დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს, ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. 

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და რუმინეთის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს რუმინეთის სახელმწიფო დროშას.

სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ერთმანეთს თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინეს. 

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე. 

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში: ,,გულითადად მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები რუმინეთში - საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებს. საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურულ-ისტორიული კავშირები, რომლის სიმბოლოც წმინდა ანთიმოზ ივერიელია, აგერ უკვე მესამე ასწლეულს ითვლის. მწამს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დღეს დადებული ისტორიული შეთანხმება, ახალ ფურცელს გადაშლის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და გახდება საწინდარი ჩვენი ერების კიდევ უფრო წარმატებული მომავლისა და კეთილდღეობისა".

სხვა სიახლეები