ინტერვიუ France 2-თან

მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. 2008 წელს თქვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის 20%. დავაზუსტებ ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ თქვენ ხართ ფრანკოფონი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი და ახლა უკვე ქვეყნის მეთაური. რუსული ჯარები დღეს კიევის ბრძოლისთვის ემზადებიან და დიდი სამხედრო კოლონით მიემართებიან უკრაინის დედაქალაქისაკენ. ის, რაც ახლა ხდება არის თუ არა ყველაზე უარესი სცენარი?

ეს ყველაზე უარესი, მაგრამ ის სცენარია, რომელიც აჩვენებს უკრაინელების წინააღმდეგობის ხარისხს ომში, რომელიც  ხუთი დღის წინ დაიწყო, პარადოქსულად, 2008 წლის ომიც საქართველოში ხუთი დღეს გაგრძელდა. ამ ომში გამოიყენება ყველა საშუალება, მათ შორის ფსიქოლოგიური, მისი მიზანია უკრაინის მმართველობის დამარცხება. მე მსურს დავუდასტურო ჩემი და ქართველი ხალხის აღტაცება უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ფეხზე დგას. ის არა მხოლოდ ფეხზე დგას, არამედ უძღვება საოცარ დიპლომატიურ კამპანიას. ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური მოდელია.

თქვენ საუბრობდით უკრაინელების წინააღმდეგობის უნარზე; თქვენ არ გიკვირთ, რომ ისინი ამზადებენ მოლოტოვის კოქტეილებს მათ ხელთ არსებული საშუალებებით, რადგან იარაღი, კონკრეტულად კი ევროპული იარაღი ჯერ არ არის მათთან ჩასული? ის, რომ ჩაბმული არიან წინააღმდეგობაში, მიჰყავთ თავიანთი ოჯახები პოლონეთის საზღვართან და ბრუნდებიან საბრძოლველად?

მე ის მიკვირს, რომ ეს რუსებს აკვირვებს. მათ უნდა ახსოვდეთ ისტორია; უკრაინელები იბრძოდნენ ორ ფრონტზე, ერთდროულად ორი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. თუ ვიცით ეს ისტორია, უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინაში არსებობს განსხვავებული ძალა და ორგანიზაცია. 

თქვენ კარგად იცნობთ ვლადიმერ პუტინის მეთოდებს, ის შემაწუხებელი მეზობელია, ის იყენებს ბირთვული მუქარას. თქვენ ეს გაშინებთ? თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამს? 

ვფიქრობ, რომ როდესაც გვესმის ბირთვული მუქარა, ის ყოველთვის სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ვერ ვიტყვით, რომ ეს არაფერი არ არის...

ზოგი ამბობს რომ ეს ბლეფი, დაშინება, აგიტაციაა..

ეს, კიდევ ერთხელ, ფსიქოლოგიური ომია. უნდა ვიცოდეთ ვლადიმერ პუტინის წარსული; ნათელია, რომ ის ფსიქოლოგიური იარაღით მანიპულირებს, ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ ომში, ვიდრე კლასიკურ, კონვენციურ ომში. ამას ვხედავთ კიდეც; მან ძალიან ცუდად გათვალა. დღეს ვხედავთ, რომ მისი ყველა გათვლა აშკარად მცდარი იყო.

თქვენ ამბობთ რომ დღეს ის გასაჭირშია?

მისი გათვლა უკრაინელების წინააღმდეგობაზე მცდარი იყო, ისევე როგორც მისი გათვლები უკრაინის მთავრობის პოლიტიკური რეაქციების შესახებ. მას სავარაუდოდ ეგონა, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელი ზელენსკი ვერ გაუძლებდა. მისი ყველაზე მცდარი გათვლა ეხება ევროკავშირს. მას ეგონა, რომ გაგრძელდებოდა შიდა დაპირისპირებები და ის ამით ითამაშებდა, და ვფიქრობ რომ მისი გათვლა რომ ატომური მუქარას შეაშინებდა უკრაინელებს, ასევე მცდარია.

დიპლომატები, რომლებიც მას დიდი ხანია იცნობენ თვლიან, რომ ის შეიცვალა, საუბრობენ პარანოიაზე, იზოლაციაზე. თქვენც შენიშნეთ ეს?

მე მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მაქვს. როგორც იცით, არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ამიტომ მე მას მხოლოდ შორიდან ვიცნობ. მე ვიცნობ ლავროვს, რადგან მქონდა მასთან მოლაპარაკებები რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით 2005 წელს. მართლაც, გარედან იგი იძლევა იზოლირებულის შთაბეჭდილებას, მე არ ვიცი ფსიქოლოგიურად შეიცვალა თუ არა, ამისათვის საჭიროა მისი უფრო ახლოს ცნობა. 

ცხადია, რომ ის იზოლირებულია. პუტინის და მისი შეხვედრები, რომლებიც ვნახეთ, გვიჩვენებს, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ეს არ არის ნამდვილი დისკუსია -  ეს დადგმაა! ცხადად ჩანს რომ ვერავინ ვერ უპირისპირდება მის სურვილს, მის ძალაუფლებას და მის გადაწყვეტილებებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. ჯერ კიდევ დისკუსიის დროა?

დისკუსიის დრო ყოველთვის არის. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ დაველოდებით და უკრაინა განადგურდება შეტევებით, რომლებიც ყველა ფრონტზეა გაშლილი, როგორც გვესმის, და გამოყენება, კლასტერული ჭურვებიც. დარტყმები მიმართულია პირდაპირ სამოქალაქო მოსახლეობაზე. 

ამაზე ეჭვი აღარ არსებობს.

არანაირი რეზერვი და შეკავება არ არსებობს. 

მნიშვნელოვანია რასაც ამბობთ, რადგან პრეზიდენტთან საუბრისას, ემანუელ მაკრონმა მიიღო პირობა ვლადიმერ პუტინისგან, რომ ის მოერიდებოდა სამოქალაქო პირებს. თქვენს ამაში ეჭვი გეპარებათ?

მე ეჭვი მეპარება და ვფიქრობ, რომ უკრაინელებსაც ეჭვი ეპარებათ. აშკარაა, რომ დონბასშიც კი, (რომელიც პუტინის იდეოლოგიის მიხედვით: ,,ჩვენებია“, ,,ჩვენი ძმებია“, ,,ჩვენი კულტურაა“ და ა.შ. ) იქაც კი, ის ბომბავს სამოქალაქო შენობებს. ვნახეთ მაღალი, სამოქალაქო შენობის ფოტოები კიევში, რომლებმაც გარკვეულწილად 11 სექტემბერი გაგვახსენა. დღეს გავიგეთ, რომ შეტევა განხორციელდა სამშობიაროზე. ეს ყველა შეტევა ეწინააღმდეგება ომის წესებს. 

ეს თითქოს მისთვის პრობლემატური არ არის.

ცხადია, რომ ეს მისთვის პრობლემატური საერთოდ არ არის. 

როგორ შეიძლება მისი შეჩერება? თქვენ ამბობთ რომ დისკუსიის დროა, მოლაპარაკებების დროა. ის მოითხოვს ყირიმის ანექსიას, უკრაინის დემილიტარიზაციას; ეს დაუშვებელია ამ მოცემულობით?

არა, მე ვფიქრობ ის მოითხოვს დანებებას. ასევე, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რა არის მისაღები, ეს ვლადიმერ ზელენსკია. 

მიუხედავად გაწეული დახმარებისა, სოლიდარობისა, ჩვენ გარედან არ უნდა ვუბიძგოთ რაიმე გადაწყვეტილებისკენ, რადგან მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს უკრაინის ინტერესები. 

როგორც თქვით, ევროპამ ძლიერი ზომები მიიღო, პირველად გამოიყენა მსგავსი მძიმე ეკონომიკური სანქციები, ასევე შეთავაზება გააკეთა იარაღის შესყიდვაზე, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში.

ევროპის ეს ერთობა საუკეთესო ამბავია ამ ძალიან დრამატულ სიტუაციაში; ეს ერთობაა, რამაც გააკვირვა ვლადიმერ პუტინი. გუშინ, როდესაც ვესაუბრე ემანუელ მაკრონს ვუთხარი, რომ ძლევამოსილი ევროპა, ახალი ევროპა შეიქმნა ერთი მხრივ თქვენი, მეორე მხრივ კი, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის მიერ. ეს არის ის, რაც დარჩება - გერმანიის ცვლილება დარჩება, საფრანგეთს ახლა ჰყავს ძლევამოსილი, ევროპის მის ხედვაში მნიშვნელოვანი მოკავშირე - გერმანია, ეს ადრე ასე არ იყო, და მოკავშირეები; ერთი მათგანი არ არის შორს- შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპის ყველაზე მიზანდასახული მმართველები, რაც კი გვინახავს

ვნახეთ ფოტოები, რომლებიც დარჩება ისტორიაში; ვლადიმერ ზელენსკი ბუნკერში ხელს აწერს ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნას. ვხედავთ ამ ფოტოს. ევროპამ მას კარი უნდა გაუღოს?

ევროპამ ჩვენ კარი უნდა გაგვიღოს

ამაზეც ვისაუბრებთ. ეს სთხოვეთ თქვენ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს?  

ამისთვის ვარ მე აქ. რა თქმა უნდა, პირველობას ვუტოვებ უკრაინას. უკრაინამ მოიპოვა პრიორიტეტულობა. ეს არ არის კონკურენცია, უბრალოდ მინდა შეხსენება, რომ მოლდოვასთან ერთად ჩვენ ვართ ტრიო, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. არ უნდა შეექმნას პუტინს შთაბეჭდილება, რომ არსებობს სუსტი რგოლები, რომლების გამოყენებასაც შეძლებს

ახლა არის მომენტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასათვის კარის გასაღებად

ახლა არის მომენტი კარის გასაღებად საქართველოსთვის და მოლდოვასთვის.

რა გითხრათ რესპუბლიკის პრეზიდენტმა როდესაც ეს უთხარით? ალბათ, ასეთივე ფორმულირება გქონდათ.

მე ასეთი ფორმულირება მქონდა მასთან და მე ვფიქრობ, რომ ევროპელები დღეს ასევე ფიქრობენ. მე არ ვამბობ, რომ ისინი ხვალ დილას მიგვიღებენ როგორც სრულყოფილ წევრებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფიქრი დაწყებულია, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, რა პროცედურით, და აღარ არის გუშინდელი საუბარი, რომ არის პერსპექტივა, რომ უნდა მოემზადოთ...

რატომ შეიცვალა მდგომარეობა? სასწრაფო გახდა? მუქარას გრძნობთ დღეს?

ყველას ემუქრებიან, არა მხოლოდ ჩვენ

როგორ თუ ყველას?

უკრაინის ბრძოლის შედეგი იქნება ან ძლევამოსილი რუსეთი, რომელიც აღარ გაჩერდება, პუტინი, რომელზეც ამბობენ რომ შეცვლილია, არ არის ადამიანი, რომელიც გაჩერდება, ის შურს იძიებს სანქციებზე, ამ ერთობაზე. არ ვიცით ის სად წავა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველას ემუქრებიან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ერთობა, არ იყოს წარმავალი ნაპერწკალი, ის უნდა გაგრძელდეს დროში და უნდა იყოს სტრატეგია, ნამდვილი პოლიტიკა. ეს დიდი იმედია დღეს.

საქართველოს საფრანგეთის, ევროპის სასწრაფოდ დაცვა სჭირდება?

დაცვა. ნამდვილი დაცვა რადარებზე ყოფნაა, ყურადღების ქვეშ ყოფნაა, ჩვენ წარმოდგენილი უნდა ვიყოთ. სწორედ ამისთვის ვარ მე აქ, და ძალიან მადლობელი ვარ გუშინ მაკრონთან, დღეს შარლ მიშელთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრისათვის; აუცილებლად სტოლტენბერგთანაც... თუმცა მას მოკლე ვიზიტი უნდა ჰქონოდა [არ იმყოფებოდა ბრიუსელში] ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ერთად ვართ.

გაქვთ შეგრძნება რომ წლების განმავლობაში თქვენ არ გიყურებდნენ? ითქვა რომ 2008 წელს ის მხოლოდ ტერიტორიის 20%-ზე გაჩერდა, არაუშავს, საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა

დიახ, და იგივე განმეორდა ყირიმში. ვფიქრობ, დღევანდელი პუტინი სწორედ, გარკვეული რაოდენობის უკან დახევების შედეგია.

ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ რომ იყავით ჩვენი სტუმარი.

მადლობა თქვენ!

სხვა სიახლეები