საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი - უკრაინა არის მაგალითი, რომ როცა ქვეყანა ერთიანია, როცა პოლარიზაცია გვერდზეა გადადებული, მაშინ ქვეყანა ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი მე ვარ ჩვენი მასპინძლობისათვის და ჩვენი უკვე მერამდენე შეხვედრის შესაძლებლობისათვის. პოლონეთში ვიზიტით 2019 წელს ვიყავი, შემდეგ, 2021 წელს, თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება, რამეთუ ჩვენთვის დღეს, მართლაც, ურთულესი პერიოდია, არა მხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისა და მთლიანად ევროპისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. 

10 თვეა უკვე, რაც (კიდევ ერთხელ) რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და გამოავლინა თავისი ექსპანსიური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე; 10 თვეა, რაც უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ეს სასტიკი და უსამართლო ომი მიმდინარეობს; ამ 10 თვეში უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა და მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა რას ნიშნავს თავისი ქვეყნის დაცვა, გვაჩვენა რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოს, როგორც ამ სივრცის ნაწილის, თავისუფლების დაცვა; რას ნიშნავს ის, როცა მთელი საზოგადოება გაერთიანებულია. მე ამას ვამბობ საქართველოსთვის. უკრაინა არის მაგალითი, რომ - როცა ქვეყანა ერთიანია, როცა პოლარიზაცია და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს, გვერდზეა გადადებული, მაშინ ქვეყანა ძლიერია, მაშინ შეიძლება ყველაფერს გაუძლოს და მართლაც, ყველაფერს უძლებს. 

ამ წუთებშიც, უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, ძლიერი იერიშები ხორციელდება, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს, გაუძლებს თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რადგან ერთიანია და თავისი ქვეყნისა და სამართლისთვის იბრძვის.

მინდა აქვე აღვნიშნო და პრეზიდენტს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოთქვა - მე აქ წარმოვადგენ... ჩემს მიერ დაფიქსირებული ყველა პოზიცია არა ჩემი პირადი, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიციაა: საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 წელს, 1992 წელს გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი ერთია და ამიტომ  სრულად, მთლიანი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის მიმართ სოლიდარული, რომ საქართველომ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, არ შეიძლება არ დაუჭიროს მხარი უკრაინას. ახლა ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეკონომიკურად და სოციალურად მთელი საზოგადოება [არ უჭერს მხარს უკრაინას]. მე მინდა ყველამ ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს და თბილისის ქუჩებში საქართველოს სოლიდარობა.

მინდა, დღეს, ეს ტრიბუნა გამოვიყენო და პატივი მივაგო იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც თავიანთი ნებითა და თავდადებით ჩართულნი არიან ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება. 

მინდა ვთქვა, რომ დღეს ეს ბრძოლა, ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა, როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ, სხვანაირად არ ხდება, ისტორიულად, მოვა დრო, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც საქართველოს პირობებში და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იყო დაშვებული. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ან და ექსპანსიას და რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს ამ ომის ის შედეგია, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, [რუსეთის გრძნობებს კი არ უნდა გაუფრთხილდეს] არამედ ყველა იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც ამდენი ხანია რუსეთის ირგვლივ  მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია - ,,ჩემი საზღვარი ჩემია“, ,,შენი საზღვარი შენი უნდა იყოს“და ,,შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“.

ჩვენ მადლიერები ვართ და ვიცით, რომ არა უკრაინის ბრძოლა, არ იქნებოდა ასე დაჩქარებული ჩვენი, უკრიანის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისათვის მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა. 

საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა ერქვა და ის დისკუსია - იყო თუ არა საქართველო ევროპა - დამთავრებულია! ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა! 

შემდეგი ეტაპი ის სტატუსია, რაც სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ვერ მივიღეთ. ამის სხვადასხვაგვარი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცით, რომ ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, ისევე როგორც მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში, რაც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას შეეხება. ეს ჩვენი მოსახლეობის 80% -ის სურვილია.  ამ ბოლო, 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის ეს რაოდენობა არ შეცვლილა და ჩვენ ამ გზას განვაგრძობთ და ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც დაგვიჭერს მხარს. 

მინდა, საქართველოს მადლიერება გამოვხატო და აღვნიშნო, რომ არამხოლოდ ბოლო, 30 წელში, არამედ ბოლო ორ საუკუნეში პოლონეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო. მაგალითად, 1921 წელს სტამბოლიდან წამოიყვანა და აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო ის ოფიცრები, რომლებიც სწორედ იმდროინდელ რუსულ აგრესიას და რუსულ ოკუპაციას გამოექცნენ. ეს ჩვენი, ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორიაა და ეს არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს და დარწმუნებული ვარ ერთიან მომავალ ევროპაში. 

პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობას. 2008 წელს, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთი და სწორად შეაფასა მომავლისთვის იმდროინდელი საფრთხე, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღეს, პოლონეთი ჩვენს გვერდით დგას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პოლონელია და ამ მისიაში 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს. ვიცით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივა იყო, მხარს უჭერდა ასოცირებას და ასოცირების ტრიოს, ვიცით, რომ პოლონეთი ხვალაც, ევროინტეგრაციის, ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მთავარი მეგობარი, ხელშემწყობი და მხარდამჭერი იქნება.

მინდა, კიდევ ერთხელ, ყველაფრისთვის ჩვენი მადლიერება გამოვხატო და გამოვთქვა ჩვენი ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით ევროკავშირის, ამ გაერთიანების სრულყოფილი წევრი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის. ამის იმედი გქონდეთ ბატონო პრეზიდენტო!

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა:

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 

ძვირფასო საზოგადოებავ,

ძვირფასო დელეგაციის წევრებო,

ჩემთვის უდიდესი პატივია, ამ რთულ დროს, უკრაიანის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირობებში, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. 

ეს, ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონეთისა და საქართველოს ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობები.

ქალბატონ პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადე მისი იმ პოზიციის გამო, რომელსაც ის ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი.

ასეთი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარე იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოსთვის. ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად, არაერთხელ დაფიქსირების გამო.

პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიებს 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თავისი ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ, ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. მან თქვა, დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და ამ აგრესიულ ისტორიაში შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგებაო, და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას,  ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს. 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის  საკითხში მონაწილეობს, როგორც საქართველოს მხარე. 

ჩვენ ყველანაირ, მათ შორის, სამხედრო დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას.

უკრაინაზე, ბოლო რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში, კვლავ დიდი თავდასხმები ხორციელდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, უკრაინა კი, დიდ წინააღმდეგობას უწევს. 

რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. 

ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას და იმედი გვაქვს, რომ  რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ეს საკითხი ასევე შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. იმედია, რუსეთი დამარცხდება და ამ ტერიტორიებს დააბრუნებს. 

მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა ნატოში.

პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა  და კვლავ დაუჭერს  საქართველოს ამ მისწრაფებებს. ეს ჩვენი, საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოების მოსაპოვებლად.

კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დიდი მადლობა!