​სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველო კვლავ წინ მიიწევს

ავტორი: კლერ მუდი

"საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა კლუბში ქალთა მცირე ჯგუფის ღირსეული წევრია“, - წერს კლერ მუდი, რომელიც ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.
იანვარში ბრიუსელმა სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს პირველად უმასპინძლა. თანამდებობის დაკავებიდან ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო საზღვარგარეთ, რაც მისგან საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს.
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის წევრი ქვეყნებისთვის და მოხარული ვარ, რომ ბრიუსელში ყოფნისას შევხვდი მას.
1918 წელს საქართველოში ყველა ქალს მისცეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, ეს თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ადრე მოხდა. ერთი საუკუნის შემდეგ, საქართველომ აირჩია ქალი პრეზიდენტი, რითაც ქალების პოლიტიკაში წარმომადგენლობის კუთხით კვლავ მოწინავე რიგებშია.
სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა რიცხვში ქალები მხოლოდ 7%-ს წარმოადგენენ, მაგრამ დეკემბერში ამ პატარა, მაგრამ შთამბეჭდავ გუნდს, კიდევ ერთი წევრი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. 
ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ გუნდის ღირსეული წევრია. მისი ოჯახის წევრები პოლიტიკური დევნილები იყვნენ საქართველოდან, მაგრამ 2003 წელს მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. მან ეს შანსი გამოიყენა და გახდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
ერთი წლის შემდეგ, ის საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი მოირგო.
მოცემულ მომენტამდე, სალომე ზურაბიშვილი საკუთარმა კარიერამ კარგად მოამზადა საქართველოს პრეზიდენტობისთვის. სანამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდებოდა, ის სწავლობდა მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში, „Science Po” პარიზში და „კოლუმბიის უნივერსიტეტში“ ნიუ-იორკში.
მას შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კარიერული დიპლომატი გახდა რომში, ნიუ-იორკში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობისას, მან საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა და ის გამუდმებით მოგზაურობდა, რათა ხელი შეეწყო საკუთარი ქვეყნის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ სწრაფვისათვის.
2006 წლის მარტში, მან ახალი პოლიტიკური პარტია, „საქართველოს გზა“ დააარსა და 2010 წლამდე იყო მისი ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. როგორც პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების პროცესში, მხარს უჭერდა საქართველოს დიასპორას, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას, განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი ნიჭიერი ლინგვისტია, რომელსაც მრავალი წიგნი დაუწერია საქართველოს შესახებ და რომელიც კვლავ ინარჩუნებს კავშირებს „Sciences Po“-სთან, როგორც ასოცირებული პროფესორი.
ასეთი მასშტაბის მიღწევების და გამოცდილების მიუხედავად, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი მაინც დადგა იმ პრობლემის წინაშე, რომელიც მრავალ ლიდერ ქალს გამოუცდია -  შეურაცხყოფის დონე, რომლის მოთმენაც არცერთ მამაკაცს არ უწევს.
საქართველო საკმაოდ ცნობილია, როგორც „ძლიერი“ პოლიტიკური დებატების მქონე ქვეყანა, მაგრამ კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტონი განსაკუთრებით საზიანო იყო.
სალომე ზურაბიშვილის დამსახურებაა, რომ გაუმკლავდა მსგავს ქალთმოძულე შეტევებს, ხოლო ის ფაქტი, რომ მან, ყველაფრის მიუხედავად, არჩევნების საბოლოო რაუნდში ხმების დაახლოებით 60% მოიპოვა და გაიმარჯვა - საქართველოს დამსახურებაა.
სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგს ეფუძნებოდა, განსხვავებით იმ დამოკიდებულებისა, რასაც მის მიმართ გამოხატავდნენ კამპანიის პერიოდში.
სალომე ზურაბიშვილის კამპანია მის გამოცდილებაზე ამახვილებდა ყურადღებას და გვპირდებოდა, რომ იმოქმედებდა როგორც ხალხისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი.
მას აქვს მყარი გამოცდილება ადამიანის უფლებების, უმცირესობათა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით, ასევე უფრო ტოლერანტული, პოლიტიკური დისკურსის ხელშეწყობის მიმართულებითაც, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მიესალმება.
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის მისი ერთ-ერთი პირობა იყო რომ ის წარმოაჩენს ქართულ კულტურას, მხარს დაუჭერს ქართულ დიასპორას, ასევე უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და მოქალაქეთა ცხელ ხაზს.
მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და მთავრობა მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც კარგი შანსი აქვს საკუთარი დაპირებების განსახორციელებლად. ეს საქართველოს აუცილებლად წინ წასწევს უფრო ღია და პროგრესული მიმართულებით.
როგორც ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში შესანიშნავ პროგრესს მიაღწია.
ბევრს იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგში ეს საკითხი პრიორიტეტულია და ის გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად.


With Salome Zurabishvili, Georgia leads the way, again

სხვა სიახლეები