სიმონ პეტრიდისი - დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ესაა განვითარების და წარმატების ფორმულა

შშმ პირთა უფლებები, ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რესურსებზე, გამოწვევები და სპეციალური სახელმწიფო პროგრამები - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საჯარო ლექციაზე.

ონლაინ შეხვედრა ჩატარდა USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამეგრელოში პროგრამის პარტნიორია ათინათი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებს, რომლებიც ყოველდღიურობაში ხელს უწყობენ შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხების წინ წამოწევას.

სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება წვდომა საჯარო სივრცეებზე, შენობა-ნაგებობებზე, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებსა თუ სატრანსპორტო საშუალებებზე, საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებზე. თუმცა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბევრი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელთა საშუალებითაც აღნიშული გამოწვევების გადალახვა ხდება.

„პირველ რიგში დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას გამოვყოფდი, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რაშიც ჩვენ, ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში, შესაბამის უწყებებს აქტიურად ვეხმარებით. ასევე საინტერესოა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა, ეტლებით უზრუნველყოფის პროგრამა და პენსიის ინდექსაცია. ამასთან, ვითარდება ტექნოლოგიები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, აქ სამუშაო ბევრია. მუნიციპალიტეტების მიხედვით ყველა სერვისი თანაბრად განვითარებული არაა, რაც შიდა მიგრაციას იწვევს. ინკლუზიური ტურიზმის განვითარება კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა რეგიონებისთვის. ჩვენ კანონმდებლობის შემუშავების პროცესშიც აქტიურად ვიყავით ჩართული და გვჯერა, ეს ქვეყნის ეკონომიკას რეალურ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

ამასთან, სიმონ პეტრიდისის თქმით, თანაბრად ჩართულობას სწორედ დამოუკიდებლობა უზრუნვეყოფს. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ დამოუკიდებლობაა განვითარების და წარმატების ფორმულა.

სხვა სიახლეები