
დიდი მადლობა, პირველ რიგში, სვანეთში მასპინძლობისათვის!
ხოჩა ლადეღ!
აქ, სვანეთში სხვა, უფრო ძლიერი და თავისუფალი საქართველო იგრძნობა, არ ვიცი რატომ. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ გალაღებულია სვანეთი, რადგან აქაც ძალიან ბევრი პრობლემაა. ბოლოს 4 წლის წინ ვიყავი აქ და დღეს მეჩვენება, რომ ბევრად გაცოცხლებულია სვანეთი და ძალიან ბევრი მიმართულებით მიდის წინ, იმედი მაქვს, არ ვცდები.
მართალია, როგორც ყველამ თქვენც განიცადეთ კოვიდის პერიოდი, რომელმაც რაღაც ფორმით შეანელა ეს წინსვლა, მაგრამ მაინც არის ახალი სიცოცხლის სურნელი, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს ცხადია, ნაწილობრივ დაკავშირებულია ტურიზმთან და ძალიან კარგია, რომ ტურიზმი გამოცოცხლდა. ძალიან ბევრი აქვს სვანეთს გასაცემი, ჯერ კიდევ არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც უნდა იყოს. მთავარია, რომ ტურიზმის განვითარებაში სწორი გზა იქნას არჩეული. მსოფლიოში ძალიან ბევრი, სხვადასხვა სახის ტურიზმი არსებობს და ზოგიერთ ფორმას თავისი, ძალიან ბევრი მინუსი აქვს.
კულტურის მიმართულებით სვანეთი მდიდარი საგანძურია. უნდა მოვიზიდოთ იმ კატეგორიის ტურისტები, რომლებიც მართლაც დაინტერესებულნი იქნებიან ყველაფრით, რაც სვანეთს გააჩნია და არა მხოლოდ ზედაპირულად, ლამაზი ბუნებით. ასეთი ბუნება იშვიათია, მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია, როცა ბუნებასთან ერთად, არის უნიკალური კულტურა და ამდენი, არაჩვეულებრივი სანახაობა.
მე, პირადად, ამჯერადაც გავაკეთე ბევრი აღმოჩენა და ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სანახავი, ეკლესიები და ეკლესიებში შენახული, დღემდე მოტანილი საოცარი სიწმინდეები. თუ ტურისტი ჩამოდის აქ, ამ ყველაფერს უნდა იზიარებდეს, მაშინ ჩვენი ტურისტები, მეგობრები გახდებიან, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება.
მხოლოდ ტურიზმი არ არის, ასევე ვითარდება სამთო-სათხილამურო მიმართულებაც. გუშინ ვნახეთ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი ტრასები. მაგრამ ამ კუთხითაც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მართლაც მგონია, რომ სვანეთი, ეს არის ხერგიანების კუთხე და არა მხოლოდ. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია ამ კუთხიდან და ეს მხარე იმსახურებს, რომ აქ არსებობდეს ნამდვილი, საერთაშორისო დონის სპორტსკოლა - არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ თანამედროვე დონისა და მეთოდების მქონე უცხოელი ტრენერებით და ეს სვანეთის განვითარების ახალი ეტაპი იქნება.
სვანეთის ენერგორესურსები
სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით. ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის.
ცხადია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ამ რეგიონისათვის მისაღები და მისი შესატყვისი, საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი ამ რეგიონის მკვიდრებთან ერთად, ამას სჭირდება თვითმმართველობისათვის მეტი თავისუფლება, მეტი ბერკეტები და მეტი უფლებები, რადგან რეგიონები ცოცხლები იქნებიან, როცა უფრო მეტად ექნებათ თავის თავზე გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
ამავე დროს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სვანეთის წიაღისეული რესურსები, რომლებიც თქვენს ხელში უნდა იყოს. ეს სახელმწიფოსიც არის, მაგრამ ყველაფერი ერთობლივად უნდა იყოს გადაწყვეტილი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითმართველობის დონე. ასე რომ, სვანეთს ძალიან დიდი მომავალი აქვს.
ეროვნული თანხმობა
ყველას გვტკივა ის ძალიან მძიმე ფონი, რომელიც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში: გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ლანძღვა, აუტანლობა. რაც არსებობს დღეს, ეს ალბათ, თქვენთვისაც მიუღებელია. ეს მხარე დღემდე ასე ძლიერი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა.
და მე მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა. ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! Საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რაც გააძლიერებს ქვეყანას.
ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინაა. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება! ეს ჩვენც შეგვიძლია. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ!
სვანური ენა
თქვენ იცით, მე როგორ ვაფასებ სვანურ ენას. ეს არ არის მხოლოდ დაფასება, სვანური ენა აუცილებლობაა, აუცილებლობა თქვენთვის, რომ დარჩეთ და იყოთ რაც ხართ, მე არ გჭირდებით ამის გასაგებად და ამის სათქმელად. სვანური ენა სჭირდება საქართველოს, რადგან რეალურად ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად, სწორედ, სვანურ ენაზეა დაფუძნებული და თქვენ თუ აღარ ისაუბრებთ სვანურად, ჩვენც დავკარგავთ ამ ძალიან დიდ და მდიდარ ენას და ქვეყანამ, რომელსაც აქვს ასეთი მდიდარი სამი ენა, როგორ შეიძლება არ იამაყოს ამით, არ გავიტანოთ გარეთ და რაღაც, ჩემთვის გაუგებარი და მე მგონი, უაზრო შიშებიდან გამომდინარე, არ განვავითაროთ ის, რაც გვაქვს.
სასამართლო რეფორმა და სვანური სამართალი
იგივეს ვიტყოდი სვანურ სამართალზე. თქვენ იცით, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბარი მიდის სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისათვის. ამ რეფორმების დროს საჭიროა, გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს (სვანეთშიც.. თუშეთშიც, მაგრამ სვანეთში ბევრად დახვეწილი და განვითარებული ფორმით) და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები.
მაგალითად, დღეს ძალიან საჭიროა მედიატორობა. მედიატორის ინსტიტუტი ახალ მნიშვნელობას იძენს და ძალიან პოპულარულია. ეს ტრადიცია აქ არსებობს და რატომ ვიგონებთ ახალს, რაც უკვე გამოგონილია და აქ, სვანებმა თავიანთი თავი და იდენტობა უნდა გამოაჩინონ.
საგანძურის მცველები
ჩვენ ყველას უფრო და უფრო გვჭირდება ის თავისუფლება, რაც აქ სუფევს და ის გამძლეობა, რაც თქვენთვისაა დამახასიათებელი, ის, რაც დღემდე მოიტანეთ საქართველოს საგანძური: თქვენი ხელოვნება, რომელიც ძალიან მდიდარი და ძალიან დასაფასებელია, ასევე ის, რასაც განდობდნენ საქართველოს მეფეები, ის, რაც იყო აქ შენახული და რისთვისაც თქვენ ასეთი ერთგულება გამოიჩინეთ. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ამ მადლობის ნიშნად, მინდა დღეს დავაჯილდოვო საგანძურის მცველების მხოლოდ ნაწილი, ალბათ ყველას დაჯილდოების საშუალებაც გვექნება.
მინდა დავაჯილდოვო ისინი, ვისი ოჯახებიც თაობებით, საუკუნეების განმავლობაში, იცავენ სწორედ ამ განძს. ეს ამ ოჯახებისათვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია, როცა ყველასგან მიჩნეული ხარ ამ განძის მცველად და პატივცემულ ადამიანად, ეს ოჯახები ამ ტრადიციას უწყვეტად ატარებენ და ეს კავშირი ჩვენს ისტორიასთან, დღევანდელ დღეს, ძალიან გვჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.
მინდა, დღეს გავიხსენოთ ბატონი ბაგრატ ნანსყანი, რომელიც დღეს იქნება დაჯილდოებული და წუთიერი დუმილით გამოვხატოთ პატივისცემა მისი ხსოვნის მიმართ. ის, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ამასთან საზეიმოა ის, რომ დღეს მას ვაჯილდოვებთ სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად.