საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის, სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.
საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს.