ქართულ-პოლონურმა არქეოლოგიურმა მისიამ, რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით საქმიანობს, ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინა

ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს.

უკვე რამდენიმე წელია არქეოლოგიურ მისიაში - ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ.

არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, .. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია.

პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.

პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა და პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სხვა სიახლეები