გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტად არჩეული ყოფილი ფრანგი დიპლომატი გვიზიარებს საკუთარ მისწრაფებებს თავის ქვეყანასთან დაკავშირებით და ევროპის მისეულ ხედვას.
ინტერვიუ ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტთან თბილისში ოლივიე პერუსთან
გამოქვეყნებულია 17/02/2019 09:47
როდესაც ჯერ კიდევ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დერეფნებში დადიოდა, ის ოცნებობდა საფრანგეთის ელჩობაზე საქართველოში, იმ ქვეყანაში, საიდანაც მისი წინაპრები წითელ არმიას გამოექცნენ 1921 წელს. ოცნებობდა პრეზიდენტობაზე? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამჟამად სწორედ მას, ქართველად ქცეულ ყოფილ ფრანგს უკავია საპრეზიდენტო სასახლე თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. საკუთარი წარსული, ბრექსიტი, ყვითელი ჟილეტები.... სალომე ზურაბიშვილი გვიზიარებს ევროპის მისეულ ხედვას.
ლე პუენი: როგორ დაუკავშირდა თქვენი ოჯახი საფრანგეთს?
სალომე ზურაბიშვილი: 1921 წელს, როდესაც რუსეთის ჯარებმა დაიკავეს საქართველო, მთავრობა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლიტიკური ელიტა, რომლის შემადგენლობაში ჩემი მშობლებიც იყვნენ, იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ქვეყნიდან.
2 000 ადამიანმა დატოვა საქართველო ფრანგული გემით და თავი შეაფარა თავდაპირველად თურქეთს იმ იმედით, რომ რუსული ოკუპაცია ხანმოკლე იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. 1922 წელს თურქეთმა აღიარა ახალი რუსეთი და მოსთხოვა დევნილებს თურქეთის ტერიტორიის დატოვება. სწორედ მაშინ იქცა საფრანგეთი მათთვის ახალ ელდორადოდ.
1924 წელს დიპლომატიური ვიზიტისას საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ ერიომ სცნო ახალი რუსეთი, გარდა იმ ტერიტორიებისა, სადაც არ იყო გამყარებული მისი ხელისუფლება. ასეთებს შორის იყო საქართველოც, სადაც არაერთი ამბოხი ეწყობოდა. ამრიგად, ერიო არ წვევია საქართველოს. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი საფრანგეთში საქართველოს ახალგახსნილი საელჩოს შენარჩუნება. ეს მდგომარეობა გაგრძელდა 1935 წლამდე, სანამ საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება დაიდებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ქართულ ემიგრაციას ჰქონდა ერთგვარი რეზიდენცია საელჩოს სახით, საიდანაც შეეძლო გაეგრძელებინა პოლიტიკური ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. საფრანგეთი ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის იყო თავისუფალი საქართველოს მიღების ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრირებულთა ნაწილი შეერთებულ შტატებისკენაც გაემგზავრა. სწორედ საფრანგეთში გაიხსნა უცხოეთში პირველი ქართული ეკლესია.
მაგრამ ყველა ვერ წავიდოდა საფრანგეთში ...
პოლიტიკური ემიგრანტების არაერთი ოჯახი გახდა საბჭოთა სისტემის დევნის და გადასახლების მსხვერპლი. საფრანგეთში მცხოვრები ახლობლის ყოლა საკმარისი საბუთი იყო დამნაშავედ გამოცხადებისთვის. ჩემი ოჯახის ზოგიერთმა წევრმა გვარიც შეიცვალა. ბებიაჩემის ერთადერთი ძმა დახვრიტეს. ამ ეპოქაში სრულიად განადგურდა ქართული ელიტა. 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის ზოგიერთი შემოქმედი ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა ხალხის მეხსიერებაში. როდესაც პირველად ჩავედი საქართველოში 1986 წელს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ახალ აქტივისტებს თუ ახსოვდათ, ვინ იყო ზურაბიშვილების ოჯახი.
„ამირჩიეს იმიტომ, რომ ევროპელი ვარ“
როგორია თქვენი მიზნები საქართველოს პრეზიდენტის რანგში?
ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდი გარდაქმნები განიცადა და კვლავაც გარდაქმნების პროცესშია. ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ პერიოდში ეს უპერსპექტივო ქვეყანა იყო, პრეზიდენტი (ედუარდ შევარდნაძე, რედაქციის შენიშვნა) უკვე ასაკში იყო და არ ჰქონდა საქართველოს მომავლის ხედვა. მოგვიანებით სააკაშვილის მთავრობამ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, მრავალი რეფორმა წამოიწყო, რომელთაც შეცვალეს ქვეყანა. ჩვენ მტკიცედ გვქონდა განზრახული ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობა. სხვათა შორის, ეს მიზანი არასოდეს შეცვლილა არც ქვეყნის ხელმძღვანელობისა და არც საქართველოს მოსახლეობისათვის...
ეს თქვენი ამოცანაცაა?
სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ექვს წელიწადში მინდა ნამდვილ ინტეგრაციას მივაღწიო. მინდა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ ამ ინტეგრაციისკენ ჩვენი უცვლელი მისწრაფება უნდა დავამტკიცოთ და შევქმნათ ამისთვის აუცილებელი პირობები. ევროპა მოვა საქართველოსთან, ამაში დარწმუნებული ვარ. მე იმიტომ ამირჩიეს, რომ ევროპელი ვარ. ყველამ იცოდა ჩემი წარსული და მისწრაფება ევროკავშირისკენ.
რას მოგიტანთ ევროპა?
ჩვენ ევროპელები ვართ. ეს არის მოსახლეობის განცდა. ქართული იდენტობის საფუძვლები ისეთივეა, როგორიც არაერთი ევროპული ქვეყნის საფუძვლები. სიახლოვის დიდი განცდა არსებობს, რომელიც ბუნებრივია. ამას გარდა, ამგვარი მდებარეობის მქონე და დიდი ქვეყნებით გარშემორტყმულ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივა. ვერც ერთი მეზობელი ვერ გვთავაზობს ამგვარ ალტერნატივას. საქართველოს ისტორიის მანძილზე გვქონდა შეხება ამ მეზობლებთან და შესაბამისად, კარგად ვიცით, რა შესთავაზეს ამ იმპერიებმა საქართველოს. სხვათა შორის, ქართველი მეფეები დიდხანს ეძებდნენ დახმარებას ევროპაში. ევროპაა სწორედ ის გზა, რომელსაც ამიერიდან საქართველო უნდა დაადგეს.
განვითარების რა პერსპექტივას მოუტანს ეს საქართველოს?
მართალია, ჩვენ ევროპელებად ვგრძნობთ თავს, მაგრამ უფრო კულტურული თვალსაზრისით. საზოგადოების გარდაქმნა საბჭოთა ხანის დასრულების შემდგომ ბოლომდე არ დამთავრებულა. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა საბჭოთა და ტოტალიტარული უღლის ქვეშ იყო 80 წლის მანძილზე. ამან დიდი დაღი დაასვა მენტალობასა და ქცევას როგორც პოლიტიკაში, ასევე მოქალაქეებშიც. ეს დღესაც იგრძნობა: ინიციატივის ნაკლებობა, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მასაში გათქვეფის კომფორტულობა და ა.შ. ჩვენთან ზრუნავენ საკუთარ ბინაზე, ხოლო შენობის საერთო ნაწილებზე ზრუნვას სხვას - ანუ სახელმწიფოს - აკისრებენ. აქ დიდხანს იყო გადასახადების გადახდისგან თავის არიდების პრაქტიკა და იზოლირებულობისა და ჩამორჩენილობის შეგრძნება, მათში ვინც თბილისში არ ცხოვრობდა. საქართველომ უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალების. ისტორია გვაძლევს ამის საფუძველს: ჩვენ ყოველთვის ვიყავით ინტელექტუალურად ყველაზე დამოუკიდებელი ქვეყანა რეგიონში.
და რა შეუძლია მოუტანოს ევროპას საქართველომ?
ტოლერანტობის დიდი სული. ამ სფეროში ჩვენ ერთი მიკროსამყარო ვართ, ეს არის ტრადიცია, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სხვათა შორის, ჩვენ შეგვაქვს ახლა განაცხადი იუნესკოში არამატერიალურ ფასეულობათა სიაში ტოლერანტობის ცნების შეტანის თაობაზე. ამის საფუძველს სხვა მაგალითებთან ერთად გვაძლევს ებრაელებისა და ქართველების უკონფლიქტო თანაცხოვრება 26 საუკუნის მანძილზე. ისრაელში გვეუბნებიან, რომ ჩვენ ერთადერთი ერი ვართ, ვისაც ბოდიში არ აქვს მოსახდელი 39-45 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ებრაელები, ქურთები, სომხები, შიიტები, სუნიტები... საქართველოს მშვიდობიანი თანაცხოვრების ძალიან გრძელი ისტორია აქვს. ამას გარდა, აქ უცხოელს ყოველთვის გულღიად იღებდნენ. ამის გამოც ვუმკლავდებით ამ მიგრაციულ შემოტევას.
მაგრამ ეს შემოტევა მთელ ევროპას ეხება, იმდენად, რომ საფრთხესაც კი უქმნის მას. თქვენც გაშფოთებთ ეს ფაქტი?
მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი მთელ მსოფლიოს აშფოთებს. ეს ევროპის ჩაკეტვას ჰგავს. ჩვენთანაც არის იმიგრაცია, როგორიც ადრე არ ყოფილა, სირიიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან და ა.შ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შესაბამისად თვითგადარჩენის რეაქციამ ძალიან მალე შეიძლება იჩინოს თავი. უკვე იყო გარკვეული უკმაყოფილება უცხოელებზე მიყიდული მიწების გამო. მე ვთვლი, რომ საჭიროა რეგულაციების დაწესება, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. უფრო შეძლებულ უცხოელს არ უნდა ჰქონდეს მიწების დაბალ ფასად ყიდვის შესაძლებლობა. ეს უსამართლობა იქნება. ამავე დროს ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ინვესტიციების არსებული დონე და მოვიზიდოთ სერიოზული უცხოელი ინვესტორები. უნდა გვქონდეს კარგად დაგეგმილი პოლიტიკა, რათა ხელი შევუშალოთ მიგრაციის ზრდას.
მიგრაცია, ბრექსიტი... ევროპა კრიზისშია. უადგილო ხომ არ იქნება ახალი ქვეყნის ინტეგრაცია ამ სიტუაციაში?
მართალია, ევროპა კრიზისშია. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და დაკვირვებას ვამჯობინებ. ამაზე რამდენიმე წლის შემდეგ ვისაუბროთ, მაგრამ არ მავიწყდება შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაზე ამბობდნენ, რომ ის ვერასოდეს გახდებოდა ევროკავშირის წევრი, რამდენიმე წლის შემდეგ კი მის გაწევრიანებას ზეიმობდნენ. მთელი ევროპული კონსტრუქცია კრიზისების შედეგად არის შექმნილი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი კრიზისის შედეგი იყო. შესაბამისად, ბრექსიტიც შეიძლება გახდეს საწყისი წერტილი. ჩემი აზრით, ეს პერიოდი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ახლებურად მოვიფიქროთ ევროკავშირის მოწყობა, ახალი საფუძვლებითა და ახალი იდეებით. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვისაც, იქნებ მან უფრო ადრეც იპოვოს თავისი ადგილი ევროპულ ერთობაში, შეიძლება განსხვავებულადაც მოახერხოს ეს. თუ ბრექსიტი წარმოშობს ინტეგრაციისა და ურთიერთობების ad hoc ფორმატებს, მაშინ ჩვენ რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ამით? არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ ჩვენნაირ ქვეყანას, რომელიც ასე ისწრაფვის ევროპისკენ, უფრო ცუდად მოექცნენ, ვიდრე იმას, რომელმაც თქვა არა. ჩვენ წარმოდგენილნი უნდა ვიყოთ უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკისა და მალის ოპერაციებში. ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ ევროპის მოქმედებებში საგარეო არენებზე.
თქვენ, როგორც ფრანგი, რას ფიქრობთ ყვითელი ჟილეტების კრიზისზე?
ეს ახალი ფენომენია, რომლის წინასწარ გათვლაც შეუძლებელი იყო. ეს არის აგრეთვე საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბანქოს ახლებური გადანაწილების გამოხატულება, გადანაწილების, რომელიც ემანუელ მაკრონის არჩევით დაიწყო. პოლიტიკური პარტიები შეიცვალნენ. საფრანგეთში პოლიტიკური ძალების მიმართ უნდობლობაა. იგივე ითქმის საქართველოზეც, სადაც გადაწყდა საპარლამენტო რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი საყოველთაო პირდაპირი წესით არის არჩეული. საპარლამენტო რეჟიმი კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. განსაკუთრებით, თუ მოქალაქეებს ამ პარტიების ნდობა აღარ აქვთ...
Salomé Zourabichvili : « Je veux que la Géorgie intègre l'Union européenne »