​სალომე ზურაბიშვილი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველო - ნატოს ურთიერთობის ქვაკუთხედია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
 
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატო-სთან ერთად მასპინძლობს ნატო-ს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
 
,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ძალიან დიდი ნიშანია იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ; რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
 
ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
 
,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია, თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით ახლა უკვე თბილისში შედგა ჩვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გამოხატავს.

საქართველო ნატო-ს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.
 
ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.
 
ამას გარდა, საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც როგორც საქართველოს, ასევე ნატო-ს ინტერესშია. საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
 
ნატო-ს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატო-ს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
 
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მისი მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება - ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნების შესახებ.
 
,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები.

ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში, ან სხვანაირად.

არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არებული ვალდებულებები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი: ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სამხედრო ასისტენტი გიერმუნდ ეიდე, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი სტეფან ელგერსმა, გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატოს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.

სხვა სიახლეები