პრეზიდენტის ინტერვიუ „ევრონიუს ჯორჯიასთან“

 

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ნუკა კეკელია:

- ქალბატონო პრეზიდენტო, შეთანხმება შედგა. გადალახულია თუ არა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში?

- ვფიქრობ, ჩვენ გადავლახეთ პოლიტიკური კრიზისის პიკი. ეს შეთანხმება ბევრი თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. იგი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ დიდხანს ელოდა პოლიტიკური პროცესების დამშვიდებას საქართველოში და პოლარიზაციის შემცირებას. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არ გამქრალა, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ და ეს შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს.

იგი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რადგან პოლიტიკური ძალები ერთმანეთს აღარ ესაუბრებოდნენ, ახლა კი, ეს დიალოგი განახლდა. მართალია ჯერ პარლამენტს მიღმა, მაგრამ ეს პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი კვლავ იქნება ის ადგილი, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დებატები, სადაც მხარეები შეძლებენ ახალი გზები გამოძებნონ კომპრომისისთვის, ახლა უკვე ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად: ეკონომიკა, საკანონმდებლო რეფორმები, რეფორმები, რომლებიც ჩაწერილია შეთანხმების დოკუმენტში.

იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც დოკუმენტშია ჩაწერილი, ნებისმიერ შემთხვევაში იყო საჭირო, ჩვენი ევროპული გზისთვის. აქ საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ახალ დონეზე აიწევს. მნიშვნელოვანია ასევე, საარჩევნო რეფორმა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში აისახება. იყო გარკვეული რეკომენდაციები ეუთო-ოდირის მიერ, რომლებიც ამ კანონში აქამდე არ იყო ჩართული. ასე რომ ეს ყველაფერი ბიძგს მისცემს საქართველოს იაროს იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ უკვე ვდგავართ და შესაძლოა, დააჩქაროს კიდეც ევროინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს გაცხადებული მიზანია, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი. სწორედ ეს ნაბიჯები და ეს შეთანხმება არის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მიაღწიოს. 

- ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ მხარეებს პოლიტიკური შეთანხმებისთვის მიეღწიათ. თქვენი თქმით, ევროკავშირის ასეთი ჩართულობა უპრეცედენტოა, რატომ აღმოჩნდა დღეს დემოკრატიული საქართველო ევროპისთვის ასე მნიშვნელოვანი?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ევროკავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ფასილიტატორები იყვნენ და მანამდეც იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ საქართველო უყვართ ან მოსწონთ, ამას ინტერესები განაპირობებს. ასეთი დიდი სახელმწიფოები იმ მიმართულებით მოძრაობენ, სადაც სერიოზული ინტერესები იკვეთება და ჩვენთვის რაც არის განსაკუთრებით ყურადსაღები, ის გახლავთ, რომ ეს არის ნიშანი, ნიშანი იმისა რომ ძალიან დიდი ინტერესები არსებობს საქართველოს სტაბილურობის მიმართ, რეგიონის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებებს განიცდის, სადაც ბევრია არასტაბილურობის ელემენტი.

რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი. ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში, გარკვეული დაძაბულობაა შავ ზღვაზეც, ყველა ამ ფაქტორს ითვალისწინებენ ჩვენი პარტნიორები. მათთვის კავკასია ძალიან მნშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს კავშირები ევროკავშირს, შუა აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. ეს არის საკვანძო ადგილი, სადაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განვითარდეს. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სტაბილურობა იქნება და ამ სტაბილურობის ქვაკუთხედი იყო და არის საქართველო. ასე რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეს სტაბილურობა, რადგან აქედან დიდი სარგებელი აქვს. ის ხომ ერთი სტაბილური ქვეყანაა ამხელა რეგიონში, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.

ამ პოლიტიკური დაპირისპირების გამო, ჩვენ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრა. უკიდურესობამდე არ მივსულვართ, მაგრამ ჩვენი პარტნიორები შეშფოთდნენ, რადგან მათი აზრით, ქვეყნის მშენებლობისთვის უფრო მეტი სტაბილურობაა საჭირო. ეკონომიკის განვითარება დიდწილად, სწორედ სტაბილურობას უკავშირდება და სამომავლოდ ყველა სხვა პროექტის ბედსაც სტაბილურობა განაპირობებს. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გზით ევროკავშირმა და ამერიკამ გვითხრეს, თუ როგორი მნიშვნელოვანი ვართ მათთვის. ეს ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და დავაფასოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და ფაქტია, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადიც კი, რაც ბოლო დროს ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მომხდარა. 

- მოლაპარაკებებში თქვენ ყველა ეტაპზე აქტიურად იყავით ჩართული, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, როგორი იყო თქვენი პირადი წვლილი ამ შეთანხმების მიღწევის პროცესში?

- ჩემი წვლილი ამ პროცესში ის იყო, რომ სრულად ინფორმირებული ვყოფილიყავი. პარტიებს შორის მოლაპარაკებებში უშუალოდ არ ვიყავი ჩართული, რადგან ეს არ არის ჩემი ფუნქცია. პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს სხვადასხვა ძალას შორის კამათში, ამიტომ, როდესაც ვითარება დაიძაბა, ნამდვილად კარგი იყო, რომ ფასილიტატორები გარედან ჩაერთნენ. პრეზიდენტმა შეთანხმებისკენ სვლას უნდა შეუწყოს ხელი და სწორედ ასე მოვიქეცი, რამდენჯერმე და საჯაროდ. როცა შეთანხმება შესაძლოა დაიბლოკოს, ასეთ დროს სწორედ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ამ მექანიზმის გამოყენება და სწორედ ეს გავაკეთე, მაგრამ ეს უკვე მოლაპარაკებების ბოლოსკენ მოხდა, როდესაც აშკარა იყო, რომ სულ ერთი ან ორი ნაბიჯი გვაშორებდა შეთანხმებას. ამიტომ ჩავთვალე, რომ არ იყო არცერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს უღირდა გაერისკა და შეთანხმება ჩაეშალა. ამ შეთანხმების განმტკიცებისთვის კი, უამრავი მიზეზი არსებობდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება დაუბრკოლებლად შესრულდება, რომ ნამდვილად გადავალთ შეთანხმების ისეთ მნიშვნელოვან პუნქტებზე, როგორებიცაა, როგორც აღვნიშნე, სასამართლო, საკანონმდებლო და საარჩევნო რეფორმა, რაც დაგვეხმარება, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის მოვემზადოთ, ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც დიდი იმედი მაქვს, ნაკლებად პოლარიზებული იქნება, ვიდრე რომელიმე სხვა არჩევნები წარსულში. 

- ქალბატონო პრეზიდენტო, რას გულისხმობს თქვენი ინიციატივა, რომ ასოცირების შეთანხმებამ სრულყოფილი სახე მიიღოს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად?

​- ეს ინიციატივა გულისხმობს ფორმატს, რომელიც უკვე არსებობს ჩვენი ბათუმის ყოველწლიური კონფერენციის სახით. ასე რომ, წელს სწორედ ეს ინიციატივა განსაზღვრავს კონფერენციის მიმართულებას, რადგან მოცემულ ვითარებაში, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით, როცა სამი ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირისკენ არის მიმართული, მასთან ერთად ცდილობს გაარკვიოს, რა უნდა იყოს დღის წესრიგი ასოცირებული სახელმწიფოებისათვის.

ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ სტაბილურობისთვის. მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა და ძალიან კარგად მიიღეს. ევროკავშირის მხრიდან იყო მინიშნებები, რომ მზად არიან მხარი დაგვიჭირონ პოსტკრიზისურ პერიოდში ეკონომიკის განვითარებისთვის. ახლა დროა წინ წავიწიოთ. სანამ პოლიტიკური კრიზისი იყო, გვითხრეს, რომ არსებობდა სანქციების რისკი, რომ ჩვენს პარტნიორებს შორის ბევრი უკმაყოფილება იყო. ახლა საპირისპირო უნდა დავინახოთ, ჩვენი პარტნიორების კმაყოფილება უნდა დავინახოთ. ის, რომ ისინი მზად არიან მეტი მოგვცენ, ნამდვილად პოზიტიურად დაუჭირონ მხარი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ეს კი, ინვესტიციებს ნიშნავს, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას ნიშნავს, ყველაფერს, რაც ძალიან გვჭირდება რეგიონში კოვიდკრიზისის დაძლევისათვის. აი ეს არის ახლა ჩვენი მოლოდინი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორედ ასე დაგვეხმარებიან. 

- ქალბატონო პრეზიდენტო, ანუ თქვენ თვლით, რომ ყველა მხარე შეასრულებს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს? 

- უნდა შეასრულონ! 

- დიდი მადლობა

- მადლობა თქვენ!

 

 

სხვა სიახლეები