საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად, ტაძრის და საგანძურის მცველებს ლილე (ლევან) გუგუსიანს, ზაურ გულბანს, ბაგრატ ნანსყანს (სიკვდილის შემდეგ), მირონ ფირცხელანს, ომარ ქალდანს, იაროსლავ ჩხეტიანს, ტოტა ჭეხანს, რევაზ ხოჯელანს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს რუსუდან ჯაფარიძეს და უშგულის მუზეუმის თანამშრომელს ნანული ჭელიძეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის გადასცა.
როგორც პრეზიდენტმა საგანძურის მცველების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, დღეს დაჯილდოვდნენ ისინი, ვისი თაობებიც ოჯახებით, საუკუნეების განმავლობაში, იცავენ იმ განძს, რომელიც საქართველოს მეფეებმა სხვადასხვა დროს დაუტოვეს.
,,ჩვენ ყველას უფრო და უფრო გვჭირდება ის თავისუფლება, რაც აქ სუფევს და ის გამძლეობა, რაც თქვენთვისაა დამახასიათებელი, ის, რაც დღემდე მოიტანეთ საქართველოს საგანძური: თქვენი ხელოვნება, რომელიც ძალიან მდიდარი და ძალიან დასაფასებელია, ასევე ის, რასაც განდობდნენ საქართველოს მეფეები, ის, რაც იყო აქ შენახული და რისთვისაც თქვენ ასეთი ერთგულება გამოიჩინეთ. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ამ მადლობის ნიშნად, მინდა დღეს დავაჯილდოვო საგანძურის მცველების მხოლოდ ნაწილი, ალბათ ყველას დაჯილდოების საშუალებაც გვექნება.
მინდა დავაჯილდოვო ისინი, ვისი ოჯახებიც თაობებით, საუკუნეების განმავლობაში, იცავენ სწორედ ამ განძს. ეს ამ ოჯახებისათვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია, როცა ყველასგან მიჩნეული ხარ ამ განძის მცველად და პატივცემულ ადამიანად, ეს ოჯახები ამ ტრადიციას უწყვეტად ატარებენ და ეს კავშირი ჩვენს ისტორიასთან, დღევანდელ დღეს, ძალიან გვჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.
მინდა, დღეს გავიხსენოთ ბატონი ბაგრატ ნანსყანი, რომელიც დღეს იქნება დაჯილდოებული და წუთიერი დუმილით გამოვხატოთ პატივისცემა მისი ხსოვნის მიმართ. ის, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ამასთან საზეიმოა ის, რომ დღეს მას ვაჯილდოვებთ სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა