საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა ბიჭვინთის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და მას ანექსიის ერთ-ერთი ფორმა უწოდა

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველო გაეროს წევრობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და გაეროს მდგრადი განვითარების ზოგიერთი მიზნის მიღწევაში საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველო ამ მიზნების განხორციელებისთვის მუშაობას გააგრძელებს. 

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა მულტილატერალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და შეშფოთებით აღნიშნა ბიჭვინთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც მან ანექსიის ერთ-ერთი ფორმა უწოდა. 

მხარეებმა ქალთა მეტი პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ შევიწროვება, ბულინგი, პოლარიზაცია და ცილისწამება ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდისათვის.

პრეზიდენტმა შაჰიდმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ჩატარება მიულოცა, თავის მხრივ, კი, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიური კონფერენცია გახდება. 

საქართველოს პრეზიდენტმა აბდულა შაჰიდს, რომელიც ამავდროულად, მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრიცაა, მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მიერ საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის. აბდულა შაჰიდმა აღნიშნა, რომ მალდივები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე მუშაობას.

სხვა სიახლეები