საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებს - თქვენ საქართველოს სახე ხართ, ყველას გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას!

მოგესალმებით ყველას,

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრო,

ბატონო თბილისის მერო,

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტო,

ყველა აქ დამსწრე საზოგადოებავ,

და პირველ რიგში თქვენ ოლიმპიელებო, პარაოლიმპიელებო და მომავალო გამარჯვებულებო!

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა და ის, რომ თქვენი ფორმა მაცვია, რადგან მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, რამდენი გამძლეობა, რამდენი შრომა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას ამის უკან, რაც მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარია.

ჩვენ ძალიან რთული წელიწადნახევარი გავიარეთ. პანდემიის ეს წელი თქვენთვის ალბათ, კიდევ უფრო რთული იყო, რადგან თუ სპორტსმენისთვის არ შეიძლება შეჯიბრებაში მონაწილეობა და ასპარეზობა, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია სპორტში შემდეგი გამარჯვებისთვის.

თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელჩო, თქვენს ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, რომ ძნელია, ვიცით, რომ ოლიმპიადას არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები.

ძალიან რთულია, როცა ცარიელ სტადიონზე გამოდიხარ, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა იაპონიას, რომ ეს შეძლო და ვიცით მთელს მსოფლიოში, თუ რამდენად რთული ამოცანა იყო და არის ეს.

პანდემიის გარდა ჩვენ გავიარეთ ასევე, ძალიან რთული დაპირისპირების წლები და თქვენ აქაც ძალიან გამორჩეული როლი გაქვთ, რამეთუ სპორტი და ოლიმპიადა ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო; ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები და მათი გაძლიერება და ჩვენ თქვენ გვჭირდებით!

და კიდევ ერთი, ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა, თავისი ღირსების წარმოჩენა; სჭირდება აღიარება იმისა, თუ რა არის საქართველო და ეს მოვალეობაც თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ ამას შეძლებთ! თქვენ ღირსეულად წარმოგვაჩენთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს!

ჩვენ გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ისინიც ავღანეთში ძალიან რთულ პირობებში ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს სახე იყვნენ და მათ ძალიან ღირსეულად ატარეს ეს სახე. თქვენც საქართველოს სახე ხართ! ყველას გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას! თქვენ უკვე ხართ გამარჯვებულები და ჩვენც თქვენთან ერთად!

ძალიან დიდი მადლობა!