ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს!

ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც ორბელიანების სასახლეში უნდა ჩატარებულიყო გავაუქმე, რადგან დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი ერთი და მხოლოდ ერთია და ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. 

დღეს ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი ბოლომდე იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას  საქართველო მის გვერდით დგას!

ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსა და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისათვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა  ყ ველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.  

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი იმ ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა გამოვუცხადო! მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს, რომლებიც დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას შეეწირნენ.

უნდა შევუერთდე გაერო-ს გენერალური მდივნის და ყველა სხვა ლიდერის დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას. 

მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას და მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია!

საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო,  ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ მთელი ერი უკრაინის სუვერენობის, ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს ვდგავართ!

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო მას. ჩემი მხრიდან კი, მზად ვარ, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილებით წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ყველა ჩვენგანის საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა იქაც მოისმინონ. 

ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მხარეს, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს და ეს არის ის,  რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება!

 

 

სხვა სიახლეები