ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად გამორჩეული პოლიტიკური გზის შემდეგ, რომელმაც ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან თბილისში პრეზიდენტობამდე მიიყვანა.
ქალბატონმა პრეზიდენტმა უცხოეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გამართა. აქ მას განსაკუთრებული მიღება მოუწყვეს. პრეზიდენტი შეხვდა ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობის პირებს.
სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ევროკავშირთან დაახლოების საკუთარ გეგმებზე, რაც გულისხმობს „გაწევრიანებას სახელის გარეშე“.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო–ევროკავშირი: გაწევრიანება სახელის გარეშე?
ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად განსაკუთრებული პოლიტიკური გზის შემდეგ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვია, სადაც ის შეხვდა ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობის პირებს.
თქვენ იწყებთ ბრიუსელში თქვენი ვიზიტის მესამე და უკანასკნელ დღეს. როგორია თქვენი პირველი შეფასება ვიზიტის თაობაზე?
მე შესაძლებლობა მქონოდა შევხვედროდი გაერთიანების მთავარ თანამდებობის პირებს (ჟან–კლოდ იუნკერი, დონალდ ტუსკი, ანტონიო ტაჟანი, ფედერიკა მოგერინი, მიშელ ბარნიე), ასევე არაერთ პასუხისმგებელ პირს, რომელნიც ძალიან კეთილგანწყობილნი არიან საქართველოს მიმართ.
უნდა ითქვას, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ ევროკავშირისთვის ერთ–ერთი უკვე იშვიათობად ქცეული „კარგი ახალი ამბავი“ ვართ. ჩვენ ასევე კარგი მოსწავლის როლს ვასრულებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ფარგლებში.
და გაქვთ უფრო შორს წასვლის პერსპექტივები?
რეალურად მთავარი კითხვა შემდეგია: „აქედან საით მივდივართ?“ კერძოდ, ბრექსიტის ფონზე ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ცვლილებებისა და ევროპული პოპულისტური ტენდენციების გათვალისწინებით. ეს ერთ–ერთი იმ კრიზისთაგანია, რომლის წყალობითაც ევროკავშირი ვითარდება და რამაც შეიძლება ის თავისი კონფიგურაციის გადახედვამდეც მიიყვანოს.
ჩვენ ბანქოს საწყის დასტაში ვართ და ვაკვირდებით, თუ რა შეიძლება მივიღოთ ბანქოს ამ გადანაწილების შედეგად. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, როგორიცაა, მაგალითად, გაღრმავება, რაც გაფართოებას ნაკლებ პრობლემატურს გახდიდა ზოგიერთი ქვეყნისთვის სხვადასხვა ზომის დაჯგუფებების ფარგლებში.
ანუ გსურთ ისარგებლოთ ბრექსიტით?
თავად ბრექსიტმა შეიძლება ახალი შესაძლებლობები წარმოქმნას იმ ზომით, რამდენადაც შემუშავებული იქნება განსაკუთრებული ფორმატები, ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც საქართველო შეძლებს.
ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ ასევე მაისში ევროპარლამენტის არჩევნების პერიოდითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავით და გავმართოთ ბათუმში კონფერენცია რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მოვიწვევთ წევრ და ასოცირებულ სახელმწიფოებს.
სწორედ ასოცირებულმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, ვინაიდან ამ დროისთვის ევროკავშირს ჯერ ნაფიქრიც კი არ ექნება მომავალზე და ახალი იდეების შემუშავებაზე. ჩვენ ვისარგებლებთ ამ ფორმატით იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი იდეები, თხოვნები, წინადადებები და ხაზი გავუსვათ ჩვენს იმ უპირატესობას, რომ მტკიცედ ვგრძნობთ თავს ევროპელებად. ქვეყანამ ეს – ესაა აირჩია ევროპელი პრეზიდენტი, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70% კვლავ ევროპულ ორიენტაციას უჭერს მხარს, რაც სხვაგან არცთუ ისე ხშირად გვხვდება. ჩვენ ეს მისწრაფება ახალ კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, რომელიც ძალაში დეკემბრის თვეში შევიდა.
და მზად ხართ ისეთ გაწევრიანებაზეც კი, რომელსაც სახელი არ დაერქმევა?
იმ სამოქმედო გეგმის იდეა, რომლის წარმოდგენასაც ბათუმში ვაპირებთ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეიძლება გავხდეთ წევრი ქვეყანა, ისე, რომ ამავდროულად არ ვიყოთ წევრი. ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს სატრანსპორტო შეთანხმებები, ვმონაწილეობთ ისეთ პროგრამაში, როგორიცაა ერაზმუსი, რომელიც ძალიან პოპულარულია ქართველ სტუდენტებში. შესაბამისად, გვაქვს საფუძველი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ და წარმოვადგინოთ ჩვენი მოთხოვნების კონკრეტული სია, რომელიც ასახავს ჩვენს ნამდვილ ინტერესებს. ესენია: გარემოს დაცვა, შრომის უფლება, სფეროები, სადაც რესურსები გვჭირდება.
ჩვენ დღეს სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. ინვესტორებისთვის, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, ახალი წესებისა და ახალი ფასების შეთავაზებაში ევროკავშირის დახმარება, საკანონმდებლო დახმარების ჩათვლით, ძალიან სასარგებლო იქნება.
რა ძირითადი უპირატესობები აქვს საქართველოს, რომელიც მან ევროკავშირის წინაშე შეიძლება წარმოაჩინოს?
ამ მშფოთვარე რეგიონში საქართველო სტაბილურობის პოლუსს წარმოადგენს, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, რუსეთის აგრესიული და რთული მოქმედებებისა, რომელიც კვლავაც დიდ ზეწოლას ახდენს ჩვენზე, კერძოდ, საოკუპაციო ზოლთან (საზღვრები საქართველოს, აფხაზეთსა და ოსეთს შორის რედაქციის შენიშვნა). მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო მყარად ინარჩუნებს სტაბილურობას და უახლოეს სამეზობლოში საყრდენ წერტილს წარმოადგენს ევროკავშირისთვის. ახლა ჩვენ გვიერთდება სომხეთიც, რომელიც, როგორც ჩანს, ცდილობს გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ერევანი იწყებს ამ პროცესს ჩვენი ნაბიჯებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე მარტონი აღარ ვართ. აზერბაიჯანიც ასევე გამოხატავს ევროკავშირთან ურთიერთობით დაინტერესებას.
თქვენ გინდათ „ კვლავ დაუკავშიროთ“ ფიზიკურად საქართველო ევროპას?
საქართველო მდებარეობს ცენტრალური აზიისა და ჩინეთის გზაზე, ჩვენ ძალიან საინტერესო, მათ შორის, კომერციული თვალსაზრისითაც, მდებარეობა გვაქვს. ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ტრანზიტი შავ ზღვაზე, რასაც რეალური ეკონომიკური პოტენციალი აქვს და ამასთან არ წარმოადგენს მზარდი ხიფათის შემცველ ადგილს აზოვის ზღვისა და ყირიმისაგან განსხვავებით.
ევროკავშირთან მიმდინარე დაახლოების გარდა, რაც გამოიხატება ვიზალიბერალიზაციით, ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობით, წინ უნდა წავიწიოთ ასევე „ფიზიკური დაახლოების“ გზაზეც. კონკრეტულად აქ იგულისხმება პირდაპირი კავშირი ადამიანებსა და საქონელს შორის შავ ზღვაზე. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, ხილული და სიმბოლური დატვირთვის მქონე წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ მიზნით ჩვენ გავერთიანდით ევროპის სატრანსპორტო ქსელში, რომელსაც საქართველოსთვის აქვს 3,5 მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამა. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ამ ქსელს დაემატოს ასევე საზღვაო კავშირი რუმინულ პორტ კონსტანცასთან.
თქვენ გახდით იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელშიც მნიშვნელოვანი რეფორმები ჩატარდა 2004 წლის შემდეგ. რომელი იყო საქართველოსთვის ყველაზე პოზიტიური და პირიქით, ნეგატიური ცვლილებები?
ყველაზე პოზიტიური იყო ის ცვლილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ევროპულ პერსპექტივებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, ევროსტანდარტების განვითარებას. თუმცა, გავრცელებულია მოსაზრება წახალისებული რუსეთის პირდაპირი თუ ფარული პროპაგანდით, რომ „ჩვენ დავკარგეთ საკუთარი კულტურა, იდენტობა...“. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს თემა სრულიად გამქრალია, მაგრამ ის არ გადასულა პოლიტიკურ პოპულიზმში. არ უნდა დავუტოვოთ თავისუფალი ველი ამგვარ ტენდენციებს. პოზიტიურ ცვლილებებში უნდა დავასახელოთ აგრეთვე ამგვარი ცვლილებები საზოგადოებაში, თუმცა, ზოგ სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვა, ბევრად მეტია გასაკეთებელი.
ნეგატიურ მხარეებში უნდა დავასახელოთ ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაყინული კონფლიქტების დარეგულირება. პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა რუსეთის მიერ ახალი ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ და ამ რეგიონების დე ფაქტო იზოლირების კიდევ უფრო გაძლიერებით. ეს ყველაზე რთული პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც თითქმის ყოველდღიურად აბრკოლებს ჩვენს ქმედებებს.
ხშირად ამბობენ რომ ქართული საზოგადოება პოლარიზებულია. უკანასკნელი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მძიმე იყო. როგორ უნდა დაიძლიოს ეს მდგომარეობა?
ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ძალიან პოლიტიზირებული, თავისუფლად მოაზროვნე იყო. ჩვენ ეს მემკვიდრეობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოგვყვება. ამას დაემატა პოლარიზება, რომელიც დღეს მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ის ყველგან შეიმჩნევა, კერძოდ, აშშ–ში. ეს სოციალური ქსელების გამოყენების, თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი დაძაბულობისა და სულ უფრო რადიკალური არჩევანის არსებობის შედეგია.
შუალედური გზის პოვნას აღარავინ ცდილობს.
საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედებების წილიც უნდა უნდა აღინიშნოს, კერძოდ, რბილი ძალის გამოყენება, რაც გულისხმობს ყველა ახლომდებარე ქვეყანაში ამ დაპირისპირების გამძაფრებას, კერძოდ, ფეიკ–ნიუსების მეშვეობით. ეს სწორედ რუსეთის სტრატეგიაა – დაძაბულობის გამწვავება და მისი უკიდურესობამდე მიყვანა.
ჩემთვის ქვეყნის მთავარი გამოწვევა მორიგებასა და ამ მძაფრი დაპირისპირების დაძლევაში მდგომარეობს, რათა მოვახერხოთ და ვიშრომოთ ყველამ ერთად. ამაში არ იგულისხმება, რომ ყველას ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.
ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ თუ სათითაოდ მივუდგებით საკითხებს, რის გაკეთებასაც მე ვცდილობ, აღმოვაჩენთ, რომ არის ძალიან დიდი ერთიანობა შეხედულებებში ევროპასთან, ნატოსთან დაკავშირებით, ასევე ქართული საზოგადოების გარდაქმნის საჭიროებებთან მიმართებაში. ასე, მაგალითად, მიგრანტებისთვის დროებითი სამუშაოს საკითხის თაობაზე. თუ ცალკეულ თემებს ავიღებთ, არ არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსიც კი არსებობს.
ოკუპირებული ზონების საკითხთან და რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში ერთადერთი განსხვავება იმათთან, ვისაც „პრორუსებს“ უწოდებენ – და რომლებიც, სხვათა შორის, ნამდვილი პრორუსები არ არიან – მდგომარეობს იმაში, რომ მათ მიაჩნიათ, რომ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, მაშინ, როცა სხვები, ჩემი ჩათვლით, ვთვლით, რომ შეუძლებელია დიალოგში შესვლა, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არ იქნება მინიშნება იმაზე, რომ საქმე შეიძლება დაიძრას ადგილიდან ან მინიშნება ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, ჩემი აზრით, უაზრობა იქნება, რომ მარტო ჩვენ წავიდეთ კანოსაში. მე ვერ ვხედავ, რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს პუტინთან დიალოგმა მაშინ, როდესაც მისი ქმედებები სულ უფრო და უფრო ხისტია. როგორც დიპლომატს, მიმაჩნია, რომ დიალოგი არის გამოსავალი, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება, თუ მას რაიმე შედეგის მოტანა შეუძლია. მაგრამ საჭიროა, რომ იყოს შესაბამისი კონტექსტი და მთავარი ელემენტები – მე არ ვლაპარაკობ წინაპირობებზე – რომლებიც მოგვცემს იმედს, რომ შესაძლებელია შედეგის მიღწევა.
ამრიგად დღეს სრულიად წარმოუდგენელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა?
დიპლომატიური ურთიერთობების, როგორც ასეთის, აღდგენა შეუძლებელია. საჭიროა გარკვეული წინასწარი ნაბიჯები. შეიძლება გვქონდეს არაფორმალური დისკუსიები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ამას შეიძლება რაიმე შედეგი მოჰყვეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პრინციპებს უმიზეზოდ არ ვთმობთ.
თქვენი აზრით, რით აიხსნება ის ფაქტი, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის სტრატეგიას თავისი მეზობლების მისამართით?
ეს უბრალოდ ფანტაზიის ნაკლებობაა. ისინი აგრძელებენ იმპერიულ, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის პოლიტიკას – დაყავი და იბატონე, იმ მიზნით, რომ არ დაკარგონ მიწის პატარა ნაკვეთიც კი. მათი პოლიტიკა არ იცვლება.
სიახლეს მხოლოდ ფეიკ ნიუსების გამოყენება წარმოადგენს, მაგრამ ეს მხოლოდ პატარა შესწორებებია ერთსა და იმავე სტრატეგიაში, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: „მე გარშემორტყმული ვარ, შესაბამისად ერთადერთი შესაძლებლობა მაქვს: ვიბატონო, დავყო და შეძლებისდაგვარად დავიპყრო. მე არ ვცნობ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ეკონომიკური გავლენა, მეგობრული კავშირები, რაც იძლევა საკმაოდ ეფექტური სტაბილიზაციის საშუალებას“. ევროკავშირი სრულიად განსხვავებულ მოდელს წარმოადგენს.
ერთი, უფრო პირადული შეკითხვა. თქვენი დიდი ბაბუა დაახლოებული იყო საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში 1918–1921 წლებში. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს თურქებთან მანამდე, სანამ იძულებული გახდებოდა დაეტოვებინა ქვეყანა ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ. თქვენი არჩევა გარკვეულწილად უცნაური რევანშია ბედისწერაზე. რა შეგრძნებები გამოიწვია თქვენში პრეზიდენტად არჩევამ?
ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია, როდესაც ცხადად ხედავ ისტორიის მნიშვნელობას, როცა შენს თავს ეუბნები, რომ ეს შეუძლებელი იყო. ისტორიამ საკუთარ სცენარი დაწერა, ეს იყო პოზიტიური რევანში მშობლების და წინაპრების მიგრაციაზე, მაგრამ არა მხოლოდ. ეს არის აგრეთვე უწყვეტობა, ჩემი დიდი ბაბუა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელიც ეკონომიკურ სფეროში მოღვაწეობდა. პრაქტიკულად მან დააყენა ფეხზე ყველა დიდი მიმართულება, რომლისგანაც დღეს შედგება ქართული ეკონომიკა. მან დაარსა ფოთის პორტი, გაიყვანა პირველი რკინიგზები....ის გულმხურვალედ უჭერდა მხარს კომერციულ ხაზს ბერლინი–ფოთი–ჩინეთი, რომელიც დღეს ამოქმედებულია.
ამ მანდატის აღსერულებისას, რომელსაც თქვენ ახლახან შეუდექით, რომელი ისტორიული პირების მაგალითებია თქვენთვის შთამაგონებელი?
ქართველი ისტორიული პირების გარდა, ეს არის დე გოლი, რომელმაც ძალიან ქაოტური პერიოდის შემდეგ მოახერხა ერის გაერთიანება. საქართველოსთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა ახლა. როგორც ქალს, შთამაგონებს ინდირა განდის ფიგურა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში იყოს ქალი პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამბობენ, რომ საქართველო აზიური ქვეყანაა, მას აქვს მხოლოდ ქართული ტრადიცია, სადაც ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ისტორიაში. სხვათა შორის, ჩემი გამარჯვების ერთ–ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ქალი ვარ.
რაზე ოცნებობთ ქვეყნისთვის თქვენი ექვსწლიანი მანდატის დასასრულისთვის?
დასრულდეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირსა და ნატოში, დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს ქვეყანა წინ წავიდა და არა უკან.
Salomé Zourabichvili : Géorgie-UE : une adhésion sans le nom ?