პრეზიდენტი - ომი უკრაინაში საქართველოსთვის გამოწვევაა, რადგან ის ხსნის ჩვენს იარებსა და ჭრილობებს და იმ შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელ მცირე სახელმწიფოს აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

ძვირფასო ელჩებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო და ძვირფასო სტუმრებო,

ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენი მასპინძლობა.

ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამავდროულად იმედიანი წელი იყო.

ეს იყო უკრაინის წელი. უკრაინა, რომელმაც ამ არაპროვოცირებულ და სრულიად უსამართლო აგრესიის ქარცეცხლში გაიარა, უკვე 10 თვეა უძლებს ამ ყველაფერს. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს იყო გამძლე, რას ნიშნავს გაუძლო ამ ყველაფერს და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. 

ამ პროცესში უკრაინელმა ხალმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ან სულ მცირე, უკვე დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე შეცვალა. დაამარცხა რუსეთი, რადგან მსოფლიომ დაინახა ის, რისი დანახვაც მანამდე არ სურდა - წინა აგრესიები: 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. 

წლევანდელი წელი ასევე ევროპის წელი გახლავთ. ევროპაში ასევე არის გამოწვევები და არის იმედიც. გამოწვევაა, რადგან, ევროპის შექმნის ბაზისი - სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავით ომებისგან, ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში, ეს გამოწვევები, გარკვეულწილად, ამარცხებს ევროპის ამ მიზანს, თუმცა, ეს ასე არ არის და ამ გამოწვევების წყალობით, ევროპა რეალურად გაიხსნა, გაფართოების პერსპექტივების მიმართ უფრო გახსნილი გახდა და ეს ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგია. ვხედავთ, რომ აქ ჩვენ გვაქვს სრული, ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და აჩვენებს თუ რას ნიშნავს იყო ახალი ძალა.

ეს არ არის მარტივი პროცესი - გაერთიანდე, იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად რთული და მძიმეა ეს მოსახლეობისთვის; მაგრამ ამის შედეგად ევროპა ახლა ხდება ძალა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული და პატივცემული ყველა მხარის მიერ. ხდება მისი ერთიანობის, მყარი ერთიანი გადაწყვეტილების დემონსტრირება და ჩვენება. სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ახლოს ყოფნა და ინტეგრირება.

ეს წელი ასევე გახლდათ ქალების წელი, ისევ და ისევ უკრაინელი ქალების წელი, ირანელი ქალების წელი და მინდა, მათ მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. 

როგორი წელი იყო საქართველოსთვის? აქაც არის გარკვეულწილად, ნარევი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობებისა. რა თქმა უნდა, თავისთავად, ომი უკრაინაში საქართველოსთვის გამოწვევაა, რადგან ის ხსნის ჩვენს იარებსა და ჭრილობებს და იმ შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს, განსაკუთრებით, შედარებით მცირე სახელმწიფოს აქვს. და მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ხალხის სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი ამ მდგომარეობის მიმართ, იქნება ეს ერთეული ინდივიდების, მებრძოლების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინელ ძმებთან ერთად იბრძვიან, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციები ქუჩებში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება და ა.შ. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ [მხარდაჭერას] და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა და მათი სათქმელი არის ის, რომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. 

ახალი გამოწვევები გამოჩნდა ასევე, ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც, ჩვენ მადლიერნი ვართ ამ პერსპექტივის, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ბრძოლის შედეგად და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის ხურავს იმ დებატებსა და კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა გეოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები - ახლა ეს დისკუსია დაიხურა. 

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ამ ახალ პროექტებთან დაკავშირებით. დღეს ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის გადაცემის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც აჩვენებს ევროპასთან კავშირის მნიშვნელობას.

კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუება. მოსახლეობაში, რომელიც არასოდეს ყოყმანობდა და რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ევროპისაკენ მიმავალი გზიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას და ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას მისი სახელმწიფო უწყებებისა და მისი პოლიტიკური ლიდერებისგან, რას ელოდება ელიტისგან. ცხადია, ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მოვისმინოთ მათი მოლოდინები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებთან და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მიღმა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ და აღიარებენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. თქვენ [პარტნიორებო] არ უნდა დაივიწყოთ და გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი. 

უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას და რომელიც გვაჩვენებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს თავისი ნება-სურვილი თავის მეზობლებს მოახვიოს თავს, გამოწვევა რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან არის შემდეგი: ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამას დამატებითი ანალიზი სჭირდება, ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ფიქორბდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაკრიტიკება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოკუპანტის. ეს მთავარ გამოწვევად რჩება და დარჩება, სანამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან უწევთ ცხოვრება, ისინი არიან მობილიზაციის მსხვერპლნი, მათ უწევთ ასევე, მუქარის ატანა, მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ასე, ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა. 

ასევე, კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთიდან მასიური მიგრაციაა. ეს გამოწვევა, გარკვეულწილად, შესაძლებლობაა, რადგან კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს გახსნილი საზღვრები, განსაკუთრებით წარმოშობით ქართველებისათვის, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები.

ასევე, ძალიან დიდი გამოწვევებია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო. ეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის ხელშია და როდესაც ეს დრო მოვა, თუ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ 1992, 2008, 2014, 2022 წლების სცენარებისა და ბევრი სხვა აგრესიის გამეორებას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩვენი მეზობლების მიმართ ხდებოდა, ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია ევროპის კონტინენტზე არ არის მისაღები და ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე. 

დაბოლოს, საქართველოს წინაშე არსებულ ასეთ ძალიან დიდ გამოწვევებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა, განსაზღვროს ჩვენი ერის მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევები რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური და ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს, რადგან ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია: მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, მათ სურთ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი ფიგურები, ახალი პერსპექტივები და ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება იქნება ეს უმრავლესობა, თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. 

და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას უწყობს ხელს, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისა და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაცია და დაველოდოთ 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ (და მინდა ვიყო დარწმუნებული) საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა თავის მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტასა და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე იყოს კონცენტრირებული, იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ და ესაა სწორედ ის, რასაც ვუსურვებ ქვეყანას 2023 წელს და მინდა, გისურვოთ ყველას, თქვენ, თქვენ ოჯახებსა და მთლიანად მსოფლიოს. 

ძალიან დიდი მადლობა!