ინტერვიუ Rai Radio 1-თან

მთავარი პრობლემა, რასაკვირველია, უკრაინაში მიმდინარე ომია. მინდა ვიცოდე, როგორ ზემოქმედებას ახდენს ომი საქართველოს მოსახლეობის განწყობაზე. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის, 24 თებერვალი საშინელი დეჟა-ვუს დასაწყისია, სხვებისთვის კი, ის უბრალოდ საქართველოში წლების წინ დაწყებული ომის გაგრძელებაა.

დიახ. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ჯერ რუსეთის იმპერიამ დაგვიპყრო, შემდგომ კი, პირველი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე - საბჭოთა კავშირმა, და ასე გრძელდებოდა 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 2008 წლამდე. ასე რომ, ეს მუდმივად განმეორებადი ისტორიაა.  რასაკვირველია, უკრაინის ომი ძალიან ახლოსაა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ ომები არა მხოლოდ ახლახან, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არსებობის პერიოდში გამოვიარეთ - საუბარია ყირიმსა და დონეცკზე უკრაინის შემთხვევაში, და 2008 წლის ომზე საქართველოს შემთხვევაში - არამედ ჩვენ საერთო წარსულიც გვაერთიანებს. ბოლო ორნახევარი საუკუნის  განმავლობაში მართლაც უამრავი რამ მოხდა, რაც გვაერთიანებს, მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციის უმძიმესი პერიოდი, რეპრესიები, სხვა მოვლენები. ასე რომ, ქართველებსა და უკრაინელებს შორის არა მხოლოდ სოლიდარობის, არამედ ერთიანობის ძლიერი განცდაც არსებობს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილები თავს საკუთარ სახლში გრძნობენ.

ქართველები შიშობენ, რომ თუ რუსული ჯარი გაიმარჯვებს უკრაინაში, მაშინ ომი შესაძლოა საქართველოში კვლავ დაბრუნდეს.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს რუსეთის წარმატების შემთხვევაში, მაგრამ დღეს ეს საეჭვოდ გამოიყურება - ყოველ შემთხვევაში წარმატება იმ გაგებით, რაც რუსეთს თავდაპირველად გააჩნდა. ამ კუთხით, ომი უკვე წაგებულია. მაგრამ თუ რუსეთი ნაწილობრივ წარმატებას მიაღწევს, ან სრულად დამარცხდება, ის შეიძლება შეეცადოს  სახის შენარჩუნებას ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირებით, რომელიც ნაკლებად ძლიერია, როგორც ზომით, ისე რესურსებით. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე: თუ საუბარია შურისძიებაზე, არავინ იცის, თუ სად და როგორ  განახორციელებს რუსეთი ძალის დემონსტრირების შემდგომ მცდელობას. ეს შეიძლება იყოს შვედეთი ან ფინეთი - ანუ ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან ნატოში გაწევრიანებას, ან ნებისმიერი სხვა მოსაზღვრე ქვეყანა. ჩვენ არ შეგვწევს ძალა ვიწინასწარმეტყველოთ ყველაზე უარესი სცენარი, რადგან ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ყველაზე უარეს სცენარში - ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. მაგრამ  ამას არ შეუცვლია ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება განაგრძონ სვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაციის მიმართულებით. ნებისმიერ  შემთხვევაში, სწორედ ეს „შიში“ თუ წუხილი  განამტკიცებს ჩვენს განზრახვას კიდევ უფრო დავაჩქაროთ, და არა შევანელოთ, ჩვენი სვლა ამ გზაზე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დაცულობის უზრუნველყოფა სწორედ ევროკავშირშია  შესაძლებელი, და არა მის გარეთ. 

 გუშინ  მატარელამ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ინტეგრაციას. თვლით თუ არა, რომ გზა, რომელსაც ადგახართ, საშიშია?

ეს ერთადერთი გზაა. ამიტომ, ჩვენ არ ვეკითხებით საკუთარ თავს, საშიშია ის თუ არა.

საშიში არის ის ყოყმანი, რომელსაც ვხედავთ უკრაინაში, სადაც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული საითკენ მივდივართ, რას ვაკეთებთ:  ეს კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის ცდუნებას დაასწროს და ხელი შეუშალოს გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომაც, წინ  მტკიცე ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.  ბედნიერი ვარ, რომ იტალიის მთავრობისა და იტალიის მთავრობის ყველა წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინე ძალიან მკაფიო პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, მინდა უფრო მეტი ვიცოდე ომის ზემოქმდების შესახებ. თქვენ ისაუბრეთ სოლიდარობის შესახებ,  თავად  თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის პოზიცია  აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ბუნდოვანია?

მე ვიტყოდი, რომ მთავრობა უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, წუხილი რუსეთის მოსალოდნელ  ქმედებებთან დაკავშირებით  არის ალბათ  ის, რის მიმართაც ისინი უფრო მეტად სენსიტიურნი არიან. შესაძლოა, რომ მე, როგორც ასაკით მათზე უფროსი პრეზიდენტი, უფრო უკეთ ვიცნობ ადრინდელ მოვლენებს, ასევე უკეთ ვიცნობ ევროპულ გარემოს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩემს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ დასახულ გზაზე უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ. 2018 წლიდან ეს გზა საქართველოს კონსტიტუციითა გარანტირებული, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ჩვენ გავაკეთეთ (ამჟამინდელმა მთავრობამ, და არა მე), და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ გზას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 88 პროცენტი, ეს მაჩვენებელი 80 პროცენტზე დაბლა არასდროს  დაწეულა - ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ეშინია, და თუ ეშინია, ეს კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ  კიდევ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ.

სანქციების დაწესებაზე რას იტყოდით?

აქ საქმე  რეალობის ასახვაში უფროა, ვიდრე თავად რეალობაში.  სინამდვილეში საქართველო ყველაზე რთულ სანქციებს ატარებს, ესაა სვიფტი, საბანკო ბარათები, რუსული ბანკი, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებდა, ქართული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ბორჯომის წყალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი იყო და ამჟამად მისი ექსპორტი შეჩერებულია. ჩვენ ასევე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ რუსეთთან საქართველოს საზღვარს, აღნიშნულ საზღვარზე კონტროლს ევროპული სტრუქტურაც ახორციელებს, რომელიც საბაჟო საკითხებში გვეხმარება. არ მინახავს გადაცდომის ან არამართლზომიერი ქმედების არც ერთი მტკიცებულება - აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ელჩებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობ ამ საკითხზე. ასე რომ ვფიქრობ, საქმე უფრო რიტორიკაშია, რომ სანქციებთან დაკავშირებით თითქოს ბევრი არაფერი კეთდება. სინამდვილეში ჩვენ  ვატარებთ აუცილებელ სანქციებს.

ანუ თქვენ სიფრთხილეს იჩენთ სიტყვებში, მაგრამ პრაქტიკაში...

ვფიქრობ, ამას ისინი აკეთებენ. მე ნაკლებად ფრთხილი ვარ ჩემს სიტყვებში. ხასიათი მაქვს ასეთი.

ივლისში სეპარატისტები რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. მიგაჩნიათ, რომ ამ ომმა რეგიონში მყოფი სეპარატისტები შეაგულიანა?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რეფერენდუმის ჩატარება გაუქმდა. თუმცა, ნებისმიერ დღეს შეიძლება ისევ დაინიშნოს, ეს ყველაფერი კატა-თაგვობანას თამაშს ჰგავს.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამან კი არ შეაგულიანა, არამედ დააფრთხო სეპარატისტები, ვინაიდან მათ დაინახეს, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინის იმ ნაწილებშიც კი, რომლებსაც ის პრო-რუსულად ან რუსულად მიიჩნევს და არანაირ ანგარიშს არ უწევს მათ. ასე რომ, ისინი ალბათ საკუთარ თავს ამ შეკითხვებს უსვამენ. ამასთან, ისინი შიშობდნენ, რომ საქართველო  შექმნილ ვითარებას გამოიყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეტევის განსახორციელბლად და ისარგებლებდა იმ ფაქტით, რომ რუსული ჯარი უკრაინაში სხვა საქმითაა დაკავებული. ასე რომ, აღნიშნულთან მიმართებაში მათ ძალიან გაორებული დამოკიდებულება გააჩნდათ. მე პირადად გავაკეთე რამდენიმე განცხადება, რომ არასწორია,  თითქოს საქართველო აპირებს არსებული სიტუაციით ისარგებლოს და განახორციელოს რაიმე ტიპის საბრძოლო მოქმედებები, ვინაიდან ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და ეს ჩვენი ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას ოკუპირებული ტერიტორიების ხელახლა დასაკავებლად, რადგან ის, რაც ჩვენ გვსურს არის მოსახლეობის გაერთიანება და არა უბრალოდ ტერიტორიების გაერთიანება, რაც როგორც ვიცით,  არ იძლევა იმ საბოლოო შედეგს, რომლის მიღებაც გვსურს. ასე რომ, ჩვენ ახლა სეპარატისტების დარწმუნებას უფრო ვცდილობთ, რაც პარადოქსია.

 

ვფიქრობ ისინიც აფასებენ არსებულ სიტუაციას და მათაც აშფოთებთ ის, რომ რეალურად რუსეთის სივრცეში ყოფნით (თუნდაც რომ ისინი არ იყვნენ ანექსირებული რუსეთის მიერ), მათაც წართმეული აქვთ სვიფტის სისტემით, საბანკო ბარათებით, საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მათ მართებთ დაფიქრება. 

სხვა სიახლეები