მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი ინტერვიუს პარალელურად, აქ ევროკავშირის გაფართოების შესახებ დებატები იქნება ისეთი ქვეყნის პერსპექტივაზე, როგორიც საქართველოა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რომლისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება. რა არის თქვენი მთავარი საკითხი, რითიც აქ ჩამოხვედით?
მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა, რომელიც მთავარი სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს. როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, (ეს ჩვენთან ბოლო ორ საუკუნეში სამჯერ მოხდა), როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს.
მართლაც, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 2008 წელს რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისას, საქართველო აფრთხილებდა დანარჩენ ევროპას, რომ ამისგან გაკვეთილი უნდა ესწავლა. ეს გაკვეთილი, უკრაინამ 2014 წელს ისწავლა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რა პასუხებს იღებთ დღეს აქ მომავალზე და როგორ ხედავთ ევროპის ამჟამინდელ რეაქციას რუსეთის ამ აგრესიაზე?
ვფიქრობ, ევროპამ რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევრო გამოყო და ვფიქრობ, რომ ეს დიდი მიღწევა იყო მთელი ევროპისთვის, რათა საკუთარი მონდომება ეჩვენებინა. იმავეს ელიან ამერიკის კონგრესისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბოლოოდ მოხდება კიდეც. აქ მთავარია დრო და რაც უფრო ადრე მოხდება, უკეთესი. ვფიქრობ, სწორედ ამის სათქმელად იყო აქ პრეზიდენტი ზელენსკი. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის, მაგალითად, შავი ზღვა მთავარია, ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კავშირი ევროპასთან, მაგრამ ეს ასევე ევროპის საკითხიცაა. შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც ვსაუბრობთ ყირიმზე-უკრაინაზე, საქართველოზე და რუსეთის გეგმებზე ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მომავალ გეგმებზე, სტრუქტურული ინვესტიციების უფრო მეტად გაფართოებაზე, რითაც უნდა დაუკავშირდეს [ევროპა] დანარჩენ ცენტრალურ აზიას, რომელიც რესურსების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. აქ ბევრი რამ არის სასწორზე.
რა ხელშესახებ ეფექტს გრძნობთ იმ გაურკვევლობისგან, რომელიც შეიქმნა კონგრესში დახმარების პაკეტის შეფერხების გამო? სულ მცირე საგრძნობლად გადაიდება. ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ს მთავრობამ ფაქტობრივად დაადანაშაულა საკუთარი კონგრესი იმაში, რომ პასუხისმგებელია უკრაინის ერთი ქალაქიდან უკან დახევაზე საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო და ასევე გაურკვევლობა დონალდ ტრამპისგან, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატია, მაგრამ ეჭვებია, მის მზადყოფნაზე შეასრულოს ნატოს ვალდებულებები, თუ ის კვლავ პრეზიდენტი გახდება. ცვლის თუ არა ეს რუსეთისა და თქვენს ურთიერთობებს?
არ მგონია, რომ საქართველო - რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი. ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს.
რას მოელით ამ მომენტში ევროპელებისა და ევროკავშირისგან?
გაფართოება, გაფართოება და გაფართოება!
მაგრამ ეს გაფართოების საკითხი სადავოა თქვენს ქვეყანაში. მიუნხენში ფაქტობრივად, ნებართვის გარეშე ჩამოხვედით. თქვენივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა ამ მოგზაურობაში წამოსვლასაც კი. მაშ, გაფართოების საკითხთან დაკავშირებით რა პოლიტიკური ბრძოლის წინაშე დგახართ ქვეყნის შიგნით?
ისევე როგორც ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც არის შიდაპოლიტიკური ბრძოლები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ იცოდნენ, რომ ამაზე [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] ქართველი ხალხის სრული კონსენსუსი არსებობს და ასეა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან,. ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და ეს არასოდეს შეცვლილა. არც მაშინ, როცა საქართველო ოკუპირებული და დაპყრობილი იყო და არც მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ერთადერთი პერსპექტივაა, რაც რეალურად არსებობს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს.
გეოგრაფიას ვერ გავექცევით, მაგრამ შორეულ ქვეყნებშიც კი, გერმანიაში, ევროპაში, აღმოჩნდა საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. საქართველოში ეს რაში გამოიხატება?
ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
ვიცი, რომ თქვენ ასევე გქონდათ საშუალება აქ, მიუნხენში, გასაუბრებოდით უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რა გქონდათ შესადარებელი?
ჩვენ არაფერი გვაქვს შესადარებელი. ეს ყველაფერი უკვე შედარებულია. მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოვხატო ქართველი ხალხის თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმეც გახდება ყველა, ვინც საქართველოში ჩამოვა და თბილისში უამრავ უკრაინულ დროშას ნახავს. ასე რომ, მე აქ ამისთვის ვარ, რომ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა. მეტი არაფერი შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ამ დროისთვის, რადგან ჩვენ ვართ ასოცირებული ტრიოს ნაწილი, ახლა უკვე კანდიდატი ქვეყნები და რაც მთავარია, ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ სამი ქვეყანა, რომლებსაც ერთად სჭირდებათ შავი ზღვის უსაფრთხოება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრს სურს 5-8 წელიწადში გერმანია მოამზადოს, რადგან არსებობს რუსული აგრესიის შესაძლებლობა. მას სურს იხილოს გერმანია, რომელიც შეძლებს თავის დაცვას. მე მსურს გავიგო თქვენი ვადები და რას ელოდებით მომდევნო 5-8 წლის განმავლობაში. რა არის საუკეთესო და ყველაზე ცუდი შედეგი, რომელსაც ელით?
საუკეთესო შედეგი ისაა, რომ რუსეთს უკან დახევა მოუწევს საკუთარ ტერიტორიაზე, იმის გათავისება, რომ მას აქვს საზღვრები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, და პატივი უნდა სცეს მეზობლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ჩვენ ვხდებით ევროკავშირის წევრები. ეს არის საუკეთესო და ერთადერთი შედეგი, რაზეც შემიძლია ვიფიქრო.