ინტერვიუ CNN International-თან
ბოლო რამდენიმე ღამეა მდგომარეობა თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ ქაოტური და ძალადობრივია, რადგან მომიტინგეები ე.წ. რუსული კანონის დასასრულებლად გზებს ეძებენ. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ფართოდ კონტრავერსიული კანონპროექტი, რომელიც კრიტიკოსების თქმით, იმ კანონის იდენტურია, რომელსაც კრემლი განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. კანონპროექტი ნებისმიერი ორგანიზაციისგან, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, მოითხოვს „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ამ კონტრავერსიულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ის ახლა თბილისიდან მიერთდება. ქალბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით. როგორც ჩვენი ჟურნალისტისგან გავიგეთ, კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა. როგორც მე მესმის, კიდევ ორი მოსმენაა შემდეგ კი ვეტოს დაადებთ. აუხსენით ჩვენს მაყურებლებს მთელს მსოფლიოში, რატომ აპირებთ მასზე ვეტოს დადებას.
ძალიან ნათელია რა დევს სასწორზე. ჩვენ გასულ დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა და იმ დაპირებისა და შესაძლებლობის შუაში ვართ, რომ მომავალ დეკემბერს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნა ვიხილოთ. და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის-რუსეთისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც აქ გვაქვს, ეს რბილი ძალა და ჰიბრიდული ომია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ეს რუსული კანონია, რომელიც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის მიერ დანახულია, როგორც დაბრკოლება ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკისთვის; ასევე ყველა სხვა კანონი, რომელზეც ამ ეტაპზე ნაკლებად საუბრობენ, და რომლებიც ცდილობენ შეგვაფერხონ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომლისკენაც ქართველებს უკვე 30 წელია დეკლარირებულად სურთ წასვლა.
როგორც ვიცით, შეიძლება ვეტო დაადოთ, [ჩვენ ამაზე საუბარი გასულ წელსაც გვქონდა, როდესაც მსგავსი პროტესტები ვნახეთ] მაგრამ ეს მხოლოდ შეფერხება იქნება, რადგან რა თქმა უნდა, თქვენ აღმასრულებელი უფლებამოსილება არ გაქვთ. როგორც ვხვდები მმართველ პარტიას თქვენი ვეტოს დაძლევა შეუძლია. რა ხდება შემდეგ? ქალბატონო პრეზიდენტო, რა შანსებია, რომ ეს კანონპროექტი რეალურად არ გავიდეს ბოლომდე?
ახლა მთავარია ჩვენი ხმა საქართველოს საზღვრებს მიღმა გავაგონოთ, ეს ძალიან ნათელია. დღეს საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო აქციის მესამე ღამეა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გარეთ, ქუჩაში, რომლებიც ამბობენ რა უნდათ ამ ქვეყნისთვის. მე მათი ხმა ვარ. ჩემი ვეტო მათი ხმაა. ჩვენი ხმა კი მომავალ არჩევნებზე 26 ოქტომბერს იქნება გაგონილი. საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქამდე გვყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ; ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მედია, რომელსაც თავისი საქმის კეთება შეუძლია; ძალიან მნიშვნელოვანია გვყავს სადამკვირვებლო მისიები, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. ეს დევს სასწორზე, შემდეგი არჩევნები. ქართველი ხალხი სწორედ მაშინ იტყვის, რომ თავიანთთვის და საკუთარი შვილებისთვის ევროპული მომავალი სურთ.
და როგორც თქვენ ამბობდით, ქალბატონო პრეზიდენტო, მესამე საპროტესტო ღამის ვიდეოდან ჩანს, რომ ქუჩები გადაჭედილია, ამ კანონპროექტს აშკარად ბევრი ეწინააღმდეგება. იგივე სურათი ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. მსგავსი სცენები ვნახეთ როდესაც მე და თქვენ მარტში ამ კანონპროექტზე ვისაუბრეთ. მაშინ მითხარით, რომ ეს თითქმის შეთქმულება იყო. თქვენ ამას ამჯერად დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია უწოდეთ. ეს კიდევ თამაშია?
უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ქართველების პროვოკაციაა. ეს ჩვენი პარტნიორების პროვოკაციაა, რადგან რასაც ვხედავთ ეს რბილი ძალის მუშაობაა. უკრაინაში სამხედრო ძალას ვხედავთ. და ეს არ არის წარმატებული, მაშინაც კი, თუ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას ყველა პარტნიორისგან სჭირდება, აქ კი, რბილ ძალას ვხედავთ. ორივე შემთხვევაში გამოწვევა დასავლეთისთვისაა. გამოწვევაა მხარი დაუჭირონ იმ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ, ან შიშველი ხელით იბრძვიან, როგორც საქართველოში, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, შეინარჩუნონ ევროპული და ევროატლანტიკური გზა.
საინტერესოა, რომ ამას ამბობთ, რადგან შარლ მიშელის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კომენტარი ვნახე, ვფიქრობ, გუშინდელი იყო, რომელმაც ამ უცხოური აგენტის კანონპროექტზე ისაუბრა. პლატფორმა X-ზე მან თქვა: „მინდა მკაფიო ვიყო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს მისწრაფებებს და ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიას არ შეესაბამება და საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო დააშორებს და არა დააახლოებს“. ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს, რასაც თქვენ ამბობდით, ქალბატონო პრეზიდენტო. სიგნალები ევროკავშირის წევრობის პოტენციური გართულების შესახებ. არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან იმ დესტაბილიზაციის ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობდით?
დიახ, ეს ისაა, რასაც ისინი ცდილობენ, ქართული საზოგადოების დაყოფა, აქ დაპირისპირების შექმნა. მაგრამ ეს არ იმუშავებს, რადგან საქართველოს მოსახლეობა ერთიანია - წავიდეს ევროპისკენ. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ამერიკელმა მეგობრებმაც თქვეს თავიანთი სიტყვა. ამ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი უჭერს მხარს. ძალიან უცნაურია.
დიახ, და კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ განაცხადა და მე აქ ვციტირებ: „ეს შიდაპოლიტიკური პროცესი საქართველოში ანტირუსული განწყობების პროვოცირებისთვის გამოიყენება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსები საქართველოდან მოდის“. რა არის თქვენი რეაქცია, ქალბატონო პრეზიდენტო?
ბოლო ორი საუკუნეა ანტირუსული განწყობის შესაქმნელად არაფერია საჭირო, რადგან რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ანტირუსული განწყობა გააძლიეროს. ფაქტია, ჩვენი ტერიტორიის 2/3 რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასე რომ, რუსეთის გარდა არავის სჭირდება ეს განწყობა გააძლიეროს.
ქალბატონო პრეზიდენტო, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. Ძალიან დიდი მადლობა!