კოტე ნაცვლიშვილი - ტრადიციული სამართალი სვანეთის საზოგადოების გამაერთიანებელია, ერთგვარი მორალური ნორმა და კულტურული მოცემულობაა, რომელშიც საზოგადოება თანაარსებობს და ვითარდება

ქალბატონო პრეზიდენტო, 

ძვირფასო დიპლომატებო, 

მოწვეულო სტუმრებო, 

და მასპინძლებო, სვანეთიდან,

მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის და გაუწყოთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ, და დღეს არის დასკვნითი ღონისძიება, პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში „საქართველოს რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ და მოგეხსენებათ, პირველი ეს ღონისძიებები მიეძღვნა სვანეთს. 

და უნივერსალური პრინციპი, რითაც ამ ღონისძებების დაგეგმვისას ვხელმძღვანელობთ გახლავთ ის, რომ მოწვეული მხარე არის მასპინძელი და არა სტუმარი და იმ ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გაიმართა ორბელიანების სასახლეში იყო სწორედ სვანეთის თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული, მათი საზოგადოების მიერ ორგანიზებული და მათი ჩართულობით განხორციელებული. 

ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი კომპონენტი. ეს გახლდათ თემატური დისკუსიები. ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რაც ამ დისკუსიების შედეგად გამოიკვეთა გახლავთ ის, რომ სვანეთს გააჩნია უდიდესი ტრადიცია მედიატორის ინსტიტუტის და მედიაცია, სვანეთის საზოგადოების მიერ, თავისი თანმდევი კომპონენტებით, დღემდე აღიარებულია. 

მოგესხენებათ, ჩვენი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, მედიატორის ინსტიტუტი საქართველოში ეხლა იდგამს ფეხს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სვანეთის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ამის სახე, რა თქმა უნდა, იქნება სწორედ სვანური გამოცდილება. ეს არის მხარე, სადაც არა მხოლოდ არსებობდა და დღემდე არსებობს მედიატორის ინსტიტუტი, არამედ ის ყველაზე დემოკრატიულიცაა, რადგან ტრადიციულად, მასში ქალებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. მედიატორი ქალები ტოლს არ უდებდნენ მედიატორ კაცებს და ამ მხრივ, სვანეთი, საქართველოს ყველაზე გამორჩეული მხარეა, თავისი მდიდარი თანასწორუფლებიანობის ტრადიციით.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტრადიციული სამართალი სვანეთის საზოგადოებისთვის დაახლოებით, იგივე როლს ასრულებს, როგორსაც ასრულებდა, თავის დროზე, სამართლის ნორმები ანტიკურ ათენში. ანუ, ეს არის საზოგადოების გამაერთიანებელი და არა გამყოფი. ეს არის ერთგვარი მორალური ნორმა, კულტურული მოცემულობა, რომელშიც საზოგადოება თანაარსებობს, საზოგადოების წევრები თანაარსებობენ და ვითარდებიან. 

ამავე დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა გვაქვს სვანეთში, როგორც საქართველოს ყველა მხარეში, მაგრამ რაც ვიზიტისას, ადგილზე ვიხილეთ და ამავე დროს, რაც არა მხოლოდ სვანეთის საზოგადოების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების სატკივარია - ეს არის უმდიდრესი, კულტურული მემკვიდრეობა. აქედან განსაკუთრებით გამოსარჩევია, და ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდ ყურადღებას საჭიროებს მოხატული და საგანძურიანი ტაძრების ერთობლიობა და ამავე დროს, განძის მცველის კულტურა, რომელიც დღემდე ცოცხალია. ქალბატონმა პრეზიდენტმა, იქ ყოფნის პერიოდში, რვა განძის მცველი დააჯილდოვა, ეს არის კულტურა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და სწორედ ამ კულტურამ შემოგვინახა უმდიდრესი საგანძური სვანეთში და თქვენ დღეს საშუალება გექნებათ იხილოთ გამოფენა ექვთიმე თაყაიშვილის არქივიდან. საარქვივო ფოტოებზე აღრიცხულია და მოცემულია ის საგანძური, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია სვანეთის, მესტიის მუზეუმში ვიხილოთ.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრების მიღმაა ის, რომ ეს საკითხები საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან და საჭიროა მისი პოპულარიზაცია. ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგად, რაც ამ მოხატული და საგანძურიანი ტაძრების ერთობას შეეფერება, ეს გახლავთ პინაკოთეკა. სვანეთი ანტიკური საქართველოს (სწორედ ეს სიტყვა ყველაზე კარგად სვანეთის მემკვიდრეობას შეეფერება) ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მემკვიდრეა. ეს მოხატული და საგანძურიანი ტაძრების ერთობა ნამდვილად წარმოადგენს სვანეთის პინაკოთეკას, საქართველოს სიამაყეს და მას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. 

დაბოლოს, ჩვენ დღეს გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვესმინა ბრწყინვალე ლექციისთის, რომელიც ჩაატრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის მიმართულების პროფესორმა, ქალბატონმა ნინო სამსონიამ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გაგვაჩნია ასირიოლოგიის ტრადიციები ქვეყანაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისას, ერთ-ერთ პირველი მიმართულება, რომელიც მიხაკო წერეთელმა გახსნა და განავითარა, თუმცა დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად შეწყდა, მაგრამ დამოუკიდებლობასთან ერთად აღდგა, ასირიოლოგიის მიმართულება იყო. 

საქართველო, ოთხ ქვეყანას შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თარგმნა გილგამეშის ეპოსი, თვალშისაცემი იყო მაშინაც და დღემდე კვლევას საჭიროებს ის მსგავსება, რაც არსებობს შუამდინარეთის ლურსმულ ტექსტებსა და იმ ტოპონიმიკას შორის, რომელიც დღემდეა სვანეთში გავრცელებული და ამის ნათელი მაგალითია ენგური, სწორედ ამას მიეძღვნა დღევანდელი ლექცია. 

მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს და მინდა ვთქვა, რომ ეს მიმართულება, კლასიკურ ფილოლოგიასთან ერთად, ალბათ, ყველაზე ინტერნაციონალიზებული მიმართულებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პრეზიდენტი განსაკუთრებით უჭერს მხარს ამ მიმართულებას და ჩვენ გავაგრძელებთ სიმბოლურ მხარდაჭერას. 

და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას მოგახსენებთ სვანეთის რეგიონიდან ჩამოსულ ყველა ადამიანს ამ ნაყოფიერი მუშაობისთვის, ნაყოფიერი გამოსვლებისთვის.

სხვა სიახლეები