France Info television-ის არხზეა, საქართველოს პრეზიდენტი. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. თქვენ დაპირისპირებული ხართ ქვეყნის მმართველ ხელისუფლებასთან და მოუწოდებთ მანიფესტაციებისკენ, რომელსაც თქვენც რამდენიმე წუთში შეუერთდებით. რას აპროტესტებთ?
ამომრჩევლების, საქართველოს მოსახლეობის უფლებების ტოტალურ დარღვევას. არჩევნები პირდაპირი გაგებით მოიპარეს. ეს ზოგადი განცდაა აქ. თქვენ იკითხეთ, თუ როგორ გაიღვიძა საქართველომ არჩევნების შემდეგ - ნოკაუტში, იმდენად მოულოდნელი იყო, ყველა გამოკითხვა, ყველაფერი რაც მოხდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, შარშანდელი და ამ წლის დასაწყისის მანიფესტაციები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს მთავრობის მიერ აღებული ეს პრორუსული მიმართულება, არ სურდა დიდ უმრავლესობას. ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ 4 პროევროპული პარტია იგებდა არჩევნებს და უცებ, სრულიად შეიცვალა შედეგები. ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ, რომ იყო დაგეგმილი ფართო ოპერაცია, თუ როგორ მოეგოთ, გაეყალბებინათ ეს ოპერაცია. ეს დავგმე მე გუშინ საღამოს, მოვუწოდე მოსახლეობას ეთქვა, თუ რას ფიქრობს ამ არჩევნებზე და არა პროტესტის გამოსახატად. მოსახლეობა თვითონ იტყვის თუ რას ფიქრობს. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია გამოუტანოს განაჩენი ამ არჩევნებს.
ქალბატონო სალომე, თქვენ გმობთ გაყალბებებს, როგორ წარიმართა ეს გაყალბებები? ისინი აღწერილია, არსებობს ფაქტები, რომლებიც დაადასტურებდნენ თქვენს ბრალდებებს ?
უამრავი ფაქტია და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო დიდი ხნით ადრე. ერთი ტიპის გაყალბება განხორციელდა ერთ ადგილას - რეგიონების, დედაქალაქის და დიდი ქალაქების მიხედვით და არა სხვაგან. პირველად იქნა ელექტრონული ხმის მიცემა გამოყენებული, რაც ასევე გაყალბებული იყო. სახელმწიფო დახმარებებზე დამოკიდებულ ამომრჩეველს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ეს პირადობის მოწმობები გამოყენებული იყო მრავალჯერადად ხმის მისაცემად. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან აქტიურები არიან. ამ ყველაფერს არ ველოდით და გაგვიჭირდა შემჩნევა (არჩევნების) დღის განმავლობაში. ვხედავდით დაშინებას, აგრესიას, ფულის დარიგების შემთხვევებს, ეს ყველაფერი პროგრესულად გამოჩნდა. ამ გაყალბების სისტემური ხასიათის გარდა, არის მოსახლეობაში ზოგადი განცდა, რომ მას მოპარეს არა არჩევნები, არამედ მისი ევროპული მომავალი და ამას აპროტესტებს დღეს მოსახლეობა.
ვინ მოპარა? ვისზე საუბრობთ? ეს სისტემა შეიქმნა ქართველების მიერ, ქართული პარტიის მიერ, თუ გულისხმობთ პირდაპირ მოსკოვს?
ქართველები, დღეს ქართული ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც მოსკოვის შუამავალი, საარჩევნო კამპანიაში ზუსტად გადმოიღო რუსული პროპაგანდის თემები, გადაწერეს ვიდეოები, საბჭოთა სტილის აფიშები და გადმოიღეს არჩევნების მოპარვის modus operandi ისეთ მასშტაბებში, რაც სხვაგან არ გვინახავს. ვფიქრობ, რუსეთში არ არის ეს საჭიროება. ეს გაყალბება საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ვფიქრობ, ეს დაწვრილებით და ისეთი სიზუსტით იყო დაგეგმილი, რომ მათ დაეხმარნენ. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით რუსეთთან, რომლის მიზანიც საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებაა, რაც მას გაეხსნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაც აქვე იყო, ხელის გაწვდენაზე და ეს უნდა შეეჩერებინათ. არსებული ხელისუფლების საარჩევნო კამპანიაში მხოლოდ მუქარა იყო, არანაირი დაპირება, მხოლოდ მუქარა: ოპოზიციის ლიდერების დაკავების მუქარა, პრეზიდენტის გადაყენების მუქარა, იმპიჩმენტის მეორე პროცედურის დაწყების მუქარა, მუქარა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომ ძალიან სწრაფად აამოქმედებს იმას, რაც გათვალისწინებული იყო აგენტების შესახებ რუსული კანონით, ლგბტ თუ სხვა რუსული კანონებით, რომლებიც განხილვაშია, დაბოლოს, მუქარა საქართველოში მოქმედ თავისუფალ მედიაზე, მათი კონტროლს დაქვემდებარების შესახებ. მუქარების მთელი პალიტრა წარმოგვიდგინეს საარჩევნო კამპანიის დროს. ეს გამოიწვევს საქართველოს იზოლაციას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, რუსული ტიპის რეჟიმით, მეგობრებით, რომლებიც დღეს ულოცავენ საქართველოს მთავრობას ამ შედეგის მიღწევას, როგორიცაა რუსული მთავრობის პრესსპიკერი და გარკვეული რაოდენობის რუსი დეპუტატები. ბატონი ორბანი ჩამოვიდა დღეს საქართველოში.
ის საქართველოში იქნება დღეს და ხვალ. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი მას შეხვდებით ?
არ ყოფილა მსგავსი მოთხოვნა არც მისი, არც საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც მას თავისთვის დაიტოვებს, რა თქმა უნდა. ის არ ჩამოდის როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ის ჩამოდის როგორც ამ ხელისუფლების მეგობარი და ყველაფერი ცხადია, ცხადია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისათვისაც.
ევროკავშირთან დაკავშირებით, ითქვა, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს. თქვენ ბრალს სდებთ რუსეთს, რომ მან დახმარება გაუწია, გამოეპასუხა... დიმიტრი პესკოვი
ინსპირაცია იყო.
მხოლოდ ინსპირაცია?
ეს მეთოდოლოგიაა და ამიტომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი დღეს, ეს უნდა დავგმოთ. ხვალ არჩევნები იქნება მოლდოვაში, რომელიც ისეთივე მოწყვლადია როგორც საქართველო. ეს ჰიბრიდული მეთოდები, ნებისმიერი საშუალების გამოყენება, ეს იდენტიფიცირებული და დაგმობილი უნდა იყოს. ეს არის თავისუფლების დაცვა. თუ დღეს ამას არ გავაპროტესტებთ, ხვალ საქართველოში თავისუფლება აღარ იქნება.
რა შეიძლება გაკეთდეს? იყვნენ დამკვირვებლები, გამოძიების ჩატარება არის მოთხოვნილი. თუ არსებობს მტკიცებულებები, რა შეიძლება გაკეთდეს? უკვე ძალიან გვიანია?
ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომელია საკმარისი და რომელი უტყუარი მტკიცებულება... არის მტკიცებულებათა მთელი ჯაჭვი, არის არითმეტიკული მტკიცებულებებიც, ძალიან საინტერესო შეფასებები. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მოლდოვაშიც, როდესაც არსებობდა მათ არჩევნებში ჩარევის ეჭვი, ძალიან რთულია ამის მთლიანად, ბოლომდე გაშიფვრა. ნამდვილი დემონსტრაცია დღეს ქუჩაში იქნება. ეს არის მოსახლეობის შეგრძნება, რომ მოპარეს მომავალი. ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის და საქართველოს მოსახლეობამ ეს არჩევანი გააკეთა საუკუნეების წინ და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს არჩევანი დგებოდა, ამ არჩევანს აკეთებდა არჩევნებზეც, რასაც მას ვერავინ წაართმევს.
დავუბრუნდები ჩემს შეკითხვას. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თქვენ გადანაშაულებთ მისი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში თქვენი ბრალდებებით. რას უპასუხებთ მას?
მე ვახორციელებ რუსეთის დესტაბილიზაციას?
ასე ამბობს დიმიტრი პესკოვი...
(იცინის) საკმარისი რომ იყოს... მე ვახორციელებ რუსეთის დესტაბილიზაციას? ძალიან საინტერესოა. არა, მე არ ვიცი რამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში დესტაბილიზაცია, მაგრამ ერთადერთი შესაძლო დესტაბილიზაცია, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოში და რაზეც უნდა ღელავდნენ ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები არის ის, თუ საქართველოს მოსახლეობას წაართმევენ ძირითად თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებს, პროევროპულ ორიენტაციას. ეს გამოიწვევს ქვეყნის დესტაბილიზაციას და ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. მე, ისევე როგორც მოსახლეობას, რომელიც დღეს მშვიდობიან მანიფესტაციას ჩაატარებს, მსურს დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ მომავალს, მშვიდობით და სტაბილურობით, ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვიცით სად ვიმყოფებით, ვიცით ჩვენი გეოპოლიტიკა და ვიცით სად გვინდა ვიყოთ ხვალ.
მე არავის მოვუწოდებ მასიური მანიფესტაციისკენ, ეს არასოდეს მითქვამს.
მე მოსახლეობას ვუთხარი რომ მე, როგორც ამ ქვეყანაში ერთადერთმა, თავისუფალმა სახელმწიფო ინსტიტუციამ, რადგან სასამართლოს, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა აღარ აქვთ, მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ეთქვათ, რას ფიქრობენ არჩევნების შესახებ. მე არ მომითხოვია მასიური საპროტესტო გამოსვლა, ეს საკუთარი ნებისა და აზრის გამოხატვის მანიფესტაციაა.
თქვენ მიიღებთ მანიფესტაციაში მონაწილეობას?
მე მოსახლეობასთან ერთად ვიქნები, მე იქ ვარ და იქ არის ჩემი ადგილი.
დაბოლოს, თქვენს მიერ მოსკოვისადმი გაკეთებული ბრალდებებიდან გამომდინარე, შიშობთ თქვენს სიცოცხლესთან დაკავშირებით?
მე ჩემს სიცოცხლეზე, ჩემს უსაფრთხოებაზე არ მაქვს იმაზე მეტი შიში, ვიდრე ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც განიცდიან ქვეყნის მომავალს, ქვეყანაში თავისუფლებებისა და დემოკრატიის ბედს, რომელიც უკვე ისედაც შერყეულია და რომელიც უბრალოდ, ამ ქვეყნის მომავალს განიცდის. მოსახლეობა ამას საკუთარი არჩევანით დაიცავს, საკუთარი ნების დღევანდელი გამოხატვით და იმ ყველაფრით, რასაც გააკეთებს და იტყვის უახლოეს დღეებსა და კვირებში.
გმადლობთ. ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან ერთად, France television-ზე.