პრეზიდენტი - რუმინეთი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პრეზიდენტმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც უმაღლესი დონის შეხვედრებზე განიხილებოდა.

,,პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს მიმართ  მხარდაჭერის საკითხში რუმინეთში სრული ერთსულოვნება არსებობს. რუმინეთი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ევროკავშირთან ურთიერთობაში, ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. 

რუმინეთი მზადაა ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს საქართველოს, რომელიც მან უკვე გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები კითხვარის შევსებისას,  ასევე, 30 წელია რუმინეთ - საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან,  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ამ გზაზე და ახლაც მზადაა დასახმარებლად. 

ვიცით, რომ კანდიდატობაზე დებატებისას რუმინეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა იმას, რომ საქართველო, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ყოფილიყო ამავე ჯგუფში. რუმინეთი დღესაც მზადაა იმისთვის, რომ ჩვენ ეს გზაც გავიაროთ და დავეწიოთ ჩვენ ორ პარტნიორს. 

ასევე, ერთსულოვნება იყო უკრაინის მიმართაც. სწორედ დღეს განხორციელდა რუსეთის აგრესიის ეს ახალი ტალღა და ახალი იერიში. ეს ჩვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს იქ წყდება ყველას ერთობლივი ბედი, ყველას დამოუკიდებლობა და თავისუფლება და აქ არ არის ორი პოზიცია, არის მხოლოდ ერთი - ეს უკარინისა და უკრაინელების მხარდაჭერაა.

ჩვენ ძალიან კარგი საწყისები გვაქვს, შემდეგი ეტაპისა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის, მთავარი, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომელიც შავ ზღვას შეეხება და რომელიც  რუმინეთს, საქართველოს და ევროკავშირს აინტერესებს. ეს დიდი პროექტები სრულადაა დამოკიდებული შავ ზღვაზე უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. 

კონსტანცაში ჩემი ხვალინდელი ჩასვლაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ ვნახოთ პორტის მდგომარეობა. გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია საბორნე მიმოსვლის განვითარება, რომელზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ასევე, არის იმედი საჰაერო მიმოსვლის კუთხითაც. 

დავსვი საკითხი, რომ ჩვენ რაღაც ფორმატით შევუერთდეთ სამი ზღვის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს ეხება. ალბათ გამართლებულია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ამ ახალ ეკონომიკურ ფორმატს შეუერთდნენ, თუნდაც როგორც დამკვირვებლები.

მეორე მხრივ, ჩვენთვის ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს ,,ბუქარესტის ცხრიანი“, რომელიც ნატოს წევრების მიერ შექმნილი ჯგუფია, რადგანაც ეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებია და ჩვენ შავი ზღვის ქყვეყანა ვართ. აქაც, მოლდოვა, უკრაინა და ჩვენ, ერთად უნდა განვიხილებოდეთ. დღეს ამ ორივე საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ იგრძნობა, რომ მათი მხრიდან ამაზე ფიქრის მზადყოფნა არსებობს“,-  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები