პრეზიდენტი - ქვეყანაში სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირებისას მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს საერთაშორისო კონფერენცია ,,ინკლუზიური ტურიზმი სოციალური ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ გახსნა.

კონფერენცია თბილისის მერიის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და საქართველოში შესაბამისი პოლიტიკის ფორმირების პროცესზე.

პრეზიდენტის განცხადებით, ინკლუზიური ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს, ქვეყანაში სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირების პროცესში კი, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.

,,საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანაა თავისი მდიდარი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობით და თანამედროვეობით. ვიზიტორებისთვის მიმზიდველია თავისი მრავალფეროვნებით - როგორც ბუნებით, ასევე გასტრონომიული, არქეოლოგიური, სპორტული, სამთო და საპილგრიმო მარშრუტებით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად განვითარებული. ასევე, აღსანიშნავია სამკურნალო ტურიზმი. ქვეყნის მასშტაბით უამრავი საკურორტო ზონაა. მისასალმებელია, აღნიშნული საკურორტო ზონების რეაბილიტაციისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესი. ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურიზმის პოტენციალის და პერსპექტივის დანახვა.

,,ზრდასრული შშმ პირთა მოგზაურობის შესახებ“ ევროკომისიის ორგანიზაციის - Open Doors მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შშმ პირთა მოგზაურობის ეკონომიკური გავლენა მსოფლიო დონეზე 58.7 მილიარდ დოლარს აღწევს. ესე იგი, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, თუ ჩვენ ამას მხოლოდ ბაზრის კუთხით შევხედავთ.

ევროკომისიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტურიზმის სექტორი ყოველწლიურად ასობით მილიონ ევროს კარგავს არამისაწვდომი ინფრასტრუქტურის, სერვისების და შშმ მოგზაურთა მიმართ არასწორი დამოკიდებულებების გამო.

ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად ფიზიკური გარემოსა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რომლებიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის საჭიროების გათვალისწინებას და სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ცოდნა და გაზიარება.

საქართველოში ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, არამედ ის უნდა გახდეს ინკლუზიური სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის.

საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული ღონისძიებების, რეკრეაციული და ტურისტული ობიექტების მისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ამასთან, მიმდინარეობს ტურიზმის კანონმდებლობის დახვეწის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, ცხადია, ჩვენ ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელიც უთუოდ ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მზარდი მიმართულებაა.

სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. მათი ინტერესების მიხედვით, მოქალაქეების ჩართულობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომელიც გვაძლევს ზრდის საშუალებას და ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება მუნიციპალიტეტებში მოვახდინოთ ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაცია და მაგალითად, შესაძლებელია ელჩების შერჩევა, რადგან მსგავსი წარმატებული პრაქტიკა უკვე აქვთ სხვა ქვეყნებს, ამით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ გამოცდილების გაზიარების პროცესს, რაც დაგვეხმარება მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაში და რაც თავისთავად დაეხმარება მუნიციპალიტეტებს.

დღევანდელი კონფერენცია სწორედ იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გავიზიაროთ დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩინეთის, ისრაელის და იტალიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაში.

მოხარული ვარ, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობა გვერგო წილად. მინდა მადლობა მოვახსენო თბილისის მერიას კონფერენციის თანაორგანიზებისათვის“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის გახსნისას.

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, საქართველოს მართლაც ბევრი აქვს გასაკეთებელი ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისა და ამავდროულად, პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილების შესაქმნელად.

,,ეს ნაბიჯები ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წლის წინ უკვე გადაიდგა და მე მახსოვს, როდესაც ჩავდიოდი ევროპაში, თუ მხვდებოდა ბარიერი, ის ყოველთვის პოზიტიური გამოცდილებად მრჩებოდა. მაგალითად, მახსოვს რამდენიმე ადაპტირებული ლოკაცია, რაც ქართული რაობისათვის ცოტა რთულად წარმოსადგენია.

მახსოვს სპეციალური გადასასვლელები ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც სრულ ერთი კვირაში მოეწყო. ეს იყო ჩემთვის მართლაც პოზიტიური შეგრძნება, რადგან ვხვდებოდი, რომ რაღაც იცვლებოდა ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც მოხდება“ - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები.

სხვა სიახლეები