- მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.
- მოგესალმებით.
- თქვენ პარიზში იმყოფებით, მადლობა რომ France Info-ს მოწვევას დასთანხმდით. თქვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი, 1 თვე რჩება. ჩვენთანაა ასევე ნიკოლა ტეიარი, France Info-ს საერთაშორისო რედაქციიდან.
- მოგვიყევით, რა მოხდა საქართველოში ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არის ეს არჩევნები გადამწყვეტი საქართველოს მომავლისთვის.
- (ნიკოლა ტეიარი) ეს გადამწყვეტი გამოწვევაა კავკასიის ამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც მისი დამოუკიდებლობიდანვე მუდმივად გაყოფილია ევროპისადმი მიზიდულობასა და რუსული გავლენის შენარჩუნებას შორის. სწორედ ეს არჩევანი დადგება ამომრჩევლების წინაშე რამდენიმე კვირაში, იმ დროს, როდესაც თოკის ორივე მხარეს ზეწოლა ძალიან დიდია. გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. მას შემდეგ ხელისუფლება კრემლიდან გადმოღებულ პოლიტიკას ატარებს; ძალაუფლების გადაჭარბება, რასაც მასობრივი მანიფესტაციები მოჰყვა გაზაფხულზე, უცხოური აგენტების კანონის მიღების დროს. ოპოზიციამ მას რუსული კანონი შეარქვა და იგი უცხოური დაფინანსების დეკლარირებას ავალდებულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს კანონი 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის თითქმის ანალოგია, კანონისა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების დაქვემდებარება გახადა შესაძლებელი. ეს კანონი ძალაში შევიდა და ძალაუფლებაში მყოფმა პარტიამ « ქართულმა ოცნებამ“ კონსერვატორული გადახრა განახორციელა, გასულ კვირას მიიღო რა ჰომოსექსუალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი, რომელიც ორი წვეთი წყალივით ჰგავს მოსკოვის მიერ მიღებულ კანონს. პრორუსული თუ პროევროპული მიმართულება, საქართველო და მისი 4 000 000 მოსახლე გზის გასაყარზე არიან.
- ქალბატონო სალომე, ეს არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს 1 თვეში ეგზისტენციალური არჩევანია ?
- დიახ, ეგზისტენციალური არჩევანია, ეს არჩევანი საქართველომ 1991 წელს მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გააკეთა და ეს არჩევანი მან ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალგზის დაადასტურა; მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ ევროპელობა სურს და ეს მონაცემები რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის განხორციელების მიუხედავად არ შეიცვალა, მათ შორის ომით, ოკუპაციით... ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. არასოდეს უთქვამს მოსახლეობას, „დავუმეგობრდეთ რუსეთს და ყველაფერი უკეთესად იქნება, დავიბრუნებთ ტერიტორიებს“, რადგან არ არის ნდობა, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ვიცით როგორ ექცეოდა რუსეთი საქართველოს. ეს ევროპული არჩევანი იქნება და დღეს საქართველოს მოსახლეობამ გაიგო რომ «ქართული ოცნება» ოცნება კი არა, კოშმარია, და ამ მთავრობამ, რომელიც მოვიდა ჩაწერა რა კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, ან პირი იცვალა, ან თავიდანვე ფრთხილად, შენიღბულად პრორუსული იყო. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს არჩევანია: ვბრუნდებით რუსეთისკენ, რუსეთის ბატონობისკენ, თუ გადავარჩენთ ამ ევროპულ გზას, რომელიც წინ არის წასული. ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიისათვის; რადგან სომხეთი უყურებს საქართველოს გზას და შესაძლოა, მიჰყვეს მას, დაიწყო ევროპისკენ სვლა. ის გათავისუფლდა რუსეთისადმი მისი ძველი კავშირებისგან. ეს ასევე მნიშვნელოვანი არჩევანია ევროპისთვის. ამავე დროს მოლდოვაში არჩევნებია და გარდამტეხი მომენტია უკრაინის ომში. ეს სამი ქვეყანა - ტრიო, ადრე ასოცირებული წევრები, რომლებთანაც უნდა დაწყებულიყო ასოცირების კონსულტაციები, ყოველ შემთხვევაში, პირველი ორისთვის, იმედი მაქვს საქართველოსთვისაც.... ეს გადამწყვეტი მომენტია ამ სტრატეგიულ რეგიონში ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების ადგილისთვის.
- თქვენ ამბობთ რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია შენიღბულად მოქმედებდა, თქვენ ეს ვერ შეამჩნიეთ ?..
- ვერა, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში. შემდეგ შევამჩნიე პროგრესულად, და ბოლოს მოვლენები დაჩქარდა უკრაინაში ომის დროს, და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მას შემდეგ, რაც ევროპამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭა - გასული წლის დეკემბერში. მას შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს თავდასხმები თავდაპირველად, ამერიკელი ელჩების წინააღმდეგ, შემდეგ ევროპელი ელჩების წინააღმდეგ საქართველოში, მათ მიმართ იყო კრიტიკა, რომ თითქოს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩვენი გუშინდელი მეგობრები პრაქტიკულად მტრებად იქცნენ, რუსეთი გახდა კეთილმოსურნე ქვეყანა. ძალიან საინტერესოა, რომ პრემიერ-მინისტრს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს ტრიბუნიდან არ უხსენებია სიტყვა რუსეთი, რუსი, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკავებულია...... იაპონიის მიერ (იცინის).
- დაკავებულია რუსეთის მიერ. რუსული ძალების მიერ.
- (იცინის)
- თქვენ, როგორც პრეზიდენტს არ გაქვთ ძალაუფლება წინ აღუდგეთ იმ ძალაუფლების გადაჭარბებას, რომელიც ნიკოლა ტეიარმა ახსენა?
- მე მქონდა ძალაუფლება, რომელიც ძირითადად სიტყვის ძალაუფლება იყო, ამ ინსტიტუციას მნიშვნელოვანი საშუალებები არ გააჩნია, ვეტოც კი სიმბოლურია, რადგან მისი დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობითაა შესაძლებელი, რაც დღეს მმართველ პარტიას აქვს. ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის მობილიზაციისათვის, მისთვის იმის ასახსნელად, თუ რა ხდებოდა. დღეს მე ევროპული დროშა მაქვს და მოვახერხე ფედერირება განმეხორციელებინა ოთხი ძირითადი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ,,ქართულ ქარტიას“, რომელიც რეალურად ჩვენი სამოქმედო გეგმაა ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და არჩევნებზე ეს ოთხი პარტია ერთად წარმოადგენს იმ უმრავლესობას, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლია. ცალ-ცალკე არა, მაგრამ ერთად შეუძლიათ.
- თქვენ ამბობთ, რომ ,,ქართული ოცნების“ და მისი მოსკოვური სურვილების გამარჯვება რამდენიმე კვირაში, წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის დასასრულს ნიშნავს?
- პოლიტიკაში ვერასოდეს იტყვით საბოლოო დასასრულს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ვერ გამოვიყენეთ დღეს ეს ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინამ მოგვანიჭა, მისი ტრაგედიიდან გამომდინარე, რაც ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში გამოიხატა. ჩვენ ეს პროცესი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, წინ წავედით, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ბევრი სხვა, და ქვეყნის შიგნით ინსტიტუციების შენება....
- და ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს..
- ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. ამას გვეუბნებიან უფრო და უფრო მკაფიოდ ევროპელები, ამერიკელები სანქციებით, რომლებსაც აწესებენ. ისინი გვეუბნებიან, ,,გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც გსურთ, თავისუფალი ხართ თქვენს არჩევანში, და როდესაც გააკეთებთ არჩევანს, იქნება ან დაჩქარება ....“, მე აქ მოვედი ჩემი ევროპელი კოლეგების სანახავად და დასარწმუნებლად, რომ როდესაც გავაკეთებთ არჩევანს, და მივიღებთ ჩვენთვის სასურველ რეჟიმს, ევროპულ გზაზე დაბრუნება დაჩქარდება.
- და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პრორუსული პარტია გაიმარჯვებს, რას შიშობთ ამ შემთხვევაში თქვენი ქვეყნის შიგნით?
- ყველაფერს ვშიშობ, უპირველეს ყოვლისა, იქნება რეპრესიები, რომლებიც საჯაროდ დააანონსა ბატონმა ივანიშვილმა, ,,ქართული ოცნების“ ნამდვილმა ლიდერმა. მან საარჩევნო განცხადებაში ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებზე ისაუბრა. ეს რუსული მეთოდია. არის ოლიგარქების შესახებ კანონი, რომელიც მთავარი კანონის გამო ცოტა ყურადღების მიღმა დარჩა. ეს არის კანონი ოფშორების შესახებ, რომელიც საქართველოს სანქცირებული, ან დასასანქცირებელი რუსი ოლიგარქების თავშესაფრად აქცევს. არის კანონების მთელი სერია, როგორც LGBT კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ. გავხდებით რუსულის მსგავსი საზოგადოება, სრული კონტროლის ქვეშ. უნდა დავემშვიდობოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ყველა იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, 1930 წლიდან. ჩვენთვის 1921 წელის არის თარიღი, როდესაც საქართველო სამხედრო წესით იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ, გასულ საუკუნეში. ეს ნამდვილად ეგზისტენციალური გამოწვევაა.
- ამ პირობებში, ამ ეგზისტენციალური გამოწვევის პირისპირ რას ელით დღეს ევროკავშირისგან, საფრანგეთისგან?
- ველოდები დასტურს, რომ ჩვენ გახსნილი გზა გვაქვს და შეგვიძლია მას დავუბრუნდეთ. დღეს ვერავინ მოიგებს ამ არჩევნებს, თუ არ იქნება მოსახლეობის დიდი მობილიზაცია. მას არ უნდა შეეშინდეს, არ უნდა დარჩეს სახლში. ჩვენი დიასპორა ძალიან აქტიური უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცოტა საშუალება ეძლევა...
- (ნიკოლა ტეიარი) დღეს დიასპორაში 1000 000 ქართველია, 3 700 000 მოსახლეობის მქონე ქვეყანაში.
- ანუ ძალიან მნიშვნელოვანია...
- ძალიან მნიშვნელოვანია. 500 000 ახალგაზრდა პირველად აძლევს ხმას, ისინი თბილისის მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ, ჩვენ ყველამ ვნახეთ ისინი ეკრანებზე. ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ისინი თავისუფალნი არიან, ეს თაობა დამოუკიდებლობის შემდეგ დაიბადა და მათზე რუსული საშუალებები და მეთოდები არ მოქმედებს.
- ეს არჩევნები, ეგზისტენციალური არჩევანი 26 ოქტომბერს ჩატარდება. მადლობას ვუხდით სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს სტუდიაში სტუმრობისათვის.