ადმინისტრაციის უფროსი - ექსპრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას ბრიფინგი

საქათველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. 

ამის შემდეგ, უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი დაუყონებლივ გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია და დაარქივება,  მიეღო ყველა სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები და განეხორციელებინა ღონისძიებები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რათა გადმოსცემოდა აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული დოკუმენტები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ განსაიდუმლოებაზე.

ასევე უნდა ითქვას, რომ თუ კი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მიიღოს დოკუმენტებთან დაკავშირებით განახლებული არსებული მდგომარეობა და ჰქონდეს ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი იყოს გასამართლებული.  ეს აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანიურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგოა, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომლიც პრეზიდენტმა წამოიწყო რამდენიმე თვის წინ და რომელიც ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა  და დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე ვერავინ მიაღწევს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. 

დაბოლოს, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც უარი თქვა საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე, რომელმაც მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბაშვილმა საბოლოოდ დათმო.

სხვა სიახლეები