საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ალინა გორგიუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრმა, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალ ხარისხში აყვანის საკითხი.
,,ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერიდან, გამომდინარე ახალი შესაძლებლობიდან და ახალი პროექტებიდან, რომელიც ამას მოყვება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა:-,,მოხარული ვარ, რომ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მაქვს პატივი, ვიმყოფებოდე რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებში გამორჩეული როლი აკისრია საპარლამენტო დიპლომატიას. მჯერა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დღეს ხელმოწერილი დეკლარაცია, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობებზეც სათანადოდ აისახება".