საქართველოს პრეზიდენტი, კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანა სოლიდარულია ერთმანეთის მიმართ და მხარს უჭერს ერთმანეთს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნების მიზნები, არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს, არამედ ხალხის ნებას ეფუძნება და ეს ნება ევროინტეგრაცია.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმადინარე ომს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მსოფლიომ სხვა რეალობა და რუსეთის აგრესიის ნამდვილი სახე დაინახა.
აღინიშნა, რომ წელს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მოლდოვა იყო ის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და 30 წელია, რაც მოლდოვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებებით უკვე აღინიშნა - მოლდოვაში საქართველოს კულტურული დღეებით და ასევე, იგეგმება მოლდოვას დღეების საქართველოში აღნიშვნა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა:
“წელს საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღვნიშნავთ. მოხარული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფები საქართველოს მეგობარი ქვეყნის - მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტში, რომელიც ფასდაუდებელ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის, მოდერნიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
მიმდინარე წელს, საქართველომ და მოლდოვამ დიდი ნაბიჯი გადადგეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ჩვენმა ქვეყნებმა ევროპული პერსპექტივა მოიპოვეს, რაც ისტორიული მიღწევაა. ამ დიდი ცვლილების ფონზე, საქართველოსა და მოლდოვას შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. გულითადად ვულოცავ მოლდოვის ხელისუფლებას და ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაზე”.