საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ გზაზე

რომი, კვირინალეს სასახლე 

საქართველოს პრეზიდენტი:

25 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახლემწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს გაიმართა  და ამავე დროს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წელს. ასე რომ, ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს და იტალიას აქვთ არა ოცდაათწლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები და ჩვენი ორი კულტურა და ცივილიზაცია უკვე ძალიან ბევრი საუკუნის წინ იცნობდა ერთმანეთს და თანამშრომლობდა. 

ვიმყოფები რომში და ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის, სადაც 65 წლის წინ, რომის ტრაქტატების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის იდეას. სხვათაშორის, და ეს ბევრმა ალბათ, არ იცის, ან დავიწყებულია, რომ ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუცია დაიწერა ქართველი ემიგრანტი პროფესორის მიხეილ მუსხელიშვილის მიერ და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, მაგრამ, თუ ეს ერთ-ერთი ისტორიული ფაქტია, ბევრად უფრო ძლიერია ის, რომ საუკუნეებია, რაც საქართველო ევროპისკენ იყურება და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს და ბოლო 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ ურყევად იყურება, არამედ, 80 პროცენტზე მეტი მყარად უჭერს მხარს ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს, რომელიც დღეს ახალ ჭრილში ჩანს, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. 

ამიტომ ამ წარსულიდან, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც საქართველოში არსებობს და ვიცით, რომ იტალია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.

იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესზე საქართველოს მოსახლეობის 88 პროცენტისთვის, რომელიც საქართველოს ინტეგრაციას ემხრობა, სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო იქნება, იქნება აღიარება საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა და იმისა, რომ მისი ადგილი იქ არის. 

ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები და თუ აჩქარებულია ინტეგრაციის პროცესი, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და არანაირი შეფერხება მას თან არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ჩვენი გზა ევროპისკენ.

ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინისა და იმ სასტიკი რუსული აგრესიის შესახებ საუბრისაგან, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც  ეხება არამხოლოდ უკრაინას,(როგორც ძალიან დიდი ტრაგედია) არამედ ეხება რეგიონის უსაფრთხოებას. 

ეს ჩვენთვის ძალიან ახლოა, რადგან ჩვენ იგივე აგრესია არაერთხელ გავიარეთ - 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ეს ამავე დროს მთლიანი ევროპის უსაფრთხოებას ეხება და ამიტომ, ეს ჩვენი ყველას საერთო გამოწვევაა და სოლიდარობაც განუყოფელი უნდა იყოს - როგორიც არის გამოწვევა და იქნება ისეთივე პასუხი. 
და კიდევ ერთხელ, ამ რუსულ აგრესიაზე ევროპის მთავარი პასუხი, პირველ რიგში, სწორედ უკრაინის გამყარებაა, რადგან მან გახსნა ეს გზა და ასევე გახსნა მოლდოვასა და საქართველოს გზა ევროპისკენ. 

ეს არის მშვიდობიანი და ნაღდი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ეს რუსეთის აგრესია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გაგრძელდეს, მაგრამ უკვე წარუმატებელია, რადგან მას ევროპა დახვდა ფხიზელი და დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორც არასოდეს და ის გადაწყვეტილებები, რაც ევროპის მიერ იქნა მიღებული მყარია და არ იქნება ადვილად შეცვლილი.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან ურთიერთობაზე. მადრიდის სამიტს ველოდებით და ეს გზაც საქართველოსთვის უალტერნატივო გზაა და იტალია ჩვენ გვერდით დგას ეს იქნება სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიებში ჩვენი თანამშრომლობით თუ ნატოში თვით ჩვენი მხარდაჭერით.

ეს ახალი მსოფლიო გამოწვევები, ასევე, ახალი შესაძლებლობების მქონეა და ახალ გზებს ხსნის. ჩვენ ვხედავთ, რომ კავკასია და ცხადია საქართველო, პირველ რიგში, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მისი სატრანზიტო გზები ვაჭრობის, თუ ენერგეტიკის კუთხით დღეს უფრო დატვირთულია  და ეს გზა შავ ზღვას და შუა აზიის თუ შორეულ აზიას შორის უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მთლიანად ევროპისთვის. 

ესეც ჩვენი სამომავლო ევროპული და ქართული ურთიერთობების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა უნდა გახდეს და ამაში იტალიის როლი შესაძლოა ცენტრალური გახდეს. შავ ზღვას ვახსენებ, აქაც ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, რამეთუ იტალიაც ჩვენსავით მიიჩნევს, რომ საჭიროა ევროკავშირმა ჩამოაყალიბოს, და (ჩვენც ამის ნაწილი უნდა ვიყოთ) შავი ზღვის სტრატეგია, სადაც განხილული იქნება როგორ უნდა შენარჩუნდეს ამ ზღვაზე, (რომელზეც დღეს ასევე დიდი გამოწვევებია) სტაბილურობა და მშვიდობა, რათა ევროკავშირთან თანამშრომლობის  ყველა ახალი პროექტს სრულად გაშლის საშუალება მიეცეს. 

ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ამ ახალ მსოფლიოში და ახალ ევროპაში ჯდება და ცხადია, რომ ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენს ურთიერთობებშიც ასევე გაჩნდეს ახალი საწყისები.

საერთოდ, პრეზიდენტების ვიზიტები, ან ერთი ან მეორე მხრივ, იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენ მივცეთ ახალი ბიძგი ახალ ურთიერთობებს. არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც არსებობს, უნდა მოვითხოვოთ მეტი, უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ბიზნესს, რომ არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და საჭიროა, რომ ჩვენ ეს ყველა შესაძლებლობა უფრო სრულყოფილად გამოვიყენოთ. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ბიზნესფორუმი, სხვადასხვა თანამშრომლობის უკვე არსებული ხელშეკრულებები, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს უფრო აქტიურ პრაქტიკაში და ამის ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს. ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები - ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს არის ყველაზე მიმზიდველი დარგი, სადაც შეგვიძლია ძალიან ბევრი მივიღოთ იტალიასთან თანამშრომლობით. ასევე კულტურა, რომელიც ისედაც გვაერთიანებს, მაგრამ იტალიის გამოცდილება სხვადასხვა დარგში ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყანა, რომლესაც შეუძლია  კიდევ ძალიან ბევრი გვასწავლოს და გაგვიზიაროს იმ მიმართულებებში, რაც ჩვენიცაა და მისიც.  და განათლება... განათლების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ჩვენ განათლება გვინდა მივიღოთ ევროპაში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერასმუსი, ,,Horizon 2020“ და ყველა საშუალება, რაც მოგვეცემა ევროკავშირის ფარგლებში და ასევე ორმხრივადაც. ჩვენი სტუდენტები, მკვლევარები ერთად უნდა მუშაობდნენ, რადგან ეს ყველაზე ნაღდი გზაა ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გაევროპელების და ჩვენი ხალხის გაერთიანების.

ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო!

 

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი - სერჯო მატარელა

გამარჯობა!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,კვირინალეს“ სასახლეში.

ჩემთვის, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის, ძალიან დიდი პატივია ვმასპინძლობდე  ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს. ჩემთვის პირადად, დიდი სიამოვნებაა ,,კვირინალეს“ სასახლეში მივიღო იგი.  ძალიან საინტერესო იყო მასთან და მის დელეგაციასთან საუბარი.

საქართველოსა და იტალიას, ყველა თვალსაზრისით, საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობების ისტორია გააჩნიათ, ურთიერთობა, რომელიც ისტორიულ მეგობრობაზეა დამყარებული და რომელიც ყოველთვის ვითარდება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი სწორედ ამის დამადასტურებელი ფაქტია.

მე მახსოვს ჩემი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რომელიც ოთხი წლის წინ განვახორციელე თბილისში. ეს ვითარება ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ზეიმით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნების  დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის წლისთავი. 

პირველად ჩვენ საქართველო  1921 წელს და მეორედ კი,  1992 წელს ვაღიარეთ. ამ 30 წელის განმავლობაში  ჩვენს ქვეყნებს შორის  ურთიერთობა ძალიან გაღრმავდა და  განვითარდა. თბილისსა და რომს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია, ისინი იზიარებენ ფუნდამენტს, ანუ - ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარება. 

მნიშვნელოვანია ამ ფაქტების ხაზგასმა, რადგანაც რუსეთის თანამედროვე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თითქოს ის უნდა, რომ ხაზი გაესვას პრობლემის ძალისმიერ გადაჭრას. ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დე-ფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

რეგიონში ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინაში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას სურს ევროპის სრულუფლებიანი წვერი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ საკითხში. 

შავი ზღვის უსაფრთხოება კავკასიაში, ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეხება, მაგრამ გვეხება ყველას, რადგან ევროპის თანამეგობრობის უმთავრესი პრობლემაცაა. 

საქართველოს სუვერენიტეტი და ამავდროულად მისი ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. 

იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა, რომელიც სხვადასხვა სექტორებში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით. ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარში ხაზი გავუსვით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობას. განსაკუთრებით, ამ ურთიერთობის გაღრმავებას სტუდენტებისა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამების კუთხით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია იტალიური არქეოლოგიური მისიები საქართველოში, რომელიც იტალიასა და საქართევლოს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაცნობის საფუძველთა საფუძველია. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ის მეგობრობა, რომელსაც ხაზი გავუსვით ქალბატონი პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ვიზიტის დროს, და რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და ღრმავდება.