საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხა“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა.
,,ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, თქვენ ხართ ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი და მინდა ამისათვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მოვახერხეთ ჩამოსვლა ზუსტად თქვენი 40 წლის იუბილეზე.
პოზიტიური დღეები გვაქვს - მინდა, რომ გუშინდელი გამარჯვება, რომელიც მთელი საქართველოს გამარჯვებაა, თქვენც მოგილოცოთ და თქვენი იუბილე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი კულტურის ზეიმი.
თქვენ, სწორედ ამ უძველეს რეგიონში, ამ კულტურას და ამ ტრადიციებს წარმოადგენთ.
ნიშანდობლივია, რომ ყველგან, სხვაგან წვიმს, აქ კი მზეა! რაც იმის ნიშანია, რომ ეს არაჩვეულებრივი ადგილია და ეს ადგილი, სადაც თქვენ ამ უძველესს ტრადიციას აგრძელებთ, მართლაც დალოცვილია.
დავამატებდი იმასაც რომ, დღევანდელ დღეს, როცა ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე (აქ ევროპული დროშა, აჭარის დროშა და საქართველოს დროშაა) ზოგიერთებს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოჰყავთ ტრადიციები და ევროპა - ვითომც, თუ ევროპაში შევალთ, ამ ტრადიციებს დავკარგავთ. ეს პირიქითაა! ჩვენი ადგილი მრავალფეროვან ევროპაში სწორედ იმითი იქნება გამაგრებული, რომ ჩვენ იქ შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და ჩვენი კულტურით, და ეს არის ის, რაც საუკუნეების მანძილზე აძლიერებდა მთლიანად საქართველოს; ეს არის ის, რაც ხვალ, საქართველოს იმ დიდ ევროპულ ოჯახში გააძლიერებს.
ამიტომ, თქვენი მემკვიდრეობა და ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღევანდელ ზეიმშიც მონაწილეობენ, მათთვის თქვენ ძალიან დიდი მაგალითი ხართ და უღრმესი მადლობა ამ მაგალითისთვის!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
,,ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ,,ბერმუხას”, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყეა და რომელსაც არაერთხელ წარმოუჩენია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ხულო, აჭარა და ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ უსახელებია ქართული სული და ჟინი, დაუფასდა ეს დიდი ღვაწლი.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩვენი ინიციატივის გაზიარებისთვის. როცა ვუყურებ ჩვენს ,,ბერმუხელებს“, კიდევ უფრო მეტ მოტივაციასა და შემართებას გვაძლევს ყველას, რომ შეიძლება დიდი შემართებით, დიდი სულით და ამ დიდი ჟინით ძალიან ბევრი წელი წარმატებულად იყო ქვეყნის სამსახურში.
დამსახურებული ღირსების ორდენი უფრო დიდ შემართებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო შორს გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ღირსების ორდებით დაჯილდოვდნენ: ფოლკლორული ანსამბლის „ბერმუხას“ წევრები: თემურ აბულაძე, მუხამედ ირემაძე, რევაზ აბულაძე, იაკობ ადაძე, რევაზ ვანაძე, ოთარ ირემაძე, ოთარ კახაძე, ეუბ მგელაძე, იოსებ მგელაძე, შოთა სოლომონიძე, ჟენია სურმანიძე, ვაჟა ფასანიძე, შოთა შავაძე; ანსამბლის ქორეოგრაფი: გურამ ბოლქვაძე და აკომპანიატორები: ზაურ ბოლქვაძე, გურამ თავართქილაძე, გია მელაძე, მერაბ ქედელიძე;