრეკილება აქვს, რომელიც რუსეთის იმპერიიდან და მისი ისტორიული პრაქტიკიდან მოდის. გაფართოების ამგვარი ინსტინქტის (რომ არაფერი ვთქვათ აგრესიაზე) აღსაკვეთად საუკეთესო გზა მკაფიო საზღვრების ქონაა. ჩვენ ეს ვიხილეთ ნატო-ს გაფართოებით, ბალტიის და სხვა ქვეყნების მაგალითზე. იმ დროს წევრი სახელმწიფოები მერყეობდნენ. ყველა ამბობდა, რომ ეს იქნებოდა საშინელება. მე ამ დისკუსიის თვითმხილველი ვიყავი, იმ დროისათვის მეორე მხრიდან, (როგორც ფრანგი დიპლომატი, რედაქტორის შენიშვნა).

რუსეთთან მიმართებით ყველაზე რთული „გაჩერებები და ძვრებია“. ასეთ მომენტებში, რუსეთს აქვს შთაბეჭდილება, რომ შეუძლია განხილვაში ჩაერთოს, მოახდინოს ზეწოლა, გარკვეულწილად წარმოაჩინოს კუნთები და წინასწარ შეეცადოს შთაბეჭდილების მოხდენას.

- რუსეთმა ძალიან ცუდად მიიღო ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება, ის დღესაც აშშ-ს ადანაშაულებს იმ პირობის დარღვევაში, რომ ალიანსი არ გაფართოვდებოდა...

რუსები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ყველა მათ ღალატობს და არასდროს ხედავენ საკუთარ ღალატს. სერგეი ლავროვთან ჩემი პირველი საუბრის თემაც სწორედ ეს იყო (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რედაქტორის შენიშვნა), როდესაც ჩვენ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ. მან მკითხა: „თქვენ ეს მოლაპარაკებები ჩვენს დასამცირებლად და გარკვეულწილად გასაგდებად დაიწყეთ?“ მე მას შეკითხვა დავუბრუნე: „ამ მოლაპარაკებასაც იმისთვის ვიწყებთ, რომ მივიღოთ შეთანხმება, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი ყველა შეთანხმების მსგავსად დაირღვევა თუ არა?“ თუმცა, ეს მოლაპარაკება არ აღმოჩნდა რუსეთისათვის დამცირება და უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმება განხორციელდა. ყველა თვალსაზრისით ეს გამონაკლისი იყო. გაგრძელება სამწუხაროდ არ იყო ის, რაც შეიძლება რომ ყოფილიყო. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ არის სამხედრო ბაზები, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ სამხედრო ბაზების გამრავლებას.

- რუსეთი თავის პაიკებს მეზობელ ქვეყნებშიც ათავსებს. მას სომხეთში აქვს სამხედრო ბაზა და განლაგებული ჰყავს მშვიდობისმყოფელთა ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში ცოტა ხნის წინ მომხდარი ომის შემდეგ... ეს ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში?

გლობალური თვალსაზრისით, ეს არ ცვლის საკითხებს, რადგან რუსები უკვე ყველგან არიან წარმოდგენილნი, თუმცა, სიმბოლურად, ეს განახლებული წარმომადგენლობითობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ნატოელ და ევროკავშირელ პარტნიორებს შორის, არ არის ის განცდა, რომ რუსეთმა მთლიანად დაიკავა ეს სივრცე. პირიქით, ევროკავშირისათვის სწორედ ახლაა მომენტი, რომ მონაწილეობა მიიღოს  ამ სამშვიდობო პროცესში, რომელიც ახლა დაიწყო.

ამ დროისათვის, ცეცხლის შეწყვეტილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მიღებული როგორც ნიშანი იმისა, რომ ამ საკითხიდან მათი გამოთიშვა უკეთესი იქნება. პირიქით, ეს ყველასათვის ამ პროცესში ხელახლა ჩართვის სიგნალია.

- როგორაა შესაძლებელი საქართველოსათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევა ისე, რომ ეს რუსეთმა შეურაცხყოფად არ მიიღოს, რომელიც რეგიონს გარკვეულწილად თავის ეზოდ აღიქვამს?

რუსეთი საქართველოს თავის ეზოდ აღარ აღიქვამს - ეს დასრულდა. ორი ტერიტორიის (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციის ერთ-ერთი მიზანი საქართველოსთვის დემოკრატიზაციისა და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე ხელის შეშლა იყო.

ეს რუსეთისათვის დიდი მარცხია. ჩვენ არ გვაღელვებს ის  შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს თუ არა. რაც შეეძლო რომ გაეკეთებინა, უკვე მოიმოქმედა. მას აღარ აქვს, ან ძალიან მცირედად აქვს საქართველოზე ეკონომიკური ბერკეტი, მაგრამ ტერიტორიულ ბერკეტებს ნებისმიერ შემთხვევაში იყენებს. ჩვენ მშვიდად ვაყალიბებთ ჩვენს გზას და რუსეთს მოუწევს ამასთან ადაპტირება.

- თქვენ რა პოზიცია დაიჭირეთ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ინტერვენციისას, რამაც თქვენს ორ მეზობელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გამოიწვია?

ჩვენ სრულად ნეიტრალური პოზიცია გვაქვს, ჩვენს ორ მეზობელთან კი, ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს. ეს არის ისტორიული, კულტურული და რელიგიური ურთიერთობები სომხეთთან; ეკონომიკური და ისტორიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან.

ჩვენ არ შეგვიძლია და არც იმის სურვილი გვაქვს, რომ ერთის, ან მეორის მხარე დავიჭიროთ. კონფლიქტი ტრაგედიაა, რომელიც ძირს უთხრის ამ რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას.

ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ არანაირ სამხედრო ტრანსპორტს არ გავატარებდით. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენ იმის შესაძლებლობა არ გვქონდა, რომ დაგვემოწმებინა, გამოყენებული იყო თუ არა სამოქალაქო ტრანსპორტი სხვა რამისთვის... ერთიც და მეორეც სხვადასხვა მარშრუტით მარაგდებოდა, სომხეთი რუსეთის მიერ, აზერბაიჯანი კი, თურქეთის მიერ. ჩვენ შევძელით ჩვენი ნეიტრალურობის შენარჩუნება და თავიდან ავიცილეთ ის, რაც შესაძლოა, ყველაზე მძიმე ყოფილიყო - კონფლიქტის ნებისმიერი სახით ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელება აზერბაიჯანული და სომხური თემის გზით, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში.

ერთადერთი რაც ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ სწრაფად, ეს იყო ის, რომ თბილისი, არა მედიაციის, არამედ განხილვის, დიალოგისა და მსჯელობის დაწყების ადგილად შევთავაზეთ. სინამდვილეში ეს იყო მინსკის ჯგუფისაკენ (ეუთოს შემადგენლობაში პასუხისმგებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, რედაქტორის შენიშვნა) მიმართული მოწოდება, ვისაც შეეძლო ამ შეხვედრის მოწყობა. თუმცა რუსებმა და თურქებმა უფრო სწრაფად აიღეს მართვის სადავეები ხელში, ვიდრე ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა.

- თქვენ არაპირდაპირ აკრიტიკებთ იმას, რომ ევროპელებმა შესაძლებლობა გაუშვეს...

მე არა შეფარვით, არამედ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვაკრიტიკებ!

- რატომ არ გამოიჩინეს მათ მეტი ჩართულობა?

სავარაუდოდ, ეს ამ რეგიონის მიმართ გარკვეულწილად სტრატეგიის ნაკლებობაა და ასევე ის ფაქტი, რომ კოვიდმა ინტერესის ყველა  სხვა სფერო გადაფარა.

- რას ფიქრობთ თურქეთის როლზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაუახლოვდა აზერბაიჯანს. რა როლს თამაშობს ის რეგიონში? და მის სურვილზე, გააფართოვოს თურქულენოვანი ტერიტორია?

ეს იყო თურქეთის პოლიტიკა კავკასიის რესპუბლიკებისა და ცენტრალური აზიის მიმართ, საბჭოთა იმპერიის დასასრულს. ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც თურქეთმა იმ ეპოქისთვის დაამყარა, შეესატყვისებოდა ამ მისწრაფებას - დაემყარებინა კავშირები თურქულენოვან რესპუბლიკებთან. ეს სურვილი ყოველთვის თანმდევია. ახლა კი, შესაძლებლობამ იჩინა თავი. ამასთანავე, ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ მისი მნიშვნელობა მომავლისათვის. თურქეთმა წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა ის უკვე საკმაოდაა წარმოდგენილი საქართველოში - ის ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, ასევეა აზერბაიჯანში. ასევე, ენერგეტიკული ტრანსპორტის დიდი ღერძი უკვე არსებობს.

აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი პროექტები მიანიშნებს მათ სურვილზე, რომ ჰქონდეთ, მათ შორის სომხეთთან, დიდი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა, ჩვენთვის, კონკურენციიდან გამომდინარე, პრობლემური იყოს. თუმცა, ყველაფერი, რაც მიმართულია ამ რეგიონის დიდ ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბებისაკენ ყველასათვის კარგია. ეს ნიშნავს, რომ ყველა მზადაა შევიდეს დიდი სტაბილურობის პერიოდში და ცეცხლის შეწყვეტა ფორმირდება გრძელვადიან შეთანხმებად. ეს ასევე სტიმული იქნება კონფლიქტების დასარეგულირებლად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთშაბათს დაგმო რუსეთი, რომელმაც ხელი არ შეუშალა ძალადობას, 2008 წლის მოკლე კონფლიქტის შემდეგ, მისი „ეფექტური კონტროლის“ ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. როგორ მიიღეთ ეს განაჩენი?

მიიღე ისევე, როგორც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ. ეს ნამდვილად პრეცედენტი და აღიარებაა იმისა, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, იმ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ და განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქეებმა განიცადეს.

ასეთი სახის მხარდაჭერა მორალურად ძალიან დასაფასებელია. ეს ავსებს ყველა იმ მხარდაჭერას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ნატო-ში მივიღე პარასკევს გამართული შეხვედრებისას, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მეტად კონკრეტული მახასიათებელი აქვს, რომელსაც შეუძლია მსვლელობა მისცეს კომპენსაციის მოთხოვნის საკითხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

- თქვენ დღესაც, ზოგჯერ გაკრიტიკებენ კომენტარისთვის - 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი...

მე არასდროს მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები დაიწყო.

მე ამ ქმედებებში ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დავსვი. ეს არის საქართველოს შიდა დისკუსია, რაც ბოლომდე არ განხილულა, თუმცა ერთ დღეს შესაძლოა განვიხილოთ. ჩემს არცერთ განცხადებას, არანაირი გავლენა არ აქვს საერთაშორისო სამართალზე.

საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აგრესორი ყოველთვის იყო რუსეთი, იქნება ეს 1801, 1921, აფხაზეთის ომის პერიოდი (1992-1993 წლებში, რედაქტორის შენიშვნა), თუ 2008 წელი.

- რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ, რომ საქართველოსათვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საბოლოოდ არაა დაკარგული? ჯერ კიდევ შესაძლებელია დიალოგი?

სანამ ყველაფერი არაა დაკარგული, არაფერია დაკარგული! ჩვენი პოლიტიკაა, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას უფასოდ ვთავაზობთ განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ სერვისებს

ეს ის ზომებია, რომლებიც მუშაობს. ამან ასევე გამოიწვია რეაქცია დე ფაქტო ხელისუფლებებისგან, რომლებმაც ჩაკეტეს გამშვები პუნქტები, უნივერსიტეტებში რეგისტრაციის და გამოცდების თარიღების ჩათვლით. მოსახლეობასთან კონტაქტის შენარჩუნების მრავალი საშუალება არსებობს. ჩვენ ამ ორი რეგიონისთვის ევროპასთან, დემოკრატიასა და განვითარებასთან წვდომის ერთადერთი გზა ვართ. პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენს ხელშია ამ შესაძლებლობის მიმზიდველად წარმოჩენა. შესაძლებელია ევროკავშირის მხრიდან დახმარება. რუსული პერსპექტივა არაა ყველაზე მიმზიდველი - ეს იზოლაციაა. დღეს აფხაზეთში რუსეთის მიერ განხორციელებულ ზეწოლის პოლიტიკაზე რეაგირებენ. არ ვიცი, ეს ნიშნავს თუ არა, იმას რომ საქართველოში დაბრუნების კუთხით უფრო დიდი მიმზიდველობაა, თუმცა ნამდვილად არსებობს უკმაყოფილება და იმედგაცრუება იმით, თუ რა შეიძლება მოუტანოს რუსულმა მხარემ რეგიონს.

- არსებობს უკმაყოფილებები აფხაზების მხრიდან, საქართველოს მიმართ უკმაყოფილება ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია...

ეს ზოგადი იდეებია, ვერავინ მათ ვერ გაზომავს. რეალური უკმაყოფილება სწორედ იმის მიმართაა, რაც რუსეთმა მათ დაუწესა თითქმის 30 წელია: გაყინული კონფლიქტები, ღია ომი და მათი შედეგები. ეს ბევრად უფრო სენსიტიურია ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ის წარსული წყენა, რომელიც შესაძლოა არსებობდა და დიდწილად გაღვივებული იყო დამოუკიდებლობის მომენტში.

- წინა ხუთშაბათს თქვენ შეხვდით მეფე ფილიპეს. რა შეიძლება აკავშირებდეთ საქართველოსა და ბელგიას?

ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ. საერთაშორისო ურთიერთობებში, პატარა და საშუალო ქვეყნებს საერთო აქვთ ის, რომ ცდილობენ მათი ხმა გააგონონ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს ერთობლივად,  ევროკავშირის მსგავსად, თუ მაგალითად,  კლიმატის მსგავს გლობალურ თემებზე.

ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ დიდი ქვეყნების მიდგომების დამატებითი მიდგომები. ბელგიას აქვს ეკონომიკური ინტერესი გაიხსნას ამ რეგიონის მიმართ, რომელიც მომავალი დიდი ევროპული ინვესტიციის მატარებელია -  ტრანსპორტის, ციფრული მიმართულებისა და ენერგიის მიმართულებებით.

ჩვენთვის ბელგიას, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ძველი წევრია, აქვს ლეგიტიმურობა და ეს არის ევროკავშირის კულტურული კარიბჭე. 2022-2023-ში „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ბელგიურ გამოცემასთან La Libre

სხვა სიახლეები