​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანიის AIR FRANCE პირველი რეისის პირველი მგზავრი იყო

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.

,,ძალიან დიდი ხანი ველოდი პირდაპირ რეისს პარიზსა და თბილისს შორის. ეს კარგი  და სასიხარულო ამბავია, არა მხოლოდ ჩემთვის. ჩემსავით, საქართველოც დიდხანს ელოდა საფრანგეთის ავიახაზების თბილისში  შემოსვლას და ამ კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საფრანგეთს ჩვენთვის სხვა დატვირთვა აქვს. დღევანდელი დღე სიმბოლურია იმ მხრივაც, რომ საფრანგეთი სიმბოლურად უბრუნდება ალექსანდრე დიუმას გზას და ამით პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ჰქონდა საქართველოს.

ეს არის ახალი ეტაპი საქართველო - საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებში და, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დღეს საფრანგეთი მზარდ როლს თამაშობს ევროპაში და პრაქტიკულად, ევროპის მომავლის ლიდერი ხდება. ეს არის საქართველოსთვის ევროპაში დაბრუნება და ევროპასთან პირდაპირი კავშირი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ვამბობთ: -  მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ვგულისხმობთ მეტ ტურისტს, მეტ ინვესტორს, მეტ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს. ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი შესაძლებელია, როცა არსებობს ასეთი პირდაპირი კავშირები.

მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანელი დღე! არ ვიცი საქართველოს ახალ პრეზიდენტს რაიმე წვლილი თუ მიუძღვის ამ კავშირის დაფუძნებაში, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად, არანაირ ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემი მანდატის პერიოდში,  საქართველომ შეძლოს და დაამყაროს სწორედ ასეთი პირდაპირი და ხშირი კავშირები, კომუნიკაციებისა, თუ ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან, და ამით საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის რუკაზე, როგორც ერთ-ერთმა, რიგითმა ევროპულმა ქვეყანამ”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა 

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ავიაკომპანია ’’Air France-KLM-ის კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის  ვიცე პრეზიდენტი სებასტიან გუიო. ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერატორები, ბლოგერები და ჟურნალისტები, ტურიზმისა და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან