გუშინ საღამოს თბილისი ზეიმობდა, ათასობით ქართველი აღნიშნავდა ახალ სტატუსს. ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი ევროკავშირის მიმართულებით. ევროკომისიამ გასცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია - გამარჯვება მოსახლეობისთვის და ასევე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.
ქალბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე წუთში მოვისმენთ თქვენს კომენტარს; მანამდე კი, ეტიენ პაპონო მოგვითხრობს გუშინდელი მოვლენების შესახებ.
დროშით ხელში, ათასობით ქართველი იკრიბება ოთხშაბათს საღამოს თბილისში, რომ ერთად ირწმუნონ მათი ევროპული მომავალი. რამდენიმე საათის წინ ბრიუსელის მიერ ევროპის მიმართულებით ანთებულ მწვანე შუქს აღნიშნავს მკვეთრად პროდასავლელი საქართველოს პრეზიდენტი.
«ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღეს ისინი აქ არიან, ჩვენთან ერთად არიან, რადგან ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ».
ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, უფრო და უფრო დასავლეთისკენ იყურება. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
“მე მსურს წინ წავიდე, ევროპისკენ და არა უკან, სიბნელისკენ, რადგან ევროპა ჩემთვის სინათლეა“. “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ საშუალებებს მისცემს, ასევე კარიერულ შესაძლებლობებს და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება“. - ევროპულ მისწრაფებას ყველა არ იზიარებს.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც ოქტომბრის თვეში პარლამენტი გადაყენებით ემუქრებოდა, მთავრობას რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. მარტის დასაწყისში თბილისის ქუჩებში მოსახლეობა საკუთარ სიბრაზეს გამოხატავს. მათი სამიზნე - ,,რუსული კანონის“ ასლი სამთავრობო პროექტია, რომელიც კრემლის მიერ კრიტიკული ხმის ჩასახშობად გამოიყენება, აღქმული როგორც საფრთხე ევროპული დაახლოებისთვის. საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი ამოღებულ იქნა.
პროევროპული ბანაკი რეფორმების გასატარებლად და გაწევრიანებისთვის ფსონს მოსახლეობის სულისკვეთებაზე დებს. მომდევნო ეტაპი ბრიუსელია, სადაც 27 ქვეყანამ დეკემბერში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
---
მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო.
მოგესალმებით.
გმადლობთ, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აღნიშნავდით გუშინ ამ გამარჯვებას - ეს თქვენი სიტყვებია, ქართველებთან ერთად, რომლებიც ათასობით შეიკრიბნენ თბილისში. უპირველეს ყოვლისა, რა განცდას იწვევს თქვენში ევროკავშირში გაწევრიანების ეს პროექტი?
ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ამ ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ ის მარტო რჩება რუსეთის წინაშე.
ვფიქრობ, რომ დღეს დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, სიღრმისეული მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში და რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ისევ და ისევ ყოველდღიურად უკრაინაში აჩვენებს, თუ რაოდენ იმპერიალისტურია ის. საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ.
რუსეთისგან დასაშორებლად…
რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად.
ამ ახალ სტატუსზე ევროკომისიამ გასულ წელს უარი გითხრათ. ბრიუსელმა მოგცათ 12 რეკომენდაცია, რომელთაგან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. ფავორიტიზმს აქვს ადგილი ბრიუსელის მხრიდან?
ასეთი რამ უკვე მომხდარა. მე არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, და ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის.
ეს ასევე სასჯელი იქნებოდა ქართველებისთვის, რომლებიც როგორც ვნახეთ…
ქართველებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30 წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინ წინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია.
გაერთიანების თქვენი მოთხოვნა ფორმულირებული იყო უკრაინის და მოლდოვის მოთხოვნასთან ერთად. მოლდოვა თქვენზე უფრო სწრაფად მიიწევს წინ, რადგან მან მიიღო ევროკავშირის მწვანე შუქი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. თქვენ გული დაგწყვიტათ ამ დაშორებამ?
ეს დაშორება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ….
გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი.
ეს დამატებითი ნაბიჯია. როგორც თქვენ თქვით, ახლა საჭიროა 27 წევრი ქვეყნის დასტური. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველებმა უნდა გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები. ვნახეთ, რომ მოსახლეობა აშკარად ევროპისკენაა მიმართული, მაგრამ ქართული მთავრობა უფრო და უფრო ღიად პრორუსულია. როგორც აღვნიშნეთ იყო თქვენი გადაყენების მცდელობა, მთავრობა იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეხმო ,,უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტი. არ გეშინიათ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეგიშლით ამ რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში?
ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ, არა მხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა, არამედ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რამაც 15 დეკემბრამდე უნდა მიგვიყვანოს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან.
პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?
გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ…. ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც „strings attached", უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე.
იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს.
როდისთვის ფიქრობთ ამ პროექტის დასასრულამდე მიყვანას?
ვფიქრობ, პროცესია მნიშვნელოვანი. ის, თუ რას ვგრძნობთ. მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური.
ქართული მთავრობის ეს პრორუსული პოზიციონირება შესაძლებელია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება.. სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრორუსულმა პრემიერმა ფუკომ შეწყვიტა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ხომ არ შიშობთ, რომ საქართველო იგივე გზით შეიძლება წავიდეს?
ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში, ამ სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები.
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ პარიზში იმყოფებით ,,პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში. რა აზრის ხართ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, მოუწოდებთ თუ არა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ?
მე არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი როლი. მე განადგურებული ვარ მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ საუკუნოვანი სოლიდარობა გვაკავშირებს ისრაელთან და კარგად გვესმის, რომ ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია და ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ არის ტრაგიკული, დრამატული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს დრამატული სიტუაციები და მე არ შემიძლია არ დავინახო ბავშვები…
ღაზაში…
…იმ მდგომარეობაში, რაც თქვენ აჩვენეთ. ყოველდღიურად ვხედავთ სიტუაციის დამძიმებას და ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იპოვოს გამოსავალი.
გმადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო, რომ იყავით ,,France 24“-ზე.