პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.
2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას, აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა კონკურსში მონაწილე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.
რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ 3 კანდიდატი, რომელთაგან 2 კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N27/12/03 განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.
ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge.
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.