ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხთან FREEДOM UATV English

ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხთან FREEДOM UATV English 

ქალბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მაყურებლებისა და ქვეყნის სახელით ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩვენი არხისთვის, ჩვენი აუდიტორიისთვის გამონახეთ დრო. ჩვენ თქვენი და თქვენი ერის ძალიან მადლიერები ვართ, რომელიც ასეთ რთულ პერიოდში გვეხმარება. ჩემი პირველი შეკითხვა მხარდაჭერაზე იქნება. ჩვენ ქართველი ხალხისგან უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს და ამას ყოველდღე ვგრძნობთ. მაგრამ მეორე მხრივ, იყო ნიშნები, რომ პარლამენტი, ასე რომ ვთქვათ, მხარდაჭერაში ნაკლებად აქტიური იყო, განსაკუთრებით ახლა. ის რუსეთის ფედერაციის მიმართ უფრო ფრთხილია. შეიძლება ეს პირველი შთაბეჭდილებაა, მაგრამ ჩემი შეკითხვა შემდეგია - ამ სიტუაციაში არ ეშინიათ თქვენი საზოგადოების მხარდაჭერისა და ნდობის დაკარგვის?  

თქვენ მეკითხებით, მათ, ანუ პარლამენტს, მთავრობას, რისი შეიძლება ეშინოდეთ და რისი არა. ჩემთვის მათ ნაცვლად პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ვფიქრობ, რაც დღეს მნიშვნელოვანია და თქვენ ძალიან სწორი ხართ ამაში, ქართველი ხალხისა და ქართველი ერის სრული მხარდაჭერაა. და ეს ძალიან, ძალიან ნორმალურია, რადგან ეს ბრძოლების ძალიან ხანგრძლივი ისტორიის ანარეკლია, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო, რომელიც ჩვენ ერთად გვქონდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის ტყვეობაშიც ორივე ჩვენი ერი იყო. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო გამოცდილება, ასე რომ, ის [მხარდაჭერა] არ შეიძლება იყოს განსხვავებული და არ შეიძლება იყოს განსხვავებული იმ ქვეყნისგან,  რომელსაც დღემდე რუსეთის მიერ ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. შეიძლება, ისეთივე შესაძლებლობები არ გვქონდეს, როგორიც ჩვენს ზოგიერთ ევროპელ პარტნიორს, რომ ეს მხარდაჭერა მატერიალური თვალსაზრისით გამოვხატოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის მორალურ მხარდაჭერაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. და თუ ჩემს სიტყვას რაიმე მნიშვნელობა, და რაიმე ძალა აქვს, ეს არის იმისთვის, რომ იმ ხალხს წარმოვადგენდე, ვინც ამის გამო ამირჩია, რადგან მე წარმოვადგენ როგორც ქართულ ემიგრაციას, რომელმაც საქართველო 1921 წლის რუსული ოკუპაციის დროს დატოვა და იმიტომ, რომ მე საქართველოს ჭეშმარიტად პროევროპულ ნაწილს წარმოვადგენ, რომელიც ამ მოსახლეობის უმრავლესობაა, დანარჩენზე სხვებმა უნდა გასცენ პასუხი.

დიახ, რა თქმა უნდა. საქართველოს პოლიტიკაში ერთიანობაზე საუბრისას ჩნდება კითხვა, რადგან ბოლო დროს ამ ერთიანობაზე ევროკავშირიც კი ხშირად საუბრობდა და მინდა პრეზიდენტ ფონ დერ ლიენის ციტატაც მოვიყვანო, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა სტრუქტურული ფორმისა და ევროკავშირისკენ მკაფიო გზა შეიმუშაოს. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე საქართველო შევაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის მთელ რიგ პირობებს.“ და ამის გამო გკითხავთ, როდის ექნება  საქართველოს ეს ერთიანობა პოლიტიკაში? შესაძლოა, ამ სიტუაციაში უკრაინის ომმა ხელი შეუწყოს, ან შესაძლოა, სანქციები, ვთქვათ, საქართველოს ძლევამოსილი ოლიგარქების მიმართ, დაეხმაროს ამ სიტუაციაში ამ ერთიანობის ჩამოყალიბებაში.

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობა რომელიმე ევროპელ კომენტატორს არ მოუგონია. ვიცით, რომ საქართველოში უკიდურესად პოლარიზებულები ვართ, შესაძლოა, ხალხი უფრო ნაკლებადაა პოლარიზებული, ვიდრე პოლიტიკური პარტიები და ეს ბოლო წლების შედეგია და პოლარიზაცია სულ უფრო იზრდება. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ვფიქრობ, დღეს ზოგიერთი დიდი ქვეყანა აწყდება იმავე, ძალიან დიდ, მე ვიტყოდი, ტრაგედიას ქვეყნისთვის, ტრაგედიას განსაკუთრებით  საქართველოსთვის, იმ დროს, როცა ყველაზე დიდი შანსები გვაქვს ევროკავშირისკენ უფრო სწრაფად წავიდეთ, და ეს დაჩქარება, რა თქმა უნდა, აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელების უკიდურესად მამაცი ბრძოლის დამსახურებაა, და იმას, თუ როგორ ავლენს უკრაინა ამ სოლიდარობას.  

მე ვიყავი დეპოლარიზაციის დიდი მომხრე და ვცდილობდი ამაზე საზოგადოებასთან მემუშავა, ასე არ მოხდა, ჩვენ ვერ შევძელით. ვფიქრობდი, რომ ორი საკითხია, რომელზეც დეპოლარიზაციას უნდა მიგვეღწია, ესაა ევროინტეგრაცია და უკრაინის მიმართ სოლიდარობა, და ეს ხალხში მიღწეულია. მათ ეს თბილისის ქუჩებში მრავალჯერ აჩვენეს, მაგრამ ეს პოლიტიკურ პარტიებში მიღწეული არ არის და მე მათ გასაერთიანებლად საშუალება არ მაქვს. მე ისინი ერთად ერთხელ მოვიყვანე სწორედ ამ ოთახში, რათა შარლ მიშელის დოკუმენტზე ერთობლივად მოეწერათ ხელი და დღეს მეჩვენება, რომ ეს სხვა საუკუნეში იყო, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით მართლაც დიდი ნაბიჯის გადასადგმელად. ისევე როგორც ,,ასოცირებული ტრიოს“ ბათუმში შეხვედრისას, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი სანდუ და მე ვხვდებოდით შარლ მიშელს, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. ვფიქრობ, რომ იქაც იყო ეს დიდი ნაბიჯი საქართველოს მისწრაფებისკენ, რომელიც ქართველი ერის ძალიან ძველი, საუკუნოვანი მისწრაფებაა.  უეცრად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ქრება ეს ერთგვარად და ეს ისაა, რაზეც მე ძალიან ვღელავ, რაზეც ქართველი მოსახლეობა ძალიან ღელავს. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ეს შანსები არ გავუშვათ.

ვის შეუძლია დახმარება ამ დღის წესრიგზე დასაბრუნებლად? ხალხს?

ხალხს. ეს მათ ხელშია, და ეს ძალიან რთულია. მე ყოველ მეორე დღეს მადანაშაულებენ, რომ რეალური ძალა არ მაქვს. მე საუბრის ძალა მაქვს, ქვეყანაში საუბრის და ვფიქრობ, რომ ხალხის დიდი ნაწილი მისმენს, მე მაქვს ქვეყნის გარეთ საუბრის ძალა. დიდი იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობა მექნება შევუერთდე ყველას, ვინც 24 თებერვალს უკრაინისთვის გაერთიანდება. სად იქნება ეს, ჯერ არ ვიცი, არ ვიცი ზუსტი გეგმები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ყველასთან ერთად იყოს წარმოდგენილი იმიტომ, რომ საზღვრებს მიღმა ერთიანობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ყველა და ყველაფერი, ვინც რაიმეს აკეთებს საქართველოს უკრაინისგან გამოსაყოფად განცხადებებით, გაუგებრობებით, არ ვიცი რა ვუწოდო, ეს მხოლოდ ერთი მოთამაშისთვისაა და ეს რუსი მეზობელია. ჩვენი მოვალეობაა ერთიანები ვიყოთ მიუხედავად ნებისმიერისა, ვინც ჩვენს დაყოფას ცდილობს.    

იმედია. ხალხზე საუბრისას, მინდა გკითხოთ, როგორც ერის ლიდერს, ომის დაწყების შემდეგ ბევრი ლტოლვილი გვყავს და სექტემბრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შემდეგ ასევე ბევრი ლტოლვილი გყავთ, ამასთან ერთად, ეს ხალხი ერთდროულად, ერთ ადგილასაა შეკრებილი. როგორ ახერხებთ ქართველების დამოკიდებულებების დაბალანსებას იმ ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლებისა, რომლებიც ცხელ ომში არიან? როგორ ახერხებთ ამას? განსაკუთრებით საინტერესოა რუსების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ 1992 და 2008 წლის ომებში და 2004 წელს აჭარის კრიზისში ჩაერივნენ, როგორც „უფროსი ძმები“.

ეს ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში, ისინი აჭარაში არ ჩარეულან. იყო დრო, როცა, ასე რომ ვთქვათ, რუსეთი რაღაცების მოხდენის საშუალებას იძლეოდა. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს საქართველოს ძალიან სპეციფიური თვისებაა, შეიძლება ტრადიციები, შესაძლოა, ტოლერანტობა, როგორც ამას ჩვენ წარსულში ვუწოდებდით, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს ძალიან ძლიერი მახასიათებელი იყო, ამიტომაცაა, რომ ერთად მცხოვრები უმცირესობები გვყავს რეგიონის თითქმის ყველა ადგილიდან. ჩვენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები გვყავს, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომის მიუხედავად, მაინც ახერხებენ მშვიდობიანად ცხოვრებას, ასე რომ, ეს ძველი ტრადიციაა.

არაბები ქვეყანაში მიღებულები იყვნენ მაშინ, როდესაც საქართველო ქრისტიანობას იცავდა. ასე რომ, ეს ძალიან უცნაურია და ეს ქართული სასწაულის ერთი ნაწილია. სხვა საქმეა, რომ ჩვენ მხოლოდ სასწაულების არ უნდა გვჯეროდეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ გასული წლის მანძილზე რაიმე სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა არც ქართველებსა და არც იმ რუსებს შორის, რომლებიც ჩამოვიდნენ. ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ტერიტორიები ოკუპირებულია და სხვა ბევრი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც მსგავსს სიტუაციას მიიღებდა. და არ ყოფილა რაიმე ინციდენტი უკრაინელებსა და რუსებს შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს დაპირისპირებები და სიტყვების გაცვლა, მაგრამ მეტი არაფერი.     

და ეს ისაა, რაც ასე უნდა შევინარჩუნოთ. და ასე რომ შევინარჩუნოთ, და მე ამას დაჟინებით ვითხოვ, ჩვენ სიტუაციაზე სრული კონტროლი უნდა გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის ქვეყანაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საქართველოში დარჩენის უფასო საშვი არ ჰქონდეთ. ასე რომ, მე სავიზო რეჟიმის გადახედვის და სავიზო პერიოდის შემცირების მომხრე ვარ, რათა გარკვეული დროის შემდეგ გვქონდეს შანსი გადავხედოთ, თუ რას აკეთებენ. ვფიქრობ, რომ მეტი შემოწმება და კონტროლი უნდა გვქონდეს იმაზე, თუ ვინ რა ქონებას ყიდულობს საქართველოში, ვინ რა პროფესიაშია ლიცენზიით თუ ლიცენზიის გარეშე, ტაქსის მძღოლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მოსახლეობას დაცულობის განცდა არ ექნება, განცდა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ და შემდეგ ჩვენ სხვადასხვა სახის, ასე რომ ვთქვათ, დაძაბულობა გვექნება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. 

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაცია მშვიდობიანად შევინარჩუნოთ, რომ ციფრებს არ მივცეთ საშუალება... და ამიტომაა რომ რუსეთთან ფრენების გახსნას ვეწინააღმდეგები, არ ვფიქრობ რაიმე მიზეზი არსებობს, რომ ქვეყანამ, რომლის 20% ოკუპირებულია აღადგინოს ის ფრენები, რომელიც რუსეთის მიერაა გაუქმებული, თითქოს რაიმე მიზეზი ჰქონდათ სანქციების დაწესების და ეს საკმაოდ აბსურდულია. ასე რომ, ერთია სტუმართმოყვარეობა იმ ხალხის მიმართ, რომელთა უმრავლესობა პუტინის დიდი მხარდამჭერი არაა და რა თქმა უნდა, არც ომის. სხვა საქმეა, რომ სტუმართმოყვარე არ იყო იმ დონემდე, რომ სულელი აღმოჩნდე.  

და ლეგალური ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, ლეგალური ინსტრუმენტი.

მაგრამ ერთი მხრივ, გავიგეთ ინფორმაცია, რომ ათასობით რუსმა უკვე მიიღო ან ექნება შანსი საქართველოში მოქალაქეობა მიიღოს.  ამ სიტუაციაში არის იმის რისკი, რომ ეს ხალხი ახალი ქართული პასპორტით გამოყენებულები იქნებიან მომავალში პოლიტიკურ კონკურენციაში?

ეს სიმართლე არაა, რადგან ეს ერთ-ერთი ისაა, რაც მე ვაკონტროლებ, თითქმის. რუსი ეროვნების ხალხმა, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უნდა გაიარონ კომისია, რომელშიც მე წარმომადგენლები მყავს. ჩემი წარმომადგენლები რუსების მოქალაქეობაზე მოთხოვნას არ დათანხმდებიან გარდა ორი გამონაკლისისა: ერთი ქართული წარმოშობის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ და აქ ჩვენ ვაკონტროლებთ, როგორი იყო მათი წარსული.

მაგრამ თუ ქართველები არიან, ქართულად საუბრობენ, შეგვიძლია დადებითი [პასუხი] გავცეთ, შეგვიძლია, ავტომატური არაა. და მეორე, და ეს ორჯერ გავაკეთე, იყო სპორტსმენებისთვის, მაგრამ ეს ასევე ისაა, რის გაკონტროლებასაც ვაპირებ, რადგან თუ ეს ხდება, მაგალითად, ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებების გვერდის ავლით, მაშინ არა, თუ ეს ინდივიდუალურია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ მიგვინიჭებია. ახლახანს ერთი ქალი მოციგურავისთვის, მაგრამ ესენი გამონაკლისები იყო. ეს ისაა, რაზეც მე მართლა ვღელავ და ვაკონტროლებ.    

ამიტომაა საინტერესო. საინტერესო იყო ამის ხაზგასმა თქვენი გადმოსახედიდან. მოდით ეკონომიკურ გავლენაზე ვისაუბროთ, რადგან როგორც ვიცით, გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო გამოგზავნილი და შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირი გაუფრთხილებლობა იყოს საქართველოს ეკონომიკაში. რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდა და ვციტირებ: „2022 წლის დეკემბერში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 11%-მდე გაიზარდა და მშპ 2022 წელს 10%-ით გაიზარდა“. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს ფული საქართველოსთვის კარგია და ის საქართველოში უნდა იყოს დახარჯული, მაგრამ მინდა გკითხოთ, რა არის თბილისის გეგემები ამ თანხებთან მიმართებაში. დაიხარჯება თუ არა ის ახალ საწარმოებზე, თუ მაგალითად, ბათუმის მსგავსს ქალაქებში შეიძლება მეორე დუბაი ვნახოთ? სად დახარჯავთ ამ რუსულ ფულს?  

არ მგონია, რომ სტრატეგიაა, არ მინახავს. ეს კიდევ ერთი რამაა, რაზეც ვფიქრობ, რომ კონტროლი და სტრატეგია უნდა გვქონდეს. ცხადია, მე არ ვარ იმ ეკონომიკური მიზნების ნაწილი, რომელსაც მთავრობა აყალიბებს. ვფიქრობ, დიახ, საქართველომ ნაწილობრივ სარგებელი მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც აშკარად გარკვეული თანხით ჩამოვიდნენ. თუმცა, ეს ერთგვარი საშუალო კლასია, ისინი ძალიან მდიდარი ხალხი არაა, რომლებიც სხვაგან წავიდნენ: ევროპის ქვეყნებში, თურქეთში, ან მეზობელ ქვეყნებში. ასე რომ, ამან ნაწილობრივ სარგებელი მოუტანა ქართულ ეკონომიკას იმ ხალხისგან, რომლებიც პირველი ტალღის, ან მობილიზაციის ტალღისას ჩამოვიდნენ.

ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა გავაკონტროლოთ ჩვენს ტერიტორიაზე რა ხდება. ჩვენი ბანკები ძალიან მკაცრად კონტროლდება რადგან ისინი საერთაშორისო სანქციებით კონტროლდება და ისინი ძალიან მოწადინებულები არიან, რომ დამორჩილდნენ [საერთაშორისო სანქციებს], რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იციან, რომ პირდაპირ რისკის ქვეშ იქნებიან და ბანკისთვის ეს მთავარი რისკია. ამ ტიპის კონტროლიც მთავრობის ხელთაა და ეს ასევე უნდა განისაზღვროს. ვფიქრობ, ჩვენი ინვესტიციები ევროპისკენაცაა მიმართული - ეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არსებობს რუმინეთთან, კაბელები შავი ზღვის ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებშიც ინვესტიციები ჩაიდება. მესმის, რომ ანაკლია ერთ-ერთი პრიორიტეტია. მე ვიმედოვნებ ეს ფული კარგ მიზეზს მოხმარდება.   

ახლა გამახსენდა, რომ ერთხელ, 2000 წლის ბოლოს რუსეთმა საქართველოსთან ვაჭრობა სრულიად შეწყვიტა და თქვენ ქვეყნებს შორის ზემო ლარსიც კი ჩაკეტილი იყო. ანუ ეს იყო დრო, როდესაც რუსული პროდუქტების გარეშე ცხოვრობდით და ეს ჩვენთვის, უკრაინელებისთვის ძალიან საინტერესო იყო, რატომ არ წყვეტთ რუსეთთან ვაჭრობას თუ დროის საკითხი არაა ამჟამად?  

ეს ისაა, რასაც ჩვენ სრულიად ვერ ვაკონტროლებთ, რადგან ლარსის გამშვები პუნქტი მხოლოდ ჩვენი პუნქტი არაა. ის ასევე სომხეთისაა, რომელსაც სხვა გარე შესაძლებლობები არ აქვს, და თურქეთისთვის. ჩვენ იმ რეგიონში ვართ, სადაც ერთადერთ გადაკვეთის პუნქტს დავბლოკავდით, იმას, საიდანაც, როგორც უკვე ვახსენე, ქართველები საქართველოში ბრუნდებიან. ერთია, როცა საქართველოზე იყო დაწესებული, მაგრამ საქართველოს დღეს არ შეუძლია პირდაპირ, უეცრად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არა თუ ბევრმა, რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ მიიღო, რომ სრულიად დაბლოკოს იმპორტი, ბურღულეულისაც კი და სხვა მსგავსი პროდუქტების. დღევანდელ სიტუაციაში, ეს საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება. ასე რომ, არსებობს რისკები, რომლებიც უნდა დაბალანსდეს და ეს არის სათანადო ბალანსის საკითხი.  

გასაგებია. სავარაუდოდ, ბოლო შეკითხვა ჩვენი მაყურებლისთვის და უკრაინელებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში თქვით, თუ სწორად მახსოვს,  რომ იმედოვნებით უკრაინის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ყველა ტერიტორიის დაბრუნებას. ასე რომ, ჩემი შეკითხვაა, როგორ ხედავთ ამ პროცესს? იქნება დიპლომატიური თუ სამხედრო, თუ სხვა ინსტრუმენტები? და კიდევ ისმის კითხვა, რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უკრაინის გამარჯვებამდე? მაგალითად, რედაქტორებთან ვსაუბრობდით, შესაძლოა, აფხაზეთის საზღვარზე ჯარისკაცების კონტინგენტის განთავსება ტერიტორიის ამ ნაწილიდან რუსების ყურადღების გადასატანად. ბოდიში, ეს უბრალოდ იდეაა. ინსტრუმენტები, როგორ უნდა გაკეთდეს.

ინსტრუმენტები არ გვაქვს. ინსტრუმენტები რომ გვქონდეს, არ ვიცი, გამოვიყენებდით თუ არა. მაგრამ ჩვენ ინსტრუმენტები არ გვაქვს, რადგან ჩვენ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული სამხედრო ძალები გვყავს. ჩვენ 2 უზარმაზარი სამხედრო ბაზა გვაქვს, ერთი აფხაზეთში, მეორე კი, ცხინვალის რეგიონში. მესამე რუსების სამხრეთ სარდლობაა და მეოთხე არის უკან, რომელიც სომხეთია და შემდეგ გვაქვს შავი ზღვის ფლოტი, ქართული ფლოტის გარეშე. ასე რომ, სიტუაცია ძალიან ნათელია, ჩვენ ამით ვერ ვითამაშებთ და არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტი, რომ ის მოსახლეობა, რომელიც  აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებთანაც გვინდა, რომ ხვალ გავერთიანდეთ. ტერიტორიები არაა იმდენად, რისი გაერთიანებაც გვსურს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ აუცილებლად გავაერთიანოთ ეს მოსახლეობა და შევიყვანოთ ისინი ევროპაში.

და ამას ვამბობ, რომ ქართველები, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი ნებისმიერ დროს, როდესაც ეს მოხდება და ეს აშკარად უკრაინელების ხელშია, მხოლოდ უკრაინელების ხელში, რადგან თქვენ სრული უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც განსაზღვრავს როგორ, რა დროს და როგორ უნდა წავიდეს საქმე შეთანხმებისკენ. მაგრამ იმ დროს, და არა იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, მე საქართველოსთვის ვსაუბრობ და მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ის, რაც მთელ ევროპას უნდა სურდეს, რადგან (და მე ამის შესახებ 2008 წლის ომამდე, ყირიმისა თუ უკრაინაზე მიტანილ აგრესიამდე მრავალი წლით ადრე დავწერე), დარწმუნებული ვარ, რომ სანამ რუსეთს არ მოუწევს ტერიტორიებიდან უკან დახევა, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის და რომლებიც ასევე მოიცავს იაპონურ კუნძულებს, მანამ სანამ ეს ასე რჩება, იმ ხალხის გონება, მენტალიტეტი, შეიძლება პუტინი არ იყოს, ვინც იქნება, მეზობლების და ევროპის წინააღმდეგ ერთნაირად იმოქმედებს და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს უარესდება და უარესდება. ის არ უმჯობესდება; ის უფრო და უფრო საშიში ხდება. ასე რომ, ეს არის ჩვენი საერთო მომავალი და ჩვენი საერთო ინტერესი.

აბსოლუტურად. ანუ თქვენ უზარმაზარ ფსონს დებთ უკრაინის გამარჯვებაზე 

რა თქმა უნდა.

და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი სრული დახმრების ამ გამარჯვების დაჩქარებაში.  

დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ დღეს მსოფლიო ორ კატეგორიადაა გაყოფილი. ერთი, რომლესაც სჯერა და ესმის, რომ შესაძლებელია რუსეთის დამარცხება და მეორე - რომ შეუძლებელია. დიდხანს მიცხოვრია, ვცხოვრობდი იმ დროს, როდესაც იგივე რაღაც მოხდა საბჭოთა კავშირზეც, ორად იყო გაყოფილი და ხალხი ფიქრობდა, რომ სიგიჟე იყო იმაზე ვიფქრი, რომ საბჭოთა კავშირი ერთ დღეს არსებობას შეწყვეტდა. მე იმ ხალხს მივეკუთვნები, რომლესაც სჯერა [რუსეთის დამარცხების].

მოთმინებასა და ძალას გისურვებთ.

პირველ რიგში, თქვენ.

დიდი მადლობა!

და შეიძლება დავამთავრო იმით, რომ დიდი იმედი მაქვს 24 თებერვალს იმ ნებისმიერი ფორმატის ნაწილი ვიქნები, ეს იქნება სოლიდარობის აღნიშვნა და ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ, რომ ამ სტრატეგიას გაუძლონ ისეთივე დიდი ერთობით, ისეთივე დიდი გამძლეობით, როგორსაც აქამდე აჩვენებენ.

გულითად მადლობას გიხდით, დიდი მადლობა!

მადლობა!

 

სხვა სიახლეები