ინტერვიუ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან

სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა ვიზიტით პარიზსა და ბრიუსელში და მისი მიზანი იყო მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. გაზეთ FAZ-თან საუბარში ამ კავკასიური ქვეყნის 69 წლის პრეზიდენტი ქალი ასახელებს იმ მიზეზებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ეს მკაფიო სიგნალი გაეგზავნოს ვლადიმერ პუტინს. "უკრაინა ჩვენს სრულ სოლიდარობას იმსახურებს. თუმცა არც მოლდოვასა და საქართველოს დატოვება შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში, ვინაიდან ჩვენც დიდი წნეხის ქვეშ ვართ და არაპირდაპირი საფრთხის ქვეშ ვართ", განაცხადა ზურაბიშვილმა. "რუსეთს დაპყრობილი აქვს ჩვენი სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილი", განაცხადა მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. "რუსეთიდან მომდინარე საფრთხე რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პირდაპირი საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან დღეს მათი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არიან მობილიზებულნი," თქვა მან. " ჩვენ არ ვიცით, სადამდე წვდება პუტინის მადა", გვაფრთხილებს ის, "ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ევროპული სოლიდარობის არსებობა".

ამ ხუთშაბათს ვერსალში გამართულ ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელთა არაფორმალურ შეხვედრაზე განხილული იქნება ამ სამი ქვეყნის გაწევრიანების განაცხადები. ზურაბიშვილი საუბრობს ევროპელთა "ახლებურ ღია მიდგომაზე", რომელმაც უნდა უპასუხოს ქართველთა მისწრაფებას ევროკავშირისაკენ. უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ 2014 წლის ივნისის ბოლოს მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ახლა კი მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ამ სამ ქვეყანას შორის განსხვავებების შემოღება. ქალბატონმა პრეზიდენტმა მოისმინა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გარანტიები უკრაინელების მიმართ, რომ "ისინი ევროპას მიეკუთვნებიან". პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს მიკუთვნებულობის გრძნობა საქართველოზეც ვრცელდება.

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა ბევრი დრო დაკარგა. 1992/93 წლებში საქართველოში მომხდარი ომის შედეგებითაც  ვერ მოხდა დასკვნების გამოტანა. "ეს ომი იყო რუსეთის პასუხი საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ეთნიკური საკითხი იყო უბრალოდ წინა პლანზე წამოწეული მიზეზი", განაცხადა მან.  ზურაბიშვილი დაბადებულია პარიზში, სადაც მან დიპლომატიური კარიერა დაიწყო. მისი წინაპრები 1920-იან წლებში საქართველოდან გაექცნენ ბოლშევიკებს. 2003 წლიდან ზურაბიშვილი იკავებდა საფრანგეთის ელჩის თანამდებობას თბილისში. სწორედ ამ პოზიციაში მოესწრო ის პროდასავლური ორიენტაციის ვარდების რევოლუციას, რომლის შედეგადაც მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან იქნა გადაყენებული. ზურაბიშვილი შეუერთდა რევოლუციის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სწორედ მაშინ დაისახა მან მიზნად, მოემზადებინა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. თუმცა, ოპტიმიზმი დიდხანს არ გაგრძელდა. სააკაშვილმა დაითხოვა მინისტრი 2005 წლის შემოდგომაზე. თავის წიგნში "ქართული ტრაგედია" ის სააკაშვილთან ანგარიშს ასწორებს. უთანხმოება დღემდე არსებობს. ქალბატონი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება მოთხოვნებს, რომ შეიწყალოს კორუფციის გამო დაკავებული ექსპრეზიდენტი. ზურაბიშვილი 2018 წელს გახდა პირველი ქალი, არჩეული  უმაღლესი ხელისუფალის პოსტზე.

ზურაბიშვილი საქართველოს განიხილავს, როგორც ერთგვარ საცდელ სივრცეს პუტინის იმპერიალისტური გეგმებისათვის. საქართველოს სამხედრო ოკუპაციამ 2008 წლის აგვისტოში პუტინს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი მას შეარჩენდა ამ საქციელს. მაგრამ მისმა დამპყრობლურმა სტრატეგიამ არ გაამართლა. ამის უმთავრესი მიზანი იყო, საქართველოს უკან ჩათრევა "რუსულ იმპერიაში". ომი, რუსული სამხედრო ბაზები, რუსიფიკაცია და დაკავებულ ტერიტორიებზე ქართული ენის აკრძალვა, ასევე მცოცავი გზით ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების გადაწევა - ეს ყველაფერი პუტინის ამ ამბიციებს ემსახურება. თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილი შეუდრეკელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის სურვილი კი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. "ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ტოტალური, კიდევ უფრო სასტიკი ნაბიჯია, ვიდრე ის, რაც ჩვენ განვიცადეთ მაშინ", თქვა პრეზიდენტმა. "ჩვენს შემთხვევაში რუსეთი დარწმუნდა, რომ თუ სწრაფად იმოქმედებს, ევროპელებისა და ამერიკელების რეაქციები შეიძლება უმნიშვნელო ყოფილიყო. სავარაუდოდ, ამერიკელების გასვლა ავღანეთიდან ასევე სისუსტედ შეფასდა რუსების მიერ", თქვა პრეზიდენტმა.

სანქციების საკითხს რაც შეეხება, საქართველოს გარკვეულწილად განსხვავებული პოზიცია უკავია. ყველანაირი საავიაციო მიმოსვლა რუსეთთან გაუქმებულია. თბილისს გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან. "ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის ეფექტური ინსტრუმენტები, რომ მოსკოვს სანქციები დავუწესოთ", თქვა მან. ზურაბიშვილი მიუთითებს ასევე იმ სოლიდარობის აქციებზე უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებზეც თბილისში სისტემატიურად გამოდის ათობით ათასი ადამიანი. „მას შემდეგ, რაც რუსეთი ასე სასტიკად დაესხა თავს უკრაინას, რუსეთთან ურთიერთობა აღარასდროს შეიძლება იყოს ძმური", განაცხადა მან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი გამოსცეს. ,,მე ვამაყობ გერმანიით, საფრანგეთით და სხვა პარტნიორებით ევროკავშირში, რადგან მე რეალურ ცვლილებას ვგრძნობ"- თქვა მან. "მათ აეხილათ თვალები". გადაფასება შესაძლოა დაგვიანდეს, მაგრამ რაც მთავარია, ევროპა უკვე აღარ ყოყმანობს. 

ინტერვიუ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან

სხვა სიახლეები