საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი - წმინდა გრიგოლ ფერაძე თავდადებით აღსრულდა სხვებისთვის და მან გვიჩვენა, რას ნიშნავს ადამიანის ღირსება

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მოგესალმებით,

ძალიან რთულია ამ ადგილას ადამიანმა მოძებნოს სწორი სიტყვები, იმისათვის რომ გამოხატოს ის, რაც აქ ხდებოდა, თუ ხდება. 

აქ, ალბათ, ჯოჯოხეთის კარებთან ვიმყოფებით. აქ არის ადამიანის ყველაზე დიდი სირცხვილი, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი სიძულვილით და ტოტალიტარიზმით, ტოლერანტობის არარსებობით და სხვისი აუტანლობით. აქ არის ადგილი, სადაც ალბათ გვინდა, რომ ვთქვათ: - ,,ეს აღარასოდეს მოხდება, რომ ეს იყო 80 წლის წინ, რომ ამ საუკუნეში ამას აღარ ვნახავთ“. 

მაგრამ დღესაც არსებობს ადგილები, სადაც ადამიანები ადამიანებს ექცევიან ისე, რაც ჩვენ უნდა დავგმოთ, ბუჩაში, ირპენში აქედან, 1000 კილომეტრში კატინია. 

ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ შეიძლება დავკარგოთ იმედი. ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ - ,,გვიხსენ შენ ბოროტისაგან!“, მაგრამ ამავდროულად, (ეს არის სასწაული ადამიანისა) ეს არის იმედის ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი თანამემამულე, წმინდა გრიგოლ ფერაძე მოვიდა და დასრულდა, თავდადებით აღსურლდა სხვებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, რას ნიშნავს ადამიანის ღირსება. მისი, როგორც სხვა ბევრის თავდადება, (აქ მარტო არ იყო და ამ კედლების გარეთ კიდევ ბევრნი იყვნენ) არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ ადამიანი სხვა რამაა.

გრიგოლ ფერაძე არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს - ერთმანეთის მოძულე ერი, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ვიყოთ, რომ ჩვენში სხვა შესაძლებლობები და სხვა ღირსებებია და ამ ღირსებებს უნდა დავუბრუნდეთ. 

ადამიანი, რომელიც უპირველესი გაგებით ევროპელი იყო. მან ისწავლა ბერლინში, ვარშავაში, პარიზში, ლონდონში და ეს ყველაფერი ამ კედლებში დატოვა. იგი ქართული ეკლესიის ისტორიკოსი იყო, ყველგან ეძებდა იმ ხელნაწერებს, რითაც შეივსებოდა ქართული ეკლესის ისტორია, პალესტინაში, ჯვრის მონასტერში და სხვა ადგილებში, რაზეც თვითონაც წერდა.  

დღეს, 6 დეკემბერია, მისი გარდაცვალების დღე. გავიხსენოთ გრიგოლ ფერაძე, გავიხსენოთ ის, რაც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გვჯეროდეს ადამიანისა, არ დავკარგოთ რწმენა და გვჯეროდეს საქართველოს ღირსებისა! ამინ!