პრეზიდენტმა, ,,დემოკრატიის მსოფლიო ფურუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.
ისლანდიის პრემიერმა შეხვედრისას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.
საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პატარა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი და გათვალისწინებული.
პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ამ კუთხით ითანამშრომლონ პატარა სახელმწიფოებმა.
პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს.
პრეზიდენტმა პრემიერი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.