ქართველები უპირისპირდებიან პოლემიკურ კანონპროექტს, რომელიც გუშინ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, პირველი მოსმენით მიიღეს ხელისუფლებაში მყოფმა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ამ კანონპროექტზე ვისაუბრებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც France Info-ს სტუმარია.
მოგესალმებით ქალბატონო სალომე, ეს ახალი კანონპროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთისკენ, ერთი ნაბიჯია უკან ევროპისგან. მივესალმები კრისტოფ გასკარდს, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტს, რომელიც სტუდიაში შემომიერთდა. ქალბატონო სალომე, თქვენ ამ ტექსტს დაუპირისპირდით. რა არ მოგწონთ კონკრეტულად ამ კანონში, რომელიც გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს?
მე არ მომწონს, რომ ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელსაც საქართველო მიყვება დღეს, მას შემდეგ, რაც ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როდესაც წლის ბოლოს ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.
ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია.
საქართველოს დამოუკიდებლობიდან ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები მხარს უჭერენ ყველაფერს, რაც დემოკრატიასა და ინსტიტუციებს წარმოადგენს ამ ქვეყანაში, მის დემოკრატიზაციას და ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული, ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის.
გასული წლის ნოემბერში თქვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მოიპოვა. ეს უდავოდ გამარჯვებაა, პირველი ეტაპია, ვნახოთ, რა თქვა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა: „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა გასული წლის დეკემბერში. გასაგები რომ იყოს, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს, მის გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირისგან უფრო დააშორებს ვიდრე დაახლოებს“. ამის შიში გაქვთ თქვენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებისთვის სახიფათოა?
რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, ისევე როგორც სხვა კანონების მთელი სერია, რომელიც დიდი სისწრაფით მიიღება ახლა ხელისუფლების მიერ და რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დადასტურება მოხდეს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს, კავკასია საქართველოთი განისაზღვრება და ეს განსაზღვრავს ასევე, სომხეთის მომავალსაც, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, ცხადია, სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ ამბობს და ხედავთ კადრებში ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის ყველა ახალგაზრდა ამ კანონის წინააღმდეგაა.
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ვნახეთ ამ რუკაზე... თქვენი ნატოში გაწევრიანების მოთხოვნიდან რამდენიმე თვეში, რომელზეც მაშინ უარი მიიღეთ. ახლა უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ფიქრობთ, რომ მოსკოვი კიდევ ერთხელ ცდილობს თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას? პასუხი არის დიახ, მოვისმინეთ ეს პასუხი. მაგრამ თქვენ საუბრობდით ვეტოს შესახებ. ეს ვეტო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ეს კანონი ვერ გავიდეს?
არა, რადგან იმავე რაოდენობის ხმა, რაც აუცილებელი იყო პირველი მოსმენით კანონის მისაღებად, არის საჭირო ვეტოს დასაძლევად, და ეს მათ ექნებათ; არც ერთი ხმა არ აკლდათ, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ მართავს [ამ პროცესს] მმართველი პარტია. ეს ვეტო ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომელიც ამ ვეტოს საშუალებით ხედავს, რომ პრეზიდენტი მათთან ერთადაა და მათთან ერთად იბრძოლებს მაშინაც კი, თუ ეს კანონი გავა. ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას.
ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ორაზროვანი კავშირი აქვს მოსკოვთან. ის ბრალს სდებს ევროპას, რომ თითქოს მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა. თქვენთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება?
გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია.
როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე?
იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია, ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.
დიდი მადლობა ქალბატონო სალომე, იმისათვის რომ იყავით ჩვენთან ერთად France Info-ზე.