საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე წლის 21 ივნისის N21/06/01 განკარგულების საფუძველზე შექმნილი „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის“ ყოფილი წევრების განცხადება:
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ ღია კონკურსის, წარმოდგენილი ვრცელი დოკუმენტაციისა და საჯაროდ წარმართული გასაუბრებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატურა - გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაგან პრეზიდენტმა საბჭოს წევრად, 15 ივლისის განკარგულებით, კახა წიქარიშვილი დანიშნა.
მიმდინარე წლის 22 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება გაასაჩივრა, სადაც საჩივარში ითხოვდა პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას, პრეზიდენტის განკარგულების დროებით შეჩერებასა და ასევე, მის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლემ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა, დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენა და დროებით შეაჩერა პრეზიდენტის განკარგულება, რაც ჩვენი შეფასებით, ძალიან პრობლემური და სერიოზული საფრთხის შემცველია.
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, კომისიამ მუშაობა დაასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი, როგორც კომისიის ყოფილი წევრების მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 22 ივლისის განჩინებასთან დაკავშირებით.
მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეაჩერა სამართალწარმოების დასრულებამდე, აგრეთვე, 5 თვის ვადით აუკრძალა პრეზიდენტს ახალი კონკურსის, ან ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 მუხლი) დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით, სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს - ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ - არა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2 თვიანი ვადა 5 თვემდე გაახანგრძლივა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ეფექტიანობას, არამედ კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა.
კომისიის წევრი ქეთევან ერემაძე:
ყველაზე მთავარი ჩვენს პოზიციაში, არის კონსტიტუციის ლოგიკა - ჰქონდა თუ არა საერთოდ საერთო სასამართლოს ამ პროცესში შესვლის უფლებამოსილება? და მგონია, რომ ეს საქმე სწორედ იმ ვითარების ძალიან მკაფიოდ ლუსტრაციას ახდენს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო ხელისუფლება - მინიმალური მგრძნობელობის არარსებობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს, სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებში დამოუკიდებელი წევრების გამწესების უფლებამოსილება აქვთ. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნის უფლება, აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნის უფლება, ასეთივე, უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტსაც. ეს არ არის ფუნქციების მექანიკური გადანაწილება - რაღაც დავუტოვოთ პრეზიდენტს და რაღაც გადავანაწილოთ პარლამენტზე. კონსტიტუციის მთავარი ლოგიკა და მთავარი გზავნილი ამ დროს არის ის, რომ მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლების შტოები იღებენ მონაწილეობას ორგანოს დაკომპლექტებაში, რომელიც თავისი ბუნებით უნდა იყოს დამოუკიდებელი და თითოეული მათგანის თანამონაწილეობა ამ იდეის ერთგულებით უნდა მოქმედებდეს.
ყველა ეს გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამწესების სამივე შტოდან - სასამართლოდან, პრეზიდენტისგან, პარლამენტისგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების და ა.შ. და ყველა სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა, ეს თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შესაძლებლობას პოლიტიკური ხელისუფლების შტოების მონაწილეობით დამოუკიდებელი წევრების შეყვანისა და ინტეგრირებისა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებში.
ამიტომ, მთავარი გზავნილი ჩვენი არის ის, რომ ეს პროცესი არის კონსტიტუციის მიღმა და საერთოდ ამ დავის ინიცირება საერთო სასამართლოში იყო არასწორი. მოსარჩელეს ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამის უფლება, მაგრამ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შესულიყო ამ პროცესში.
კომისიის წევრი ნინო ქურდოვანიძე:
როგორც იცით, კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა. კომისიის ფუნქცია და უფლებამოსილება ამოიწურა მაშინ, როდესაც ჩვენ პრეზიდენტს რეკომენდაციები გავაცანით და გადავეცით ორი კანდიდატურის შესახებ ჩვენი დასაბუთება და შესაბამისად, პრეზიდენტმა მიიღო კონკრეტული ერთი წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება. კომისიის უფლებამოსილება ამით ამოწურულია, ჩვენ რაიმე ფორმით აღარ ვართ უფლებამოსილი, რომ როგორც კომისიამ ასე გავაგრძელოთ რაიმე სამოქმედო გეგმით მუშაობა.
ჩვენ, როგორც ინდივიდები, ადამიანები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემაზე გული შეგვტკივა, ამ საკითხზე ჩვენს პოზიციებს დავაფიქსირებთ: ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, როდესაც სამწუხაროდ სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო, რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობაში. მას უბრალოდ მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა ფაქტობრივად განულებულია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასთან და ინფორმაციას საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ როგორც წესი, ვერ ვიგებთ.
დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ასეთი მაღალი ჩართულობით კომისიის შექმნა. ამ პროცესებს აკვირდებოდა ეუთო-ოდირის წარმომადგენლობა და მათაც აქვთ უკვე ინფორმაცია, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ პროცესის შესახებ, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ეს არის კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამო. საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში. ეს არის აქ მთავარი, არ შეიძლებოდა.
რა ვადაც არ უნდა იყოს, (ხუთი თვე), ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს წლობით, შეიძლება აპელაციაში გასაჩივრდეს, შემდეგ უზენაეს სასამართლოში და ეს ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა, რომელიც კანდიდატს აქვს ისე ამოიწუროს, რომ სასამართლო არ იყოს დასრულებული.
ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი მიითვისა საერთო სასამართლომ და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლებს ვინ გახდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი. თუ ეს ასე დარჩა, მაშინ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ისეთ პოზიციაზე, რომლის კომპეტენციაც აქვს პრეზიდენტს, ან სხვა ორგანოს, მათ შორის პარლამენტს, მათი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები, ასეთი პრეცედენტის პირობებში, შეიძლება დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს და სასამართლომ თვითონ გადაწყვიტოს ვინ იქნება საბჭოს წევრი, ეს მიუღებელია!
ამის გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ეს ვადაში ხანგრძლივი პროცესია, ეს მალე ვერ მოხდება, რამდენიმე დღეში ამაზე გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. ეს შეიძლება გაიწელოს დროში და იმის მოლოდინიც არ არსებობს, რომ აპელაცია შეცვლის. ანუ, როდესაც სასამართლოში გავლენიან ჯგუფს აქვს ინტერესი, რომ კონკრეტული დამოუკიდებელი კანდიდატი არ იყოს დანიშნული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რა თქმა უნდა, ზემდგომი ინსტანციების იმედიც ამ ნაწილში არ უნდა გვქონდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ამ განჩინებას შეცვლის.
თუმცა, გასაჩივრების მექანიზმი არსებობს. ამის მიუხედავად, თუ ეს გასაჩივრდა აპელაციასაც მოუწევს ამაზე მსჯელობა. მაგრამ, საერთოდ, საერთო სასამართლოებში ამ ტიპის საქმის განხილვა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რადგანაც პრეზიდენტის ის განკარგულება არ ექვემდებარებოდა საერთო სასამართლოში გასაჩივრებას.