პრეზიდენტი - ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ეს ხმა ხმამაღლა და ნათლად იქნება გაგონილი
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა ,,უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი (პირველი მოსმენით) დაამტკიცა, მის განხილვას მასობრივი პროტესტი მოჰყვა. გასულ ღამეს პოლიციამ დედაქალაქ თბილისში შეკრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ყველა ეს ფოტო, რაც ახლა ეკრანზე გადის, სამშაბათს გვიან პარლამენტის შენობასთან გადაიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია მათ ჟურნალისტებს თავს დაესხა.
ახალი კანონი ნებისმიერი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ან მედია ორგანიზაციისგან, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, მოითხოვს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს.
კრიტიკოსები ამბობენ, ეს [კანონი] უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის კანონის იდენტურია, რომელიც მათი თქმით, კრემლის კრიტიკული მედიასაშუალებების გასაჩუმებლად გამოიყენება. მათი თქმით, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იმედებზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით პლატფორმა „X“-ზე პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ კანონი საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და არა დააახლოებს.
ამავდროულად, კრემლი ამბობს, რომ ეს პროტესტები ქვეყანაში ანტირუსული განწყობის გასაღვივებლად გამოიყენება. საქართველო რუსეთთან საზღვარს იზიარებს და ის დამოუკიდებელი სახელმწიფო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა. ეს კანონპროექტი პარლამენტში რამდენიმე ეტაპს გაივლის და მისი დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, მას ვეტო ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადოს. და ის ახლა თბილისიდან გვიერთდება.
ქალბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BBC News-ზე. გვითხარით, რატომ ხართ შეშფოთებული ამ შემოთავაზებულ კანონზე.
ეს შემაშფოთებელია, რადგან ეს არის ზუსტად პუტინის კანონის ასლი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული და შემდეგ თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეწინააღმდეგება. ეს არის კანონი მედიის საქმიანობის წინააღმდეგ. და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო 30 და მეტი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უჭერენ მხარს. ასე რომ, ეს ძალიან შემაშფოთებელია, ამიტომაც შარშან იგივე კანონი მასობრივი დემონსტრაციების გამო უარყვეს და ვერ მიიღეს. და ამჯერად ამ კანონის გამეორება ქართველი ხალხის პირდაპირი პროვოკაციაა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კანონი დაფინანსების მიმღებთა ფინანსური გამჭვირვალობისთვისაა საჭირო. რას იტყოდი ამაზე?
ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ორგანიზაციებს აფინანსებენ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია. არის ვებსაიტები, რომლებზეც ყველას შეუძლია ყველა ამ დეტალის მოძიება. რაც არ არის გამჭვირვალე, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე, არ არის გამჭვირვალე, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახალი შემოტანის შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა თქვა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს. ჩვენ მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღე გვაქვს, მასობრივი და მშვიდობიანი დემონსტრაციების და ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ მიმართონ პირდაპირ, ან ირიბ შევიწროებას.
ქალბატონო პრეზიდენტო, შემდეგი კითხა უკავშირდება იმას, რაზეც ისაუბრეთ - პირები, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, მათ შორის, ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების. როგორ ფიქრობთ, თუ დღეს კანონი ერთ ეტაპს გაივლის, შესაძლოა თუ არა ის შანსები და იმედები, რაც ბევრს აქვს, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, გაქრეს?
ეს არის კანონი, რომელიც ნათლად აჩვენებს ძალაუფლებაში მყოფი ზოგიერთის განზრახვას დაბრკოლებები შექმნას ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე. მაგრამ ის, რაც ქუჩაში ხდება აჩვენებს, რომ ხალხს ევროპისკენ წასვლა აქვს გადაწყვეტილი. მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს არჩევნებთან ერთად მოვა. და ეს კანონი ასევე საშუალებაა, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ხელი შევუშალოთ, მაგრამ არა მგონია ეს მოხდეს, რადგან ეს მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე უდრეკად ინარჩუნებს მის დამოუკიდებლობასა და დამოუკიდებელ წარსულს.
ქალბატონო პრეზიდენტო, სანამ დავასრულებთ მინდა გკითხოთ, აპირებთ თუ არა კანონს ვეტო დაადოთ, რადგან თუ ის პარლამენტში ყველა ეტაპს ნამდვილად გაივლის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, თქვენ გაქვთ უფლება თქვენი ვეტო გამოიყენოთ.
მე ნამდვილად ვაპირებ ამ კანონს ვეტო დავადო, როგორც ყველა სხვა კანონს, რადგან ეს არ არაა ერთადერთი, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩემი ვეტო, რა თქმა უნდა, დაიძლევა, რადგან პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელსაც ჩემი ვეტოს დაძლევის მიზნები აქვს. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ეს ხმა ხმამაღლა და ნათლად იქნება გაგონილი.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ჩართვისთვის!