მოხარული ვარ მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ,,უცხოური გავლენის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება და ვეტოს დადებას აპირებს. ქალბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი DW-ზე ჩართვა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია. თქვენი აზრით, რის გაკეთებას ცდილობს ხელისუფლება?
მხოლოდ მე არ ვამბობ. პირველ რიგში, ეს აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ზოგადად, მოსახლეობას, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს, რადგან ეს რამდენიმე წლის წინ პუტინის მიერ მიღებული კანონის ასლია, რომელსაც ჯერ ეტაპობრივად იყენებდა, შემდეგ კი მთლიანად ამუშავდა. ის [კანონი] შექმნილია იმ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის თავისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესაზღუდად, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოს დამოუკიდებლობიდან არსებობენ და რომლებიც, ზოგადად, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს პროგრესს დემოკრატიისკენ და ჩვენს გზას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ. ამ კანონს ყველა აკრიტიკებს - ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც ამბობენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას ველოდებით, ეს საქართველოს ევროპული გზისთვის დაბრკოლება იქნება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი ზეწოლას ახორციელებს და ამ გზაზე დაბრკოლებებს აჩენს. დღეს სწორედ ამას ვხედავთ.
მოდით რუსეთის გავლენაზე ვისაუბროთ. თქვენ ამბობთ, რომ ეს კანონი რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად. როგორია კრემლის გავლენა დღევანდელ ხელისუფლებაზე?
ეს ისაა, რასაც ამ კანონით და ამ გადაწყვეტილებებით ვხედავთ, და ასევე მთელი რიგი სხვა გადაწყვეტილებებია, რომლებიც ბოლო თვეებშია მიღებული და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპელი პარტნიორების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წლის ბოლოს სასურველი შედეგის მისაღებად. ობიექტური სურათი, რომელსაც ვხედავთ ისაა, რომ საქართველოს მთავრობა დღეს წარადგენს კანონებს, დგამს ნაბიჯებს და იღებს ზომებს, რომლებიც ემსახურება მხოლოდ ერთს - რუსეთს და ეს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას არ ემსახურება.
მაგრამ ქალბატონო პრეზიდენტო, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყანა დასავლეთთან დაახლოებული და ევროკავშირში გაწევრიანებული ნახოს. მაშინ იმავე ხალხის მიერ არჩეული მთავრობა რატომ იღებს კრემლიდან მითითებებს?
მართალია - მოსახლეობის 80% (და ეს მუდმივად ასეა ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან სამი ათწლეულის განმავლობაში) მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს ძალიან ცხადია. ეს ამ დრომდე, საქართველოს ყველა ხელისუფლების პოლიტიკა იყო, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლებისაც, რომელმაც კონსტიტუციაში კონკრეტული ცვლილება ასახა, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახავდა, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა ვემსახუროთ. რაღაც ხდება, რაღაც მოხდა, რამაც ევროპული გზისადმი ეს მიზანდასახულობა შეცვალა და ცხადია, ყველა ის ზომა, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული, მთელი ის რიტორიკა, რომელიც ახლა ხელისუფლებისგან ისმის ისაა, რაც რუსეთთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
და Რატომაა ასე? თქვენ ხედავთ ყველაფერს რაც ხდება. რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
ალბათ, რუსული სტრატეგიის ხელახალმა გააქტიურებამ. ჩვენს შემთხვევაში, აქ ჰიბრიდული სტრატეგიაა, ალბათ, გარკვეული ზეწოლა მთავრობის წევრებზე, ბ-ნ ივანიშვილზე და სხვებზე. ძალიან რთულია იმის ცოდნა, თუ რა და როგორ ხდება, მაგრამ ცხადია, რომ ეს რუსეთის ინტერესებისა და რუსეთის სტრატეგიის შედეგია.
თქვენ კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავთ, მაგრამ პარლამენტში თქვენი ვეტოს დაძლევაა მოსალოდნელი. არის რაიმე, რაც ამ კანონპროექტის მიღებას შეაჩერებს?
არის ერთი რამ, რამაც შეიძლება შეაჩეროს, ან გააუქმოს ეს კანონპროექტი, და სხვა კანონებიც რომლებიც ბოლო პერიოდში მიიღეს, მაგრამ არის მხოლოდ ერთი რამ, რამაც ის შეიძლება შეაჩეროს - ეს მოსახლეობის მობილიზება და მიმდინარე წლის ოქტომბერში ამ მობილიზების ხმებში გადაზრდაა. ეს საქართველოს მოსახლეობისა და მისი ევროპული გზისთვის მთავარი გამოცდა იქნება.
თუმცა, თქვენ ევროპულ საბჭოს საქართველოში განვითარებული მოვლენების განსახილველად მიმართეთ. კონკრეტულად რა ქმედებას ელით მათგან?
მათი პოზიციის შენარჩუნებასა და ხელახლა დაფიქსირებას. მთლიანად ვერ ვიტყვით უარს იმ იდეაზე, რომ მთავრობას, რომელიც რუსეთის ზეწოლის ქვეშაა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგანაც შესაძლოა, ზეწოლა იგრძნოს და მოუსმინოს. მათ [ევროპელ პარტნიორებს] განსხვავებული ხერხები აქვთ. მაგრამ მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მას მხარს უჭერენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გასაგებია და ამაში მხარს უჭერენ. გვქონდა, მაგალითად, ცხრა განცხადება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და არაერთი განცხადება ევროკავშირისგან. ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობას იმედს უჩენს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირისკენ გზას გავაგრძელებთ.
თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში საარჩევნო წელია, როგორ ფიქრობთ, ამ კრიზისმა შეიძლება რეალურად უფრო დასავლეთზე ორიენტირებული ძალების სასარგებლოდ ითამაშოს?
ვფიქრობ, რომ დიახ, რადგან არჩევნები რეალურად იქნება რეფერენდუმი. ეს იქნება ევროპისთვის, ან რუსეთისთვის, ან სულ მცირე არა ევროპისთვის. ეს ძალიან მკაფიო კითხვაა მოსახლეობისთვის, დიასპორისთვის, რომელიც აქამდე არც ისე აქტიური იყო არჩევნებზე, რადგან გრძნობდნენ, რომ ეს იყო ესა თუ ის პარტია. ახლა ეს ბევრად უფრო ეგზისტენციალური კითხვაა, რომელიც დაესახება მათ. და ის ახალგაზრდობა, რომელიც ამ ბოლო სამი დღის დემონსტრაციებში ვნახეთ, რომელიც უკიდურესად გააქტიურდა, არჩევნებში აუცილებლად აქტიური იქნება. და მათი კითხვაცაა საქართველოში რა მომავალი გვექნება? ჩვენს ქვეყანას რა ევროპული მომავალი აქვს?
ნამდვილად ვაფასებთ თქვენს დროს, ქალბატონო პრეზიდენტო, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ... შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე სიახლე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც 2021 წლიდან ციხეშია?
ის ჯერ კიდევ ციხეშია და ეს ალბათ, არ შეიცვლება. ის ასევე პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ის მანდატის ბოლოს ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდიოდა. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ავტორიტარული რეჟიმისკენ იგივე მიმართულებას იღებს და ეს ისაა, რასაც საქართველოს მოსახლეობა და დემოკრატიული ძალები, ალბათ, არცერთი მომავალი მთავრობისგან არ მიიღებენ.
ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დღეს DW-ზე იყავით.