ინტერვიუ საერთაშორისო მედიასთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

თებერვალში ჩვენ ოკუპაციის კვირეულს აღვნიშნავთ. ამ დღეებში ვიხსენებთ თბილისის დაცვისას დაღუპულ 19 წლის ექთან მარო მაყაშვილს, თბილისის, რომელიც 25 თებერვალს რუსი დამპყრობლების ხელით დაეცა.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, რომელიც ოკუპანტებმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოკლეს და ასევე ბოლშევიკების ხელით თებერვალში დაეცა კიევიც.

ასე რომ, თებერვალი ძალიან მძიმე თვეა ყველა იმ ერისათვის, რომელიც რუსეთის პერიფერიებთან ცხოვრობს. მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ჩვენ გვესმის რას განიცდის დღეს უკრაინელი ხალხი და ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს!

[ჰელენ ბედველი - Bloomberg News]

ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს (რუსეთის) სანქციებთან დაკავშირებით თქვენი პოზიციის მოსმენა. ეთანხმებით თუ არა მათ და თუ არის რაიმე, რისი გაკეთებაც და დამატებაც საქართველოს შეუძლია. რა მექანიზმები აქვს საქართველოს იმისათვის, რომ შემდეგი კვლავ ჩვენ არ ვიყოთ?

ეს კარგი შეკითხვაა და დარწმუნებული არ ვარ, რომ ამაზე პასუხი მაქვს. სანქციებსა და იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება, მე მთლიანობაში საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროპული საზოგადოებისა და ამერიკელი პარტნიორებისგან განსხვავებული აზრი არ მაქვს. სანქცია არის პასუხი. როდესაც  დემოკრატიული ქვეყანა ხარ და არ პასუხობ ომს ომით, ვიცით, რომ ეს შესაძლოა, დემოკრატიების სისუსტედ აღიქმებოდეს, თუმცა დემოკრატიები ასე მუშაობს, რადგან განსხვავება დემოკრატიებსა და ავტოკრატულ, დიქტატორულ, ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სწორედ ისაა, რომ დემოკრატიები ზრუნავენ თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ეს შემდეგ შესაძლოა, სისუსტედ აღიქმებოდეს. ასე რომ, პასუხის ნორმალური ფორმა სანქციებია!

ახლა სანქციების დაწესება უფრო სიმბოლური [ხასიათისაა] ვიდრე რაიმე სხვა, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ბევრი ამერიკელი ინვესტორი იყო მზად ინვესტიცია ჩაედო დონეცკსა და ლუჰანსკში. მაგრამ, ეს სიგნალია, სიგნალი იმისა, რაც მომავალში მოხდება.

ვფიქრობ, სავარაუდოდ, ახლა სანქციები სხვაგვარი იქნება, ვიდრე აქამდე გვინახავს და გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ წარსულიდან (2008 წელს საქართველოს შემთხვევაში და 2014 წელს  უკრაინის შემთხვევაში) არის ის, რომ სავარაუდოდ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა, რაც მათ იმ დროს ჰქონდათ და რუსეთის საზღაური არ იყო ისეთი, რომ შეეჩერებინა ის. ვფიქრობ დღეს ეს არის გამოწვევა -  დიდი ესკალაციისა და ომის გარეშე (რადგან, ვფიქრობ, არავის სურს ომი, არც ჩვენ და არც არავის ევროპასა და ამერიკაში), რისი გაკეთება შეუძლია გაერთიანებულ დასავლეთს, რათა რუსეთს ისეთი ფინანსური, მორალური და პოლიტიკური ღირებულება აგრძნობინოს, რომ აღარ მოინდომოს გაგრძელება.

[ჰელენ ბედველი - Bloomberg News]

და მექანიზმები?

მექანიზმები სანქციებია, ეს ძალიან ნათელია და სანქციების მთელი სპექტრია, რომელსაც შეუძლია რაიმე სახის შედეგის მოტანა. როგორც იცით ადრე ვმუშაობდი ირანის მიმართ სანქციების მექანიზმზე, რამაც იმ დროს იმუშავა. ჩვენ ამ  სიტუაციებს ვერ შევადარებთ, მაგრამ არსებობს დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს. გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიამ მიიღო (და რომელზეც ბევრი ფიქრობდა, რომ გერმანია მას არ მიიღებდა), ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ სიმბოლური საზომით. ბევრი რამ, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია.

[ნინო გელაშვილიRadio Free Europe/Radio Liberty]:

საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციის განმახორციელებელ ქვეყნებს? რასაც შესაძლოა, უფრო სიმბოლური ფასი ჰქონდეს, მაგრამ მაინც.

ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების დიაპაზონი. მე არ შემიძლია პასუხის გაცემა მთავრობის სახელით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლების საქმეა.

ჩვენ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უკვე იხდის თავის საფასურს- ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ მდგომაროებისა და საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ პარტნიორებთან ერთად სრულად სოლიდარულებად ყოფნის საჭიროებასა და ჩვენი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლიანად ყოფნას შორის.  ეს შეკითხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთადაა სამსჯელო, დღეს ჩემით ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ შემიძლია.

[ნინო დალაქიშვილი - Voice of America]:

როგორ ფიქრობთ ქალბატონო პრეზიდენტო, საერთაშორისო დონეზე რამდენად იყენებს საქართველო თავის შანსს მიებას უკრაინის საკითხს. თუ გქონდათ თქვენ კომუნიკაცია ამ საკითხზე პრემიერთან და თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რამე ამ კომუნიკაციიდან?

თუ ფიქრობთ, რომ კრიზისის ამოწურვის შემდეგ უკრაინა მეტად მიებმება დასავლეთს, სად უნდა იყოს საქართველოს ადგილი უკრაინის, პოლონეთის, ბრიტანეთის ალიანსის შემთხვევაში. სად ხედავთ საქართველოს?

შეკითხვის პირველ ნაწილს რომ გავცე პასუხი, უნდა მივებათ თუ არა უკრაინას: ჩვენ მიბმულები ვართ. როგორც იცით, გასულ ზაფხულს ასოცირებული ტრიოს ლიდერები მივიღე პეტრას სამიტზე და ჩვენ - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - სამი ქვეყანა ვართ, რომლებიც ევროკავშირთან მიმართებაში ძალიან მჭიდროდ და ნათლად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.

ასეთივეა ჩვენი გზა ნატოსკენ, რაც იმ ქვეყნებს აკავშირებს, რომლებიც ალბათ ყველაზე ახლოს არიან ღია კარის პოლიტიკასთან.

როდესაც კრიზისზე ვსაუბრობთ, ჩვენ დაკავშირებულები ვართ, ჩვენ ყოველთვის გვახსენებენ მაშინ, როცა იხსენებენ საქართველოს გამოცდილებას, ყველამ იცის ის სცენარი, (თუმცა ცოტა განსხვავებული სცენარია), რომელსაც რუსეთი იყენებს და იმეორებს.

ჩვენ თვითონ აღვნიშნეთ საჭიროება [მე თვითონ აღვნიშნე სხვადასხვა შემთხვევისას], რომ არაფერი გადაწყდეს საქართველოზე საქართველოს სრული ინფორმირების, ასოცირების, კონსულტაციის გარეშე, რადგან მოლაპარაკებებისას რუსეთის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებში ნამდვილად არის საკითხები, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ეხებოდეს, ამიტომ ჩვენ ჩართულები უნდა ვიყოთ.

არ დაგიმალავთ, რომ კომუნიკაცია მქონდა არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტთანაც,  მოლაპარაკებებისას ძალიან ნათლად ვაჩვენე -  მიუხედავად იმისა, რომ ღია კრიზისი ნათლად ეხება უკრაინას, ჩვენ არ უნდა დაგვივიწყონ და არ უნდა მოხდეს სხვადასხვა სიტუაციის არევა. თუმცა, როდესაც საქმე მომავალზე ფიქრს და კრიზისიდან გამოსავალს ეხება, ნათელია, რომ საქართველო ყველას უნდა ახსოვდეს და ჩვენ ნათლად უნდა ვიცოდეთ ის დისკუსიები, რომლებიც შესაძლოა გვეხებოდეს.

[ნინო დალაქიშვილი - Voice of America]:

და რას იტყვით პრემიერთან კომუნიკაციაზე?

არ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩემი კომუნიკაცია, რომელიც ამ სიტუაციის რელევანტური არ არის, აქ განსახილველია. ჩემი პოზიცია ჩვენი ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე დასაწყისშივე, სანამ უკრაინაში კრიზისი დაიწყებოდა მკაფიოდ გამოვხატე. თქვენ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ არ გვყავდა უკრაინაში ელჩი და გასულ წელს, საპარლამენტო გამოსვლისას სწორედ მე მოვითხოვე  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ჩვენი ელჩის უკან დაბრუნება, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს ისტორიული კავშირები, მსგავსი პრობლემები და მომავალი აქვთ. ასე რომ, სიახლოვე უნდა შევინარჩუნოთ და ეს არის სწორედ ის პრინციპი, რასაც მე ამ პროცესის ყველა საფეხურზე მივყვებოდი.

[რეიჰან დემიტრიე - BBC News]:

როგორია თქვენი პოზიცია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უკრაინის რეზოლუციაზე? ეთანხმებით თუ არა საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობაში?

თქვენ აღნიშნეთ, უკრაინის სცენართან მსგავსების შესახებ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რა განცდა გაქვთ უკრაინაში იგივე სცენარის დანახვისას?

პირველ საკითხზე ვიტყვი, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი არ განვიხილავ  პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას, ან მთავრობის მიდგომას. მე მივყვები ჩემს პრინციპებს, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიციის წარდგენისას, და ვფიქრობ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე.

ვეთანხმები თუ არა პრაგმატულ მიდგომას - ძალიან საინტერესო კითხვაა: არ შემიძლა არ დავეთანხმო პრაგმატულ მიდგომას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, გვყავს მოსახლეობა, რომელიც იტანჯება, გვყავს ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომელთაც არ აქვთ წვდომა ქართულ ენაზე, ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ წვდომა აფხაზურ ენაზერუსიფიკაციის პოლიტიკა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ორივე ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს ორი უზარმაზარი სამხედრო ბაზა და რუსეთმა დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ანექსიისკენ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ მთავრობა უნდა იყოს პასუხისმგებელი. ეს პრაგმატული პოლიტიკა არ ნიშნავს, რომ არ ვსაუბროთ პრინციპებზე, ეს ბალანსის საკითხია და რა თქმა უნდა, ბალანსი არაა მარტივი.

მეორე შეკითხვას რაც შეეხება: პირველ რიგში, ეს დეჟა ვუ- შეგრძნებაა, მაშინაც კი თუ სცენარებში განსხვავებებია. ვფიქრობ, რომ 2008 წლის რუსეთი არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2022 წლის რუსეთია და ერთ-ერთი ელემენტი აქ ისიცაა, რომ რუსეთი პირდაპირ ანექსიისაკენ მიდის ომის წინაპირობის გარეშე. პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი დეკლარაცია, ვფიქრობ არის ის, რაზეც ყველა უნდა ვღელავდეთ. მხოლოდ საქართველო არ გრძნობს თავს ასე,  მთლიანი ევროპა ასეა. მე ამაზეც ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომ სასწორზე არა მხოლოდ საქართველო ან უკრაინა, არამედ მთლიანი ევროპა და ევროპის უსაფრთხოებაა, ასე რომ, ჩვენ ერთ ნავში ვართ!

[ნინო გელაშვილი - Radio Free Europe/Radio Liberty]:

თქვენ თქვით, რომ როდესაც დრო მოვა საქართველო ყველას უნდა გაახსენდეს. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ყველას გონებაში იყოს, როდესაც საქმე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება? რა გამოწვევებს ხედავთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე? რა ამოცანებია შესასრულებელი მადრიდის სამიტამდე? რას თვლით თქვენ პირადად ამოცანად ამ პროცესში? დაბოლოს, ხედავთ თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების საჭიროებას, თქვენი წარმომადგნელის მონაწილეობით. ჩემი ინფორმაციით, სხდომა დეკემბრის შემდეგ არ ჩატარებულა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ მთავარი გადწყვეტილება ჩვენს პარტნიორებზეა და ეს ძალიან ნათელია დღეს. ყოველვის შეიძლება ბევრი მიზეზის მოძებნა, ჩვენ არ ვართ იდეალურები და ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ ყველა საჭირო საბაზისო მოთხოვნას გავწევრიანდეთ ამ ორგანიზაციებში, მაგრამ კითხვა დღეს ასე არ დგას.     უკრაინამაც ცხადყო, რომ დღეს კითხვა მდგომარეობს იმაში, გავაგრძელებთ თუ არა ჩვენ ,,დაპაუზება-გაგრძელების პროცესს“, რომელიც ყველაზე საზიანოა. მე სხვა ცხოვრებაში, სხვა პოზიციაზე ყოფნისას, როდესაც ვსაუბრობდი ბალტიის ქვეყნების ინტეგრაციაზე მაშინ, მთავარი იყო ,,დაპაუზება-გაგრძელების  პროცესისთავიდან აცილება (მაშინ სხვა რუსეთი და სხვა ვითარება იყო), მაგრამ ეტაპობრივი პროცესის ხაზოვანი მიდგომა არის ის, რომელიც ნაკლებად კონფრონტაციულია და რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა.

ამიტომ ამ მხრივ, არ დავაკისრებდი ვალდებულებას რომელი მთავრობისას რა გაკეთდა და მიაღწია თუ არა წარმატებას ქვეყნის იდეალურ კანდიდატად ჩამოყალიბებაში: ეს პარტნიორების გადაწყვეტილებაა, არიან თუ არა ისინი მზად ამ მიმართულებით წავიდნენ

დღეს ევროპა უფრო ერთიანია, უფრო შეუპოვარი, მეტი ევროპა უკრაინაში, მეტი ევროპა საქართველოში, მეტი ევროპა მოლდოვაში, მეტი ევროპა შავ ზღვაში: ეს არის მყისიერი პასუხი, დანარჩენი  კი, კითხვაა, რომლის გადაწყვეტაც მათ [პარტნიორების] მაგივრად არ შემიძლია.

[ნინო გელაშვილი - Radio Free Europe/Radio Liberty]:

რაც შეეხება თქვენი, როგორც პრეზიდენტის ამოცანას, ჩაერევით თუ არა, როცა საჭიროდ მიიჩნევთ? როგორც მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტის ტრანზიტული ვიზიტისას საქართველოში, როგორ ხედავთ თქვენს როლს, ყოველ შემთხვევაში მადრიდამდე?

ვაკეთებ ყველაფერს რაც ჩემს ხელთაა და რასაც აქამდე ვაკეთებდი საქართველოს გზის მხარდასაჭერად. მე დავაორგანიზე პეტრას სამიტი და ყველგან, სადაც ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციის გამოყენება შემიძლია, მე მას წარვადგენ.

კონსტიტუციით პრეზიდენტი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. ჩემი მოვალეობაა, რომ ამას წარმოვადგენდე. თქვენს შეკითხვაზე უსაფრთხოების საბჭოს შესახებ, ეს ჩემი მისაღები გადაწყვეტილება არაა, ეს შიდა სამთავრობო გადაწყვეტილებაა.

[დავით კაჭკაჭიშვილიAnadolu Agency]:

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა შევეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასროგორია თქვენი ხედვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონში და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებთ. როგორ ფიქრობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

ორ რამეში ვარ დარწმუნებული. ერთი ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ პრობლემის ძალით გადაჭრის შესაძლებლობა, ეს ყველამ ვიცით. კონფლიქტების გადაჭრისთვის ძალის გამოუყენებლობის გადაწყვეტილება ჩვენ ნებაყოფლობით ავიღეთ. ერთადერთი სხვა ალტერნატივა, რაც დედამიწისთვის ცნობილია, არის დიპლომატია. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც არ არის დიპლომატიისკენ მიდრეკილი და ვხედავთ დღეს რაც ხდება. ყველა დიდი ძალა ჩართული იყო ამ დიპლომატიურ ისტერიაში, რომლებმაც შეიძლება რუსეთი მაგიდის [ხანდახან გრძელი მაგიდის] გარშემო დასვეს, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ნამდვილ დისკუსიაში ჩაბმა.

ამიტომ, თავშეკავებულად ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს არ აქვს რესურსი რუსეთი მიიყვანოს ნამდვილ დიალოგამდე და დეესკალაციამდე, რასაც ყველა ითხოვდა. ჩვენს შემთხვევაში, დეესკალაცია ისაა, რაც სერიოზულ დიალოგთან ერთად მოიაზრება, თუ ვინმეს სერიოზული დიალოგი სურს. დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე უნდა დაიწყოს. ინციდენტები ყოველდღიურად ხდება: გატაცებები, ბორდერიზაცია, რუსიფიკაცია. ჩვენ უნდა ვნახოთ დეესკალაციის ნიშნები, დავინახოთ, რომ დიალოგის მცდელობას აზრი აქვს და მე მზად ვიქნები ნებისმიერ დროს, თუ ამის ნიშნებს დავინახავ.

სამწუხაროდ, ამ ნიშნებს დღეს ვერ ვხედავ, როცა ვუყურებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მე იქაც ვერ ვხედავ ამის ნიშნებსთუმცა, ისევ გავიმეორებ, თუ მინიშნებები იქნება, მე პირადად ჩემს თავზე ავიღებ დიალოგთან დაკავშირებულ ყველა რისკს, რადგან ვფიქრობ, რომ ყველანაირი გზა უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი აკეთებს, რასაც ცდილობს და ძალიან მამაცურად აკეთებს ამას.

[ირაკლი მეტრეველიAFP]:

მინდა ციტატა მოვიყვანო რადიო თავისუფლებაში თქვენი 2009 წლის ოქტომბრის პუბლიკაციიდან. თქვენ თქვით: “რუსეთისა და საქართველოს ლიდერები, ორივე დამნაშავეა. რუსები კონფლიქტის პროვოკაციისათვის და არა შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან არიდებისთვის, და ქართველი ლიდერი დამღუპველი სამხედრო თავდასხმის წამოწყებისთვის. საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად არის  მისი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ცხინვალის მიმართ სამხედრო აგრესიის წამოწყებისთვის და ამით რუსეთის ხელშეწყობისათვის შესულიყვნენ, ოკუპირება მოეხდინათ და შემდეგ ფორმალურად ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ტერიტორიები”.

მაშ ასე, ჩემი კითხვაა, ახლაც იზიარებთ ამ აზრს, როცა დავინახეთ, რომ პუტინს რეალურად არ სჭირდება casus belli სუვერენულ ქვეყანაში შესაჭრელად, ანექსიისათვის?

პირველ რიგში, თქვენ ციტირებთ ჩემი სიტყვების ნაწილებს. მე ბევრჯერ ვთქვი და ეს დაუსრულებული დისკუსიაა. აქ ორი განსხვავებული რამ არის. პირველი - ვინ არის პასუხისმგებელი ომზე და მე ეს ძალიან ნათლად ვთქვი. 1801 წლიდან საქართველო-რუსეთის ოთხი ომიდან, ოთხივე რუსეთის პასუხისმგებლობაა იმ გაგებით, რომ რუსეთია ის, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდა და საქართველო არაა ის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. ასე რომ, ყველა კონფლიქტი რუსეთის პასუხისმგებლობაა და ეს არის ის, რასაც დღეს ვხედავთ.

ჩემი განხილვა სხვა რამეს შეეხებოდა, რისი ადგილიც აქ არ არის. ის ეხებოდა იმას თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როცა ვიცით, რომ პროვოკაცია იწყება და ვიცით, რომ ამერიკელები გვეუბნებოდნენ არ ჩავრთულიყავით პროვოკაციაში (მე იქ ვიყავი როცა ამერიკელები მოდიოდნენ და ამას გვეუბნებოდნენ). ვფიქრობ, ნასწავლი გაკვეთილია (ეს ძალიან საინტერესო ნაწილია) ის, რასაც ზელენსკი იყენებს. ის ძალიან ფრთხილობს არ აჰყვეს პროვოკაციას.

რასაც მე ვამბობ პოლიტიკული დისკუსიის საგანია (სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამის ადგილი აქ არ არის), იმის შესახებ, უნდა ეცადოს თუ არა ხელისუფლება მაქსიმალურად აირიდოს თავიდან ყველა პროვოკაცია იმის მიუხედავად, წარმატებულად მოახერხებს ამას, თუ წარუმატებლად. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა სცადო და სწორედ ეს იყო ჩემი განხილვის აზრი. თუ ჩვენ გვსურს ისტორიას თვალი გადავავლოთ, (თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მიზანშეწონილია), არის კიდევ ერთი რამ, რაც ზელენსკიმ გააკეთა, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზაცია, სანამ რამე მოხდებოდა. საქართველოს შემთხვევაში კი, გაეროს უშიშროების საბჭო რუსებმა მოიწვიეს, სანამ საქართველო მოიწვევდა.

[ჰელენ ბედველი - Bloomberg News]:

ფიქრობთ, რომ ზელენსკისაც საქართველოს მსგავსად, რომ ეპასუხა, როგორც თქვენ ამბობთ, გადაჭარბებული რეაქციით, ის იგივე პასუხს მიიღებდა?

მე არ ვარ ჰიპოთეზების კეთების პროცესში და არ ვთვლი, რომ აქ ეს ჩემი როლია. ვფიქრობ, რომ მან ყველაფერი სცადა რაც შეეძლო, მაგრამ დიახ რუსეთის რეაქცია კიდევ უფრო მერე იყო, რადგან აქ ჩვენ პირდაპირ გვაქვს აღიარების პროცესის საკითხი და მეტიც, რადგან დღეს რაც მესმის ეს არის მუქარა, რომ  ისინი თვლიან, რომ აღიარებული რეგიონები ასევე მოიცავს ტერიტორიებს, რომლებიც უკან დაიბრუნა უკრაინამ ამ ხანგრძლივი კონფლიქტის განმავლობაში - ამიტომ ეს ასევე მთავარი შეშფოთების საგანია.

[მიხეილ ვიგნანსკიEFE]:

ქალბატონო პრეზიდენტო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დღეს ღამე ძალიან დროულად გამოიყენეთ twitter-ის პლატფორმა, თქვენი განცხადებისათვის. რაც შეეხება ჩემს კითხვას: უკრაინაში არსებული სიტუაციის შემდეგ, ვარაუდობთ თუ არა უფრო მეტ დასავლურ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ? და თუ ასეა, რაც შეიძლება ვიხილოთ: მეტი წვრთნები და მეტი ინვესტიცია?

პირველ რიგში, არ მიყვარს წინასწარმეტყველებები, რადგან არ ვთვლი, რომ ეს ჩემი როლია. ნათელია და მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ შავი ზღვა იქნება ერთ-ერთი, იმ ადგილებს შორის, სადაც შეიძლება დაძაბულობა გაიზარდოს, რადგან  ამისათვის იქ ყველა ელემენტია.

ამასთანავე, ეს ის ადგილია, სადაც ყველზე ნაკლები დაძაბულობა და მეტი თანამშრომლობა გვჭირდება, რადგან ვიცით, რომ აქ ევროკავშირის ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლებმაც მომავალში ევროკავშირი ჩვენს რეგიონთან, კავკასიასთან და უკრაინასთან უნდა დააკავშიროს.

სამი ზღვის ყველა პროექტი, რომელშიც უკრაინაა ჩართული და რომლებშიც ჩვენც  გვინდა რომ ღია კარი გვქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანია განურჩევლად იმისა, არის თუ არა ეს ტრანზიტი, ენერგია,  თუ კომუნიკაცია და ისინი დამოკიდებულია მშვიდობიან და არაკონფორნტაციულ შავ ზღვაზე. თუ ეს მე ვიცი, რუსეთმაც იცის.

ჩვენ ეს საკითხი უნდა გვაღელვებდეს, მაგრამ ჩვენ  რაც შესაძლებელია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავ ზღვაში კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად.

სხვა სიახლეები