სალომე ზურაბიშვილი - რუსეთს სურს ძალით დაამყაროს მსოფლიო წესრიგი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ „i24NEWS“-თან
 
კითხვა: როგორც საქართველოს პრეზიდენტი რას ფიქრობთ მსოფლიოში გაძლიერებული ანტისემიტიზმის შესახებ და მიიჩნევთ თუ არა, რომ მის უკან ისლამისტური რიტორიკა დგას?

პრეზიდენტი: ვიტყოდი, რომ მსოფლიოში ყველა სახის კონსერვატიზმი და შიშია გაძლიერებული, რომელიც გარდაიქმნება სხვების მიმართ სიძულვილსა და შიშში.
ეს ყველაფერი ძალიან კომპლექსურია და მასში ისლამიც თავის როლს ასრულებს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ არსებობს ფარული პრობლემა, როცა ყველა ერთიანდება და ძალიან მტრულად რეაგირებს გარეთ მყოფისა და განსხვავებულის წინააღმდეგ.

კითხვა: შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება იშლება. საქართველო როგორ აღიქვამს ამ პროცესს?

პრეზიდენტი: ეს საკითხი, როგორც სხვა დანარჩენი საკითხები, სანერვიულოა. ყველაფერი, რაც რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხდება - ახალი დაძაბულობები, ბირთვული აღზევების განახლება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და, როგორც გახსოვთ, მე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ამ სტრატეგიული მოლაპარაკებების პროცესში, ყველაფერი ეს, რაც შეიძლება იწვევდეს რუსეთის რეაგირებას, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია, ისევე როგორც რუსეთის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის ჩრდილოეთით. ჩვენ ყველა მხარეს ვიყურებით და ყველგან არსებობს შეშფოთების საბაბი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მივიწევთ ევროპისკენ.

კითხვა: რუსეთს 1945 წლიდან მოყოლებული ნამდვილად სურს აშშ-ს ხელმძღვანელობით მართული მსოფლიო წესრიგის დასრულება. როგორ ფიქრობთ, მიიღებს ამას დასავლური სამყარო, დონალდ ტრამპი?

პრეზიდენტი: მიმაჩნია, რომ ბევრს დავკარგავთ იმ სტრუქტურას დაკარგვით, რომელიც პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ბევრი ქვეყნის, ევროპელი პარტნიორების მუშაობის შედეგია.
ეს ახალი წესრიგია, რომელსაც ჩვენ ყველა ვეყრდნობით და რომელიც საფუძველია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების და ევროპული სტრუქტურების, რომლებიც მისგან წარმოიქმნენ.
რუსეთი ამ წესრიგს ყოველთვის ებრძოდა, რადგან საკუთარი თავი ამ სამყაროს ლიდერად არ მიაჩნდა. ასეთი სამყარო ძალადობაზე კი არა, კანონზეა დამყარებული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საქართველოში, რომ რუსეთი უპირატესობას ძალადობრივ ურთიერთობებს ანიჭებს, რომელშიც ძლიერი საკუთარ კანონებს აწესებს. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფის, ნამდვილად გვსურს, რომ ვიყოთ იმ სისტემის ნაწილი, რომელშიც ფუნდამენტური და არა ძალადობრივი კანონები მუშაობს.

სხვა სიახლეები