პრეზიდენტი - თქვენ იცით და ხედავთ როგორი ერთიანობა სჭირდება ამ ქვეყანას თუ გვინდა, რომ წინ დავუდგეთ ყველა გამოწვევას

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე:

,,ნება მიბოძეთ, დღეს, თქვენ წინაშე და თქვენ მიმართ ჩემი პირადი, უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვებით თქვენს მიმართ ყველა იმ ქართველის დამოკიდებულებას გამოვხატავ, რომელიც დღეს ამ შეხვედრაზე არ იმყოფება და მათიც, რომლებიც საზღვარგარეთ არიან.

თქვენდამი ეს დამოკიდებულება ნამდვილად იმის შედეგია, რაც ამ 45 წელში შეძელით. ჩემი შესაფასებელი ალბათ, არ არის და არ ვიტყვი, თუ რა დიდი ღვაწლია ეს ჩვენი ეკლესიისთვის მისი საზოგადოების წიაღში დაბრუნება და მისი ხელახლა მშენებლობა. 

მე ვიტყვი, რას წარმოადგენს ეს 45 წელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. თქვენი დიდი ღვაწლია ის, რომ პატრიარქი და საპატრიარქო გახდა და დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი ქვეყანაში, რეალურად ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში, საუკუნეების განმავლობაში იყო.  

თუ არაა ქართული ეკლესია, არაა ქართული სახელმწიფო და თქვენ ეკლესიის და სახელმწიფოს ეს ერთობა დააბრუნეთ და გააძლიერეთ; თქვენი ყოველი გადაწყვეტილება აძლიერებდა და აძლიერებს სახელმწიფოს. 

ჩვენს საზღვრებთან აშენებული არაერთი ეკლესია-მონასტერი მოწმობს, რომ თქვენ იცით და ხედავთ როგორ უნდა იყოს დაცული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

თქვენ იცით და ხედავთ როგორი ერთიანობა სჭირდება ამ ქვეყანას თუ გვინდა, რომ წინ დავუდგეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში კი არ მცირდება, არამედ ხშირდება, და თქვენ ამას გვასწავლით თქვენი ყოველა ნათქვამით, ყველა მოქმედებით და გვეუბნებით, რომ თუ არა ერთიანი, ეს ქვეყანა ვერ იქნება ის, რაც იყო და რაც უნდა იყოს მომავალში. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არამხოლოდ სიყვარული გამოგიცხადოთ, არამედ მოგისმინოთ, დაგიჯეროთ და ვიცოდეთ, რომ თქვენ ატარებთ ჭეშმარიტებას, სიკეთეს და ყველას მიმართ იმ უდიდეს სითბოს, რის გარეშეც ჩვენ ვერ ვიქნებით. დიდი მადლობა, თქვენო უწმინდესობავ!"

სხვა სიახლეები