ინტერვიუ BBC Radio Newsday-სთან

ინტერვიუ BBC Radio Newsday-სთან 

ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში არსებულ კრიზისს. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ხმა მისცა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს, მასიური ქუჩის საპროტესტო აქციები უკვე კვირებია გრძელდება. ამ კანონით, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური დონორებისგან იღებენ, მოუწევთ ორგანიზაციებად დარეგისტრირება, რომლებიც უცხოურ ინტერესებს ატარებენ. პარალელი გაივლო ავტორიტარულ კანონპროექტთან, რომელიც რუსეთში 2012 წელს ამოქმედდა და რომელსაც კრემლი მას შემდეგ დისიდენტების წინააღმდეგ იყენებს.

კანონპროექტი ჯერ კიდევ კანონად პრეზიდენტის ხელმოწერით უნდა იქცეს. თუმცა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის კანონს ვეტოს დაადებს. მე მას ვესაუბრე იმის შესახებ თუ რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის.

ეს კრიტიკული მომენტია და სწორედ ამიტომაა უკვე 37 დღეა ამდენი ადამიანი ქუჩაში (ხანდახან 200 000 ადამიანზე მეტი).

ეს [მომენტი] ძალიან კრიტიკულია, რადგან ჩვენ ევროკავშირის კარებთან ძალიან ახლოს ვართ: ჩვენ მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამ გზაზე ვართ და გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე (იმედია) გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ. იმ დროს, როდესაც პარლამენტი აქტიურად უნდა მუშაობდეს რეფორმებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გასატარებელია ამ შესაძლებლობის [მოლაპარაკებების გახსნა] მოსაპოვებლად - ამ ყველაფრის ნაცვლად (და ჩვენ გვაქვს გასატარებელი რეფორმების გრძელი სია), ჩვენ განვიხილავთ კანონს, რომელზეც უარი ითქვა შარშან. მთავრობამ მაშინ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარ დააბრუნებდა. არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ მოხდა ამ კანონის დაბრუნება - რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას და ქვეყნისათვის (რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევას ელოდება) პროვოკაციის ფორმაა იმ კანონის წარდგენა, რომელიც ჩვენი ყველა პარტნიორისა და საზოგადოების მიერ ევროპისთვის წინაღობად აღიქმება.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ განაცხადეთ, რომ ვეტოს დაადებთ ამ კანონპროექტს. თუმცა, თქვენი, როგორც პრეზიდენტის პოსტი, უფრო ცერემონიულ ხასიათს ატარებს, რადგან პრემიერია მთავრობის ხელმძღვანელი და საქართველო საპარლამენტო დემოკრატიაა. მმართველი პარტია კი, საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. ეს არის კანონპროექტის წინ და უკან დაბრუნების რისკი, რატომ ერთვებით [ამ პროცესში]?

მე ჩართული ვარ, რადგან არ მაქვს აღმასრულებელი, ან საკანონმდებლო უფლებამოსილება, ეს ნათელია, მაგრამ მე მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვარ. ასე რომ, მათ წინაშე ვარ პასუხისმგებელი და ხმა, რომელიც მე დღეს მესმის არის ის, რომ მათ ამ კანონით არ სურთ რისკის ქვეშ დააყენონ და დაკარგონ თავისი ევროპული შანსი. მათ და მეც ვიცი, რომ ჩემი ვეტო დაძლეული იქნება, რადგან მათ უმრავლესობა ჰყავთ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს; ხანდახან პოლიტიკა სიმბოლოებს ეხება და პოზიციის ცხადად გაცხადებაა - და ეს არის რასაც გავაკეთებ. მე მხარს ვუჭერ საზოგადოების უდიდესს ნაწილს, რომელიც უკვე წლებია ამბობს, რომ სურს ევროპული მომავალი. ეს არის ის განაცხადი, რასაც ვეტოთი ვაკეთებ. 

შემდეგ კი, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გადავალთ, რომელიც ოქტომბრის არჩევნებია და ეს არის ის, სადაც ქვეყნის მომავალი გადაწყდება, რადგან ჩვენ უნდა გავაუქმოთ არა მხოლოდ ეს კანონი, არამედ სხვა კანონებიც, რომლებიც არანაკლებ ანტიევროპულია თავისი არსითა და შინაარსით. ეს მხოლოდ არჩევნების მეშვეობითაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ნათლად იტყვის როგორი მომავალი სურს, რომ მას უნდა ევროპა (რაშიც ეჭვი არ მეპარება). ამის შემდეგ, შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი ევროპული გზა და მოვხსნათ ის ხელოვნური ბარიერები, რომლებიც შექმნა ყველა იმ კანონმა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ამოცანებს.

თქვენ საუბარში ახსენეთ, რომ საქართველო ევროკავშირის კართან ძალიან ახლოსაა. საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპიდან ახლახან საქართველოში იმყოფებოდნენ და თქვენ შეგხვდნენ. სოლიდარობის ნიშნად ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ეს არის ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის“. თქვენც ასე ხედავთ?

დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ჩვენ კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით, რომელსაც ვფიქრობთ გადავლახავთ. ის იქნება გადალახული მშვიდობიანად, არჩევნების გზით, როდესაც ქართველი ხალხი ნათლად იტყვის თუ რა მომავალი სურს ქვეყნისთვის. ეჭვი არ მეპარება იმაში თუ რა სურთ მათ, რადგან ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა მის ევროპულ მომავალთანაა დაკავშირებული. არ არსებობს სხვა მომავალი ევროპისა და დამოუკიდებლობის გარეშე.

საქართველოს ისტორია იგივეა რაც უკრაინის...

არა.

როგორც მცდელობა იმისა, რომ დაშორდეს რუსულ გავლენას...

ჩვენ რუსულ გავლენას დიდი ხნის წინ ჩამოვშორდით.

მათ ჯერ ისევ აქვთ ოკუპირებული თქვენი ტერიტორიების 20%-ი.

დიახ, მაგრამ საინტერესოა და უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გვქონდა ომი (არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე, ჯერ 1991 შემდეგ კი, 2008 წელს) საქართველოს არ შეუცვლია გზა ევროპისაკენ. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების, მან [რუსეთმა] ვერ შეძლო საქართველოს განეიტრალება და საქართველო მტკიცეა გააგრძელოს ეს გზა, რაც არაა კონფრონტაციული გზა რუსეთის მიმართ, მაგრამ არის ძალიან უდრეკი გზა ჩვენი მომავალი ჩვენს ხელში იყოს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გმადლობთ.

სხვა სიახლეები