საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტის ბრიფინგი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ

მოგესალმებით, 

მინდოდა ყველასთვის მეცნობებინა, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას, პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი განკარგულებას. 

მინდა, ისიც ნათელი იყოს, რომ არცერთი ბულინგისა და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს [რიგგარეშე სესიის მოწვევას] და მე მგონი ეს უკვე ყველამ კარგად იცის - მადლობა ზრუნვისთვის!

ხელი მოვაწერე [პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას] რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა ევროკომისიისგან მიღებული 12 რეკომენდაციაა და ჩვენ ეს 6 -7 თვეში, (რა დროც იქნება) უნდა შევასრულოთ, დღეს ეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ამდენად, მიმაჩნია, რომ სესიის გამართვა სრულიად გამართლებულია; ახლა შესვენება გამართლებული არაა. კომიტეტები და კომისიები ასევე, გამართლებულია და მე ყველას მოვუწოდებ: ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ ყველაფერში სრულად მიიღონ მონაწილეობა. 

ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ დროულად მივიღოთ ის კანონები, რაც მისაღებია; ყველა საკითხი და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ჩვენი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ყოფნით უნდა იყოს გადაწყვეტილი. 

ეს ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივაა, ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის არ აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს!

არ შეიძლება, რომ დღეს არ ვთქვა: - ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომლებიც ამჟამად ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება. არა მგონია, რომ ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რამე მტკიცებულებებია, საერთოდ, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ამის შესახებ ელჩთან ერთი-ერთზე გაიმართოს საუბარი და არა ტელევიზიებითა და მედიით გაკეთდეს განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს! 

დიდი მადლობა!

 

სხვა სიახლეები