საქართველოს პრეზიდენტი: პუტინი საკუთარ მახეშია მოხვედრილი
შარლ აკეს და ოლივიე პერუს ინტერვიუ
რუსეთის მეზობელი ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, რომ უკრაინაში კონფლიქტი ასუსტებს ვლადიმერ პუტინს და აძლიერებს საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს.
ეს არ არის ვლადიმერ პუტინის პირველი მცდელობა. რუსეთი სწორედ საქართველოს დაესხა თავს 2008 წელს. შეჭრა დედაქალაქთან გაჩერდა, დიპლომატიამ გადაარჩინა ქვეყანა. ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა ხედავს, რომ ისტორია მეორდება უკრაინაში. პუტინის ექსპანსიის სურვილთან დასაპირისპირებლად მას აქვს მოწოდება, რომ მისი ქვეყანა, მოლდოვა და უკრაინა შეუერთდნენ ევროპის მომავალს.
შეიძლება ვლადიმერ პუტინი მაინც გამოძვრეს ამ კონფლიქტიდან?
აუცილებლად იქნება დიპლომატიური დასასრული, მაგრამ პუტინის დამშვიდება უკვე აღარაა შესაძლებელი. ის არ ესწრაფვის დიალოგს, ამ ბოლო დღეებში, ის მხოლოდ ხმას იმაღლებს ბირთვული შეკავების შანტაჟით. ის ფსიქოლოგიურ მუქარას იყენებს და ამით უფრო ცნობილია, ვიდრე ომის კარგ მეთაურად. მან არასწორად გათვალა თავისი სამხედრო ოპერაცია. ის უკრაინის დემორალიზებაზე ფიქრობდა, მაგრამ მან სათანადოდ ვერ შეაფასა ევროპა, უკრაინელები და მათი გამძლეობის უნარი, ისევე როგორც რუსეთის მოსახლეობის რეაქცია.
თქვენ ფიქრობთ რომ ის სუსტია?
არაფერი არ მიდის ისე, როგორც მას ჰქონდა გათვლილი. პუტინის გარემოცვაში ძალთა ბალანსის სწორად შეფასების უუნარობაა, თუმცა ეს კრემლისათვის სტრატეგიული საკითხია. სანქციები მოიმატებს, მათ შორის თავის თავში ძალიან ჩაკეტილ ამ ძალაზე. ცოტა ქვეყანას შეუძლია გაუძლოს ამგვარ ზომებს. მე ვნახე მათი გავლენა ირანზე [სალომე ზურაბიშვილი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ირანის წინააღმდეგ სანქციებზე, რედაქტორის შენიშვნა]. რას გაუკეთებს ვლადიმერ პუტინი თავის ვალუტას, თუ მათ ვეღარ გაცვლის? და სამხედრო ძალისხმევა მას ძვირად დაუჯდება.
დღეს ჩვენი ძალა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერაა.
რა ეფექტი ექნება სანქციებს რუსეთში?
ჩვენ წარსულში უკვე გვინახავს საპროტესტო აქციები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, მაგრამ არასოდეს გვინახავს რუსეთის ამდენ ქალაქში. პუტინი საკუთარ სემანტიკურ ხაფანგში მოხვდა. მას ჰქონდა იდეოლოგიური ლოგორეა იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსეთია, მაგრამ როდესაც საშუალო რუსი ხედავს, რომ მისი ქვეყანა ბომბავს მათ, ვისაც თავისიანად მიიჩნევს, პუტინის საფუძველი სუსტდება. ის ამბობს: ,,ჩვენ ერთი ერი ვართო“ მაგრამ დონბასს ბომბავს!
შიშობთ, რომ პუტინის ექსპანსიონისტური სურვილების „სიაში“ შემდეგი საქართველოა?
თუ რუსეთი რეალობას პირისპირ შეხედავდა, დაინახავდა, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ უარი არ თქვა ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება არ არის რთული: მუდმივი დაძაბულობაა, მძევლების აყვანა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც სამხედრო ბაზებია განთავსებული. შეიძლება მეტი ინციდენტის შიში იყოს, რადგან ორი სეპარატისტული რეჟიმი მობილიზაციის დეკლარირებას ახდენს. მათ ეშინიათ რუსული ძალების სხვა ფრონტებზე გადაყვანის, მაგრამ ჩვენი მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ არის. არ გვინდა ახალი კრიზისების საბაბი მივცეთ. ჩვენ ასევე ვშიშობთ, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში ძლიერებისა და აბსოლუტური ძალაუფლების იმიჯის დემონსტრირებას. ამიტომ, ის შესაძლოა, ეცადოს, რომ ეს სხვაგან გააკეთოს. დღეს საქართველოსთვის მთავარი არა პროგნოზების გაკეთებაა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსული აგრესიის მომავალი გამოვლინება, არამედ ევროპისკენ ჩვენი სვლის კონსოლიდირება, პოლარიზაციისა და შიდა განხეთქილების დაძლევაა. ჩვენი ძალა დღეს ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერაა.
უკვე 2008 წელს საქართველომ მოუწოდა ევროპასა და ნატოს, გაეანალიზებინათ პუტინის საფრთხე, მაგრამ არ გაიგონეს...
მაშინ მობილიზაცია იგივე არ იყო. უკრაინაში ამ ომის დაწყებისას ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, განვითარებულიყო „ქართული“ სცენარი. ანუ ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება პუტინს რამდენიმე ტერიტორიის დაკავების საშუალებას მისცემდა. დღეს [პუტინმა] თავისდა სამწუხაროდ, საბოლოოდ შექმნა ევროპაში ეს ერთიანი თანავარსკვლავედი, დღეს მოცემულობა შეიცვალა. კიევში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოამზადა თავისი პასუხი. მან არაფერი დაიშურა ამ ალყის დროს და მოახდინა საერთაშორისო მედიაკამპანიის მობილიზება. მან გამოცდილება მიიღო საქართველოში და ყირიმში ნანახი სიტუაციიდან, რომლებსაც ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა. და დღეს ევროპაც აღარ არის იგივე. გერმანიაში დოქტრინის ასეთ ცვლილებას არავინ ელოდა. ეს ისტორიული მოვლენაა! ემანუელ მაკრონს, რომელიც უკვე იყო ძლევამოსილი ევროპის გადატვირთვის დიდი ლიდერი, ახლა რეალური პარტნიორის, გერმანიის იმედი შეუძლია ჰქონდეს. ამ ორი ლიდერის გარდა, ასევე არის ძალიან ერთიანი ევროპული ხელმძღვანელობა შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად.
არის თუ არა საქართველოს ახალი ევროპული იმედი?
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა არის. მე კვლავ მხარს ვუჭერ ჩვენს ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი. საუბარი დაახლოებაზე, პერსპექტივაზე და ჰორიზონტზე აღარ არის საკმარისი უკრაინელი, მოლდოველი, ქართველი და აღმოსავლეთ ბალკანეთის მოსახლეობის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ამ კონტექსტში საზიანო იქნება საქართველოსა და მოლდოვას დავიწყება. ეს ვუთხარი ემანუელ მაკრონს.
საფრანგეთი, და თქვენ ეს კარგად იცით, ხედავს მისი საპრეზიდენტო კამპანიის შერყევას. მას ჰყავს კანდიდატები, რომლებსაც პუტინის მიმართ დადებითი დისკურსი აქვთ...
ეს გამოსვლები სკანდალურია და ამ კანდიდატებს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სწორედ ასეთმა გამოსვლებმა აქცია რუსეთი ისეთი, როგორიც დღეს არის. მათი პოპულისტური ფრაზეოლოგია და მათი აღფრთოვანება დიდი ავტორიტარული ლიდერებით, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოხატავს ევროპის ღირსებას.