​საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ფრანგულ რადიო RTL-თან

ივ კალვი: 8 სთ და 22 წუთია, მადლობას მოგახსენებთ, რომ უსმენთ RTL-ს. მივესალმებით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. უღრმესი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. თქვენ ბრძანდებით საქართველოს პრეზიდენტი, რამდენიმე წუთში თქვენ შეხვდებით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

თქვენ პირველი სახელმწიფოს მეთაური ქალი ხართ კავკასიის რეგიონში, რომელიც რამდენიმე თვის წინ იქნა არჩეული. ჩვენი მსმენელებისთვის  საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ საფრანგეთს, ვინაიდან თქვენ აქ დაიბადეთ, აქ მუშაობდით, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩად. უკვე პრეზიდენტის რანგში საფრანგეთში, თქვენს სახლში, დაბრუნება ცვლის თუ არა  ჩვენი ქვეყნის თქვენეულ ხედვას და თქვენს მიერ განვლილი გზის შეფასებას?

სალომე ზურაბიშვილი: ასეა თუ ისე,  ეს ცოტა უცნაურია, უჩვეულო შთაბეჭდილებაა. ძალიან თბილად მიმიღეს საფრანგეთში და მე მართლაც ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. როგორც რამდენიმე წლის წინ ჩემს მიერ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, ყოველთვის აღვიქვამდი თავს ორი ქვეყნის შვილად.
და დღეს ვიმყოფები იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ბებიამ და ბაბუამ დატოვეს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის მომენტში, როდესაც რუსული ჯარები შემოვიდნენ საქართველოში. აქ დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გარკვეულწილად ჩემი პრეზიდენტად არჩევა იმანაც განაპირობა, რომ მე ნახევრად ევროპელი ვარ.

ივ კალვი: თქვენი ფესვები საქართველოშია, მაგრამ განათლება საფრანგეთში მიიღეთ.

სალომე ზურაბიშვილი: დიახ, ასეა.

ივ კალვი: მაინც რას ნიშნავს ეს თქვენთვის და თქვენი ხედვისთვის და რა მნიშვნელობა აქვს ამას თქვენი ქვეყნის მომავლისთვის?

სალომე ზურაბიშვილი: ეს არის შესაძლებლობა, რომ გაიდოს ხიდი, დამყარდეს კავშირები და ჩემი აზრით, სწორედ ამან მოხიბლა ყველაზე მეტად ამომრჩევლები, ეს არის იმის შეგრძნება, რომ მე შესაძლოა საუკეთესო ელჩი ვიყო იმისათვის, რომ უფრო დავაახლოვო ეს პატარა ქვეყანა ევროკავშირთან.

6O8A8990-(2).JPG
ივ კალვი: და შეიყვანოთ ქვეყანა ევროკავშირში?

სალომე ზურაბიშვილი: დიახ, შევიყვანოთ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ  ამჟამად ევროკავშირში მდგომარეობა ცოტა განსხვავებულია, შიდა კრიზისი, ბრექსიტი, არჩევნები, პოპულიზმი, ყოველივე ეს ცვლის ამ გაერთიანებას. შესაბამისად, საქართველოს გაწევრიანებაც შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს.

ივ კალვი: ანუ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა თქვენთვის უმთავრესია და თქვენ მისი განხოციელების გჯერათ?

სალომე ზურაბიშვილი: რა თქმა უნდა.
ივ კალვი: და ქართველები რას ფიქრობენ ამაზე?

სალომე ზურაბიშვილი: ისინი ზუსტად ჩემსავით ფიქრობენ.  წლების მანძილზე ჩატარებული ყველა გამოკითხვა უცვლელად – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ადასტურებს, რომ დაახლოებთ ამომრჩეველთა 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას. ეს პროევროპული მისწრაფება ქართველებისთვის ბუნებრივია. ისინი თავს ევროპელებად აღიქვამენ. ისინი თვლიან, რომ აქვთ ევროპული კულტურა ან ევროპას აქვს ქართული კულტურა ანუ ღირებულებები საერთო გვაქვს, რომ მათი ბუნებრივი ოჯახი ევროპაა და რომ რეალურად ჩვენ არ გვაქვს სხვა პერსპექტივა. ალტერნატივა იმ რეგიონში, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, არ არსებობს: ან ევროპა ან არაფერი.

ივ კალვი: კითხვა, რომელიც წინა კითხვიდან გამომდინარეობს, ვლადიმერ პუტინს ეხება. გქონდათ მასთან კონტაქტი?

სალომე ზურაბიშვილი:  არა და არც ვაპირებთ ვკითხოთ მას, თუ რას ფიქრობს ამაზე. მე არ მქონია მასთან კონტაქტი, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანებში. ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა იმ პერიოდში, როცა მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მაშინაც მე ძირითადად კონტაქტი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან და არა თავად პუტინთან. მაშინ რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: საქართველოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს მოკავშირეები და დაამყაროს კავშირები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ოღონდ, ეს რუსეთისთვის საზიანო არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა...

ივ კალვი:  იმედს გამოთქვამთ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ ამაში?

სალომე ზურაბიშვილი: არა, მე მათთვის  არ მიკითხავს და არც მათ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია. ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ იყურებოდეს გამუდმებით ამ, სხვაგვარად რომ არ თქვათ, რთული,  მეზობლისკენ და გაკვალოს საკუთარი გზა ისე, როგორც მისი ინტერესებისთვის უმჯობესია.

ივ კალვი: რთული მეზობლები თქვენ მრავლად გყავთ.

სალომე ზურაბიშვილი: დიახ.

ივ კალვი: რუსეთი მთლად ახლოს, ირანი, გარკვეულწილად თურქეთიც. რა კომენტარი შეიძლება  გააკეთოთ აქედან გამომდინარე 4  მილიონიანი ქვეყნისთვის?

სალომე ზურაბიშვილი: იგივე, რაც უკვე ვთქვი – ევროპა. მართლაც სწორედ ამგვარი გარემოცვა ჰქონდა საქართველოს საუკუნეების მანძილზე, ეს ახალშექმნილი ქვეყანა არ არის, საუკუნეების განმავლობაში ეს იყო სამეფო, რომელიც გამუდმებით იყო იმავე მეზობლების მხრიდან შემოსევების, ოკუპაციის, მუქარის ობიექტი. თავისი ისტორიის მანძილზე ქართველები ყოველთვის ისწრაფვოდნენ ევროპისკენ. ჩვენგან იგზავნებოდა ელჩები ევროპელ მონარქებთან, პაპთან თხოვნით, რომ დახმარებოდნენ საქართველოს, რომელიც ხან ჯვაროსნებთან ერთად, ხან მარტო ებრძოდა იმ სამყაროს და იმ საფრთხეებს, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქაში მიმართული იყო  ევროპული და ქრისტიანული ცივილიზაციის წინააღმდეგ.

ივ კალვი: თქვენი პასუხიდან გამომდინარე, თუ შეიძლება, შეგვახსენეთ, რომელია თქვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგია.

სალომე ზურაბიშვილი:  ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. გვყავს რელიგიური უმცირესობები მუსულმანების, ებრაელების სახით. სხვათა შორის, ახლა, იმის გათვალისწინებითაც, რაც საფრანგეთში ხდება, ალბათ, უპრიანია ვახსენო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შეუძლია ევროპას მოუტანოს, ეს არის ტოლერენტობის ტრადიცია.

ებრაული რელიგიის წარმომადგენლებმა იცხოვრეს საქართველოში 26 საუკუნის მანძილზე და ამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს შორის ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა, არასოდეს. და სხვათა შორის, ისრაელში ჩვენი დიპლომატიური შეხვედრებისას ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბოდიში არ აქვს მოსახდელი მათ წინაშე, იმიტომ, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. სხვათა შორის, ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ იუნესკოში თხოვნა  არამატერიალურ ძეგლთა სიაში ქართული ტოლერანტობის შეტანის თაობაზე. ჩვენ ამით მოვდივართ ევროპაში.

ივ კალვი: რახან ქართულ ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ, სტალინის სახელი არაფერს გეუბნებათ?

სალომე ზურაბიშვილი:  მისი სახელი საბჭოთა მმართველებს უკავშირდება.

ივ კალვი:  გინდათ ხაზი გადაუსვათ მის ქართულ წარმომავლობას?

სალომე ზურაბიშვილი: დიახ.
6O8A9047.JPG
ივ კალვი: რატომ?

სალომე ზურაბიშვილი: იმიტომ, რომ ის თვითონ აკეთებდა ამას,  უარს ამბობდა ქართულად საუბარზე. ის ცუდად ლაპარაკობდა რუსულად, ძლიერი აქცენტით, ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში და თავს თვლიდა  იმპერიის მმართველად.

ივ კალვი: ჩვენი საუბრის დასაწყისიდანვე გასაგებია, რომ საპოვნელია გარკვეული ბალანსი თქვენს ევროპულ მისწრაფებას, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს და თქვენი მეზობლის არსებობას შორის. მართალია, თქვენ მეუბნებით, რომ მის აზრს არ ითვალისწინებთ, ცხადია, პუტინის გადასაწყვეტი არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც საჭირო იქნება, რომ რაღაც წონასწორობის წერტილი იპოვოთ. თუ ფიქრობთ ამაზე?

სალომე ზურაბიშვილი: გეთანხმებით. ეს წონასწორობა თავისთავად ჩნდება, საქართველო ნაბიჯ–ნაბიჯ მიიწევს წინ ევროკავშირისკენ. პარტნიორობა, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ბაზრის გახსნა, ყველაფერი ეს თანდათანობით ხორციელდება რუსეთთან დაპირისპირების გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან.  და მე ვთვლი, რომ სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ. თქვენ მკითხეთ, საჭიროა თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. მე მიმაჩნია, რომ საქართველო ნელ–ნელა უნდა შევიდეს ევროკავშირში, ყველა იმ სფეროში, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ივ კალვი: თქვენ უკვე გაქვთ გამოკვეთილი მიზნები?

სალომე ზურაბიშვილი: დიახ, ესაა კულტურა, განათლება. ჩვენ პრატქიკულად უკვე ვმონაწილეობთ ყველა ევროპულ საგანამანათლებლო პროგრამაში. რაც შეეხება უსაფრთხოებასა და თავდაცვას, ჩვენ სრულად არ ვართ ჩართულები, მაგრამ უკვე ვმონაწილეობთ ცენტრალურ აფრიკაში და  მალიში, საფრანგეთი დახმარებას უწევს საქართველოს საჰაერო თავდაცვის სფეროში. ამრიგად არის ბევრი საერთო წერტილი. უსაფრთხოება, თანამშრომლობა და სატრანსპორტო გზები შავ ზღვაზე, ესეც საინტერესო უნდა იყოს ევროკავშირისთვის. უკვე ვახსენე კულტურა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და აქ არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ შეეძლოს ევროპის კულტურასთან ინტეგრაცია. სწორედ ამ სფეროებით უნდა  დაუახლოვდეს საქართველო ევროპას. ვნახოთ...

ივ კალვი: რას ეტყოდით ჩვენი არხის მსმენელებს, რომლებმაც შეიძლება დღეს გაგიცვნეს და აღმოაჩნეს, რომ სწორედ ფრანგი ქალი არის ჩვენთვის შორეული რეგიონის საკმაოდ უცნობი ქვეყნის პრეზიდენტი, თქვენს ქვეყანასა  და მის კულტურაზე?

სალომე ზურაბიშვილი: ვეტყოდი, ჩამობრძანდით და აღმოაჩინეთ ქართული ღვინო და სამზარეულო, ფრანგების გარკვეულმა ნაწილმა ეს უკვე გააკეთა. ამავე დროს თქვენ აღმოაჩენთ ქვეყანას ძალიან დიდი ისტორიით, ევროპული ღირებულებების მქონე ათასწლოვანი  კულტურით და ის თავად გაჩვენებთ, ახსნის გარეშე, რა აახლოებს ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპას.

ივ კალვი: რამდენიმე წუთში თქვენ ესტუმრებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. რა გაქვთ მაინც მისთვის სათქმელი, შეიძლება სათხოვნელიც, და  ჩვენთვის, ფრანგებისთვის გასაზიარებელი?

სალომე ზურაბიშვილი: სწორედაც საფრანგეთისთვის გასაზიარებელი ის გვაქვს, რომ საქართველო ეს არის ერთგავრი საცავი ევროპული ღირებულებებისა, რომლებიც მან შეუძლია გაუნაწილოს ევროპას. დღეს საფრანგეთი საქართველოს მთავარი მოკავშირეა ევროპაში. საქართველო კი საფრანგეთისთვის, კერძოდ, მაკრონის საფრანგეთისთვის არის ევროპის ერთ–ერთი უკანასკნელი გულმხურვალე მხარდამჭერი და თქვენ ეს ნამდვილად გჭირდებათ.

ივ კალვი: გეთანხმებით. და ბოლო შეკითხვა. ჩვენ ძალიან არეულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც გარკვეულ  შიშებსაც წარმოშობს. ჩვენ ვახსენეთ მიგრაციის ზრდა მთელ ევროპაში,  ვხედავთ ანტისემიტიზმის გამოვლინებებს  ჩვენს ქვეყანაში. თქვენი აზრით, რომელია  ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე შემაშფოთებელი დაძაბულობის წერტილი? თქვენ ელჩი იყავით, მშვენივრად ხედავთ, რომ მსოფლიო ამჟამად განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდება. როგორია თქვენი აზრი ყოველივე ამის შესახებ, რამდენიმე სიტყვით, თუ შეიძლება.

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიტყოდი დაძაბულობის წერტილებში დიდი არჩევანი გვაქვს.

ივ კალვი: ის, რომელიც თქვენ გაშფოთებთ.

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ, ბუნებრივია, ყველაზე მეტად გვაშფოთებს ის, რომელიც ჩვენთან უფრო ახლოსაა, შუა აღმოსავლეთი, სირია, ვინაიდან გეოგრაფიულად ჩვენ ახლოს ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი სამყარო ძალიან გლობალიზებულია და დაძაბულობამ ნებისმიერ წერტილში შეიძლება ჩვენც დაგვაზიანოს. ასე, რომ ძალიან ძნელია, შემოიფარგლო მხოლოდ ახლოს მდებარე გეოგრაფიული რეგიონით
.
ივ კალვი: ძალიან დიდი მადლობა, მადლობა, რომ მობრძანდით ამ დილით ჩვენთან. თქვენთან საუბრის წყალობით ჩვენ გავიგეთ, რომ გვყავს ორმაგად მეგობარი ქვეყანა, ვინაიდან თქვენ პრეზიდენტი ხართ და ამავე დროს ფრანგი ბრძანდებით. სასარგებლო შეხვედრას გისურვებთ პრეზიდენტ მაკრონთან და სასიამოვნო ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში.

სალომე ზურაბიშვილი: დიდი მადლობა.

 

სხვა სიახლეები